ალექსანდრე ჩივაძე: ყველა თამაშს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები უეფას 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს.

5 და 9 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ ორ გასვლით მატჩს ჩაატარებს ლუქსემბურგსა და სლოვაკეთში.

ამასთან დაკავშირებით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ალექსანდრე ჩივაძემ "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლებს იმ ფეხბურთელთა სიაც გააცნო, რომლებიც პირველი ორი თამაშისთვის გამოიძახა.

ესენი არიან:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), კახა მეშველიანი ("ზესტაფონი"), გაბრიელ თებიძე (უგუნდოდ)
მცველები: არჩილ ტვილდიანი ("სიონი", ბოლნისი), მამუკა კობახიძე, გიორგი გაგნიძე (ორივე "დილა", გორი), სოლომონ
კვირკველია ("რუბინი", ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), დავით უბილავა ("ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ლაშა ჩაფიძე (ორივე - "სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი პაპავა ("დინამო" თბილისი), ლაშა პარუნაშვილი ("სიონი", ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), მერაბ გიგაური ("ტორპედო", ქუთაისი), დავით კირკიტაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე - "ჩიხურა", საჩხერე)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), ნიკა კაჭარავა ("რუბინი", ყაზანი, რუსეთი), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი).

ამ 22 ფეხბურთელიდან მთავარი მწვრთნელი თან 21 მოთამაშეს წაიყვანს.

"იმედია, ჩვენს წასვლამდე ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება. თუ არა და გვყავს რეზერვი და ჩავანაცვლებთ. 2 სექტემბერს ყველა ლუქსემბურგში შევიკრიბებით. პირდაპირ იქ ჩამოვლენ ჩვენი ლეგიონერებიც.

ერთს ვიტყვი, რომ ყველა თამაშს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. მნიშვნელობა არ აქვს, ლუქსემბურგი იქნება ეს, შოტლანდია თუ ჰოლანდია.

დღესდღეობით სუსტი მეტოქე უკვე აღარ არსებობს, ყველამ წინ წაიწია. ამიტომ საკითხს ისე უნდა მივუდგეთ, ჩვენ თავად რას წარმოვადგენთ და ჩვენი ძალები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ევროპის ჩემპიონატი 2015 წელს, ჩეხეთში ჩატარდება და ჩვენ შორსმიმავალი გეგმები გვაქვს. კიდევ ვიმეორებ, თითოეულ თამაშს მაქსიმალური კონცენტრაციითა და სერიოზულობით უნდა მივუდგეთ.

რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას დისკვალიფიკაციას, ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი იმის შესახებ, რომ ეს მხოლოდ კლუბზე ვრცელდება. ასე რომ, არანაირი პრობლემა არ არის და გიორგი ნაკრებში ითამაშებს"
- განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი III ჯგუფში იასპარეზებს ჰოლანდიის, შოტლანდიის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის 21-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად.

5 სექტემბერს Stade Municipal de Dipperdange-ზე ლუქსემბურგი-საქართველოს შეხვედრა გაიმართება.

იმ დღესვე ითამაშებენ ჰოლანდია-შოტლანდია. 9 სექტემბერს, სენეცში, National Training centre-ზე საქართველოს ნაკრები უკვე სლოვაკეთს დაუპირისპირდება. ჯგუფის მეორე თამაში კი ლუქსემბურგი-ჰოლანდიაა.

აქვე გეტყვით, რომ შესარჩევი ციკლის პირველ საშინაო შეხვედრას ალექსანდრე ჩივაძის გუნდი 10 ოქტომბერს, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 14 ოქტომბერს კი შოტლანდიელებს ვუმასპინძლებთ.

ჩვენმა "თანაჯგუფელმა" სამმა გუნდმა კი პირველი შეხვედრები უკვე ჩაატარა. 25 მარტს შოტლანდიამ ლუქსემბურგი დაამარცხა - 3:0, 11 ივნისს კი ლუქსემბურგი-სლოვაკეთის მატჩი გაიმართა და სლოვაკთა დამაჯერებელი გამარჯვებით - 7:1 დასრულდა. ასე რომ, ამ ეტაპზე სამ-სამი ქულით ჯგუფს სლოვაკეთი და შოტლანდია ლიდერობენ.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული