U21. საქართველო VS შოტლანდია - ფსიქოლოგის ფაქტორი

AutoSharing Option
14 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიას ეთამაშება და ჰოლანდიასთან 0:6-ის შემდეგ სწრაფი რეაბილიტაციის შანსი ეძლევა.

შეხვედრა 15:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს II არხი განახორციელებს.

ევროპის ძლიერი საფეხბურთო ქვეყნების მედიაში ასაკობრივი ნაკრებების მატჩებს დიდი ყურადღება არ ეთმობა, სანამ ისინი ფინალურ ეტაპამდე არ მიაღწევენ. ჩვენთან სხვა სინამდვილეა - ახალგაზრდული ნაკრები ის იმედია, რამაც მალე მაყურებელი უნდა მიიყვანოს სტადიონზე. ეს კი მაშინ უნდა მოხდეს, როცა ეს ახალგაზრდები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გახდებიან.

21-წლამდელთა ნაკრებში ზოგი უკვე დაოსტატებული ფეხბურთელია,
ზოგიც აწი უნდა დაწინაურდეს - ასეა ყველგან, ინდივიდუალურია ფეხბურთელის ზრდის ტემპი.

ახალგაზრდულ ნაკრებს ასაკობრივ გუნდს აღარ ეძახიან - ასეთია თანამედროვე ფეხბურთის ტენდენცია, რადგან 21-წლამდელთა გუნდის ბევრი ფეხბურთელი უკვე პროფესიულ დონეზე თამაშობს.

ისეც მომხდარა, ფეხბურთელს ახალგაზრდულ ნაკრებში რომ არ უთამაშია და მერეღა გამხდარა მეგავარსკვლავი. ჩვენთანაც იყო მსგავსი რამ - გიორგი ქინქლაძეს და შოთა არველაძეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში არ გაუვლიათ გზა ეროვნულ გუნდამდე.

საქართველოს დღევანდელი ახალგაზრდული ნაკრები კარგი გუნდი ჩანს, ოღონდაც, ჰოლანდიასთან 0:6 ისეთია, მალევე რომ ითხოვს საქმის გამოსწორებას. თუ ჩვენმა 21-წლამდელებმა შოტლანდიას მოუგეს, ჯგუფიდან გასვლის შანსი ისევ შერჩებათ.

რომ არა საინტერესო კონტინგენტი, ალექსანდრე ჩივაძე ამ გუნდის გაწვრთნას არ დათანხმდებოდა - ასეთია ვარაუდი. ჩივაძემ იცის ფეხბურთელის ფასი, აქვს კარგი გემოვნება, თუმცა ახალგაზრდული ნაკრები რომ ჩაიბარა, მანამდე არცთუ მცირე პაუზა ჰქონდა სამწვრთნელო კარიერაში, დინამიკა კი მწვრთნელისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

14 ოქტომბერს ჩივაძის გუნდს ბოლო შანსი აქვს - თუ ფეხი დაუცდა, ჯგუფიდან გასვლის ოცნებას უნდა დაემშვიდობოს.

საინტერესოა, ფსიქოლოგიურად როგორ მოამზადა ჩივაძემ გუნდი დღევანდელი თამაშისთვის. ეს ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელის, როგორც ფსიქოლოგის, როლი განსაკუთრებულია. 0:6-ის მერე ფეხბურთელებს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური წნეხი რომ აქვთ მოსახსნელი, ამის მიხვედრა ძალიან ადვილია.

გიორგი ილურიძე კი ისევ გამოაკლდება ახალგაზრდულ ნაკრებს. ჯერ ითქვა, რომ მას ტრავმა ჰქონდა; მერე გვითხრეს, რომ სამუშაო ვიზის საკითხი ჰქონდა მოსაგვარებელი ხორვატიაში და 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან მატჩისთვის ვერა, მაგრამ 14 ოქტომბერს შოტლანდიასთან ნაკრებში იქნებაო. მატჩის წინა დღეს კი წერტილი დაესვა ყველაფერს - ილურიძე შოტლანდიასთანაც არ იქნება.

არ ვიცი, რა პროცედურებთან არის დაკავშირებული სამუშაო ვიზის აღება თუ გახანგრძლივება ხორვატიაში, მაგრამ რაღაც უცნაურ შემთხვევასთან რომ გვაქვს საქმე, ფაქტია.

ილურიძე ის ფეხბურთელია, მოედანზე ცეცხლის დანთება რომ შეუძლია. კარგი მონაცემები რომ აქვს, გორის "დილას" ევრომატჩებშიც დაამტკიცა. მან უკვე გაჭრა ფანჯარა ევროპაში, "ჰაიდუკის" ფეხბურთელია და თუ ხორვატიაშიც გამოიჩენს თავს, უკეთესი ქვეყნის უკეთეს გუნდშიც მოხვდება. ამ საქმეში კი მას ნაკრების ფეხბურთელის სტატუსიც დაეხმარება.

კარგი ტრანსფერი ისეთი თემაა, მარტივად რომ არ გამოდის. ანუ აქ ორმხრივ ინტერესთან გვაქვს საქმე - ნაკრებს კარგი ფეხბურთელი სჭირდება, ფეხბურთელს კი ნაკრები - კარგი ტრანსფერისთვის.

ილურიძის გარდა, ახალგაზრდულ ნაკრებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ნიკა ძალამიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ირაკლი ქობალია და ჯანო ანანიძეც გამოაკლდნენ. ჰოლანდიასთან მიღებული წითელი ბარათის გამო ნიკა კვეკვესკირიც ვერ ითამაშებს; ტრავმის გამო გამოირიცხა მარჯვენა მცველის, არჩილ ტვილდიანის მოედანზე გასვლაც.

ჩივაძე და მისი გუნდი რთულ მდგომარეობაში არიან. საქმეც ეგ იქნება, თუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ყველაფერს სათავისოდ შეატრიალებს...

ევროპის 2015 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. III ჯგუფი
14 ოქტომბერი
საქართველო-შოტლანდია 15:00
სლოვაკეთი-ლუქსემბურგი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 3 3 0 0 11-0 9
2. შოტლანდია 3 2 0 1 5-5 6
3. სლოვაკეთი 3 2 0 1 9-3 6
4. საქართველო 3 1 0 2 3-7 3
5. ლუქსემბურგი 4 0 0 4 1-14 0

მომდევნო მატჩები
14 ნოემბერი
შოტლანდია-საქართველო
სლოვაკეთი-ჰოლანდია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-ჰოლანდია 0:6 - სწავლა მოსწავლეთა [VIDEO]
U21. სლოვაკეთი-საქართველო 1:0 - სლოვაკები მეკარემ გადაარჩინა [VIDEO]
U21. ლუქსემბურგი-საქართველო 0:3 - ჩივაძემ მოგებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული