U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ბოლო ორი წელიწადია, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებმა ისე "მიგვაჩვიეს" წარმატებებით, ამა თუ იმ ფორმაციის გუნდისგან, ელიტ-რაუნდში მოხვედრას ვინ ჩივის, ფინალურ ეტაპზე გასვლასა და იქაც, ლამის არის, მედლები მოვითხოვოთ!

კარგია, რომ ეს მართლაც მშვენიერი ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ვასილ მაისურაძის დამოძღვრილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდში ასპარეზობა ვადაზე ადრე გაინაღდა!

თანაც, იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, როგორ მოახერხეს ჩვენმა ბიჭებმა ამ მიზნის შესრულება: ისე როგორც ორი დღის წინ უელსელ თანატოლებთან მატჩში, გუშინდელ შეხვედრაშიც თვლა არ ჰქონდა ერთიმეორეზე ეფექტურ კომბინაციებსა თუ ცალკეული
ფეხბურთელების ინდივიდუალურ გაბრწყინებებს და ამიტომაც იყო ალალი ის ტაში, მოლდოველებთან მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა გულშემატკივრებისგან რომ დაიმსახურეს.

ოღონდ, წინა მატჩის მსგავსად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი გუშინაც, ფაქტობრივად, ცარიელი იყო - არადა, ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც და ფეხბურთელებიც ბევრად უფრო მეტ აუდიტორიას იმსახურებდნენ.

თანაც, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ელიტრაუნდის საგზური ვადამდე გაინაღდეს - იმიტომ, რომ ამ ორივე მატჩის განმავლობაში ჩვენი ბიჭები ისე თამაშობდნენ, თვითონაც რომ იღებდნენ სიამოვნებას და ქომაგებსაც გულგრილს ვერ ტოვებდნენ!

ჰო, ორივე შეხვედრაში ხომ უამრავი დასამახსოვრებელი და, რაც მთავარია, მონატრებული (!) ეპიზოდი ვნახეთ, როცა ქართველი ჭაბუკები ინდივიდუალურ ოსტატობაში თავიანთ მეურვეებს, რბილად რომ ვთქვათ, აშკარად ჩაგრავდნენ; თანაც, ამ ეპიზოდებში ეს ყველაფერი პუბლიკაზე გათვლილი "ფინტები" კი არ იყო, არამედ კონკრეტული მომენტის ადეკვატური შეფასება-გადაწყვეტილება.

Sportall.Geაქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ალბათ, უმთავრესი ფაქტორიც: ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს საკუთარი გუნდის თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები 100-პროცენტით ჰქონდა შესწავლილი და ჩვენი ბიჭებიც იმპროვიზაციას სრულად ავლენდნენ.

ამავდროულად, არც გუნდური თამაში "ავიწყდებოდათ" და რისი დასტურიც, სათამაშო დისციპლინის დაცვა და ზემოთ ნახსენები ეფექტური კომბინაციებიც გამოდგება.

მოკლედ, ვასილ მაისურაძის (სამწვრთნელო შტაბთან ერთად) გარჯა გვინდა აღვნიშნოთ: ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა ზედიზედ მეორედ შეძლო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ელიტრაუნდში გაყვანა!

ეფექტური გოლები, კომბინაციები...
ახლა კი უშუალოდ გუშინდელ შეხვედრაზეც, რომლის ბედიც საწყის წუთებში გადაწყდა; თანაც, უელსთან მატჩის მსგავსად, გუშინდელი ორივე გოლი ერთიმეორეზე ეფექტური გამოდგა!

მე-4 წუთი იწყებოდა, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი პაპუნაშვილმა სახიფათო შეტევა რომ წამოიწყო, თუმცა საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან მოლდოველებმა, ერთი შეხედვით, ვითარება განმუხტეს. თუმცა მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძის აქტიურობას ის მოჰყვა, რომ ბურთი 17 წლის ლუკა ზარანდიამ მოიგდო და თბილისის "ლოკომოტივის" გარემარბმა ისეთი რეიდი განახორციელა, მეტოქის ოთხი (!) მცველი სახტად რომ დატოვა.

ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული კი ის იყო, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელმა ლუკა კიკაბიძემ მარცხენა ფეხით შესრულებული ილეთით მეურვე ჩამოიცილა, მარჯვენათი კი მოლდოველთა მეკარეს ახლო კუთხეში ზუსტად დაურტყა!

არანაკლებ ეფექტური იყო მეორე გოლი, რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ რომ გავიდა: მარცხენა ფლანგიდან დავით ჯიქიამ ზუსტი პასით გიორგი აბურჯანია მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი გიორგი პაპუნაშვილთან "კედელი" ოსტატურად გაითამაშა, დასარტყამ პოზიციაზეც გავიდა და მერე, ბურთი კოხტად "მოჭრა" შორეულ კუთხეში!

ამ ორმა სწრაფმა გოლმა თამაში ოდნავ "დაამშვიდა", თუმცა ტაიმის მიწურულს ჩვენები ისევ "აფეთქდნენ" და დავით ჯიქიას ორი ჩინებული მომენტიც შეექმნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე ტაიმიც ჩვენი ბიჭების სრული უპირატესობით წარიმართა და ერთი-მეორეზე ეფექტური კომბინაციები ვიხილეთ: გიორგი აბურჯანიას საუცხოო პასით ლუკა ზარანდია რომ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და დავით ჯიქია წინა მატჩის მსგავსად, კვლავაც თავზე რომ უგდებდა ბურთს მეკარეს - ორივე ამ ეპიზოდს, თითქმის ასპროცენტიანი ეთქმოდა.

მატჩის ბოლომდე ეს "სცენარი" არ შეცვლილა: ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა შეეძლოთ მათე ცინცაძეს, გიორგი გოროზიას, დავით ჯიქიასა და ლუკა ზარანდიას. ისე, გუშინდელ მატჩში მოლდოველებმა სამარცხვინო ანგარიშით რომ არ წააგეს, თავიანთ მეკარეს უნდა უმადლოდნენ: პაველ გალაცმა, სულ მცირე, ხუთ-ექვს ეპიზოდში თავისი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
აი, რაც შეხება მეტოქეთა იერიშებს, მსგავსი არც არაფერი ყოფილა: დაცვის ცენტრი უნარიანად ჰქონდათ გადაკეტილი ნიკა ჭანტურიასა და სანდრო გურეშიძეს; ეგ კი არა, მეტოქემ ჩვენს კარში პირველად და... უკანასკნელად მე-60 წუთზე დაარტყა, მაგრამ ჩვენი მეკარე, 16 წლის ბექა ქურდაძე ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. სხვათა შორის, ქურდაძე ამ შესარჩევი ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა!

იმედი დავიტოვოთ, რომ შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში (ორშაბათს რომ უნდა ჩატარდეს) მაინც მივა ქართველი გულშემატკივარი ჩვენი 19-წლამდელების საქომაგოდ - გვერწმუნეთ, ეს ბიჭები ამას ნაღდად იმსახურებენ!

15 ნოემბერი
ჰოლანდია-უელსი 0:0

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 7-1 6
2. ჰოლანდია 2 1 1 0 3-0 4
3. უელსი 2 0 1 1 1-5 1
4. მოლდოვა 2 0 0 2 0-5 0

ბოლო ტური
18 ნოემბერი
მიხეილ მესხი
საქართველო- ჰოლანდია 15:00

დინამო არენა
უელსი-მოლდოვა 15:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ ბიჭებო ძალიან კარგი მომავალი ფეხბურთელები გვეზრდება და იმედია ესენი მაინც უშველიან ქართულ ფეხბურთს...
mamunited7
16:46 16-11-2013
0
მედლები უკვე დაითრიეს ბიჭებმა - მაისურაძის 17 წლამდელებმა მე-3-მე ადგილი დაიკავეს მაშინ!!!
zviad
19:48 16-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული