U19. საქართველო-ჰოლანდია 2:1 - სრულფასოვანი რევანში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი პირველი ქართული ნაკრებია, რომელმაც ჰოლანდია დაამარცხა. ეროვნულის დონეზე აქამდე ამ ქვეყნის გუნდთან არასოდეს გვითამაშია, ასაკობრივებში კი "ტიტების ქვეყნის" გუნდები ხან ადვილად, ხან კიდევ ბრძოლით, მაგრამ ყოველთვის გვიგებდნენ.

მართალია, პირველ ორ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა, მაგრამ ჰოლანდია ლაკმუსის ქაღალდივით არის და ჩვენი გუნდის რეალური შესაძლებლობები სწორედ ამ გუნდთან მატჩში უნდა გვენახა.

ნავსი გატყდა! მაისურაძის ბიჭებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ახალგაზრდა "ჯვაროსნები" ცდილობდნენ, მეტოქე მისივე საჯარიმოში შეებოჭათ და გასაქანი არ მიეცათ. ქართველების ასეთი თამაში, სხვადასხვა
ნაკრებში, ადრეც გვინახავს, თუმცა ეგაა, ეს ჟინი და სათამაშო დისციპლინა მალე ქრება და მეტოქე თავისი საქმის კეთებას იწყებას...

Sportall.Geმთელი მატჩის განმავლობაში სწორედ ამგვარი ჩავარდნის შიში იგრძნობოდა ირგვლივ, მაგრამ მაისურაძის ნაკრებმა აჩვენა, რომ ის სხვა ყაიდის გუნდია - მთელი 90 წუთი იყო ჟინი და ბრძოლა, ფეხბურთელები სათამაშო დისციპლინას თითქმის არ არღვევდნენ. პლუს ამას, იყო აფეთქებებიც, რაც გუნდის თამაშს ხიბლს სძენდა.

უკვე მე-11 წუთზე ჩვენს გუნდში ერთ-ერთი აქტიური, მარცხენა ფლანგის შემტევი ლუკა კიკაბიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. "ალკმაარის" კიპერმა ნიკ ოლეიმ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გიორგი პაპუნაშვილმა იყოჩაღა და ანგარიში გაიხსნა - 1:0.

კიკაბიძე არ ჩერდებოდა. მალე ის დრიბლინგით კვლავ მეკარესთან მარტო დარჩა და ოლეიმ ჰოლანდიელები ამჯერად გადაარჩინა. სახიფათო გამოდგა ლუკა ზარანდიას შეტევაც, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან "აიაქსის" მცველ ჯაირო რიედევალდს 90 წუთის განმავლობაში "ატერორებდა".

ჰოლანდიელები ტაიმის ბოლოს გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტებიც შექმნეს: "გრონინგენის" თავდამსხმელ რიკაირო ჟივკოვიჩის პირველი დარტყმა ბექა ქურდაძემ მოიგერია.

მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჩვენს მცველებს "ჩაეძინათ" და "ჰერენვეენის" ფორვარდ ბილალ ბასაჩიკოღლუს ფლანგური შეტევა ჟივკოვიჩმა თავური დარტყმით დააგვირგვინა - 1:1.

ამას ფეხბურთელები "გასახდელში გატანილ ბურთს" ეძახიან, რაც მეტოქეზე დამთრგუნველად მოქმედებს. პლუს, დასაწყისში ნათქვამიც გავიხსენოთ - ქართველებს მოედანზე ჟინი პირველივე გაშვებულ ბურთზე უქრებათ.

ჩვენი ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ტრადიცია დაივიწყეს, მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარეს და მეტოქე დააჩოქეს.

ჯერ ზარანდიამ სცადა გუნდის დაწინაურება, ილია კერძევაძეს კი ორჯერ ჰქონდა მომენტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე შანსი, როცა კიკაბიძემ ის მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა.

ჰოლანდიელთა კარის ბადე მეორედ მაინც შეირხა: 53-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს ხაზთან პაპუნაშვილს "სამკუთხედი" გაუთამაშა. ბურთი ჰოლანდიელმა მცველმა ჩაჭრა, მაგრამ ისევ აბურჯანიამ მოიპოვა, მცველს გასცდა, მეკარესთან მარტო დარჩა და შეტევა ლამაზად დააგვირგვინა - 2:1.

როგორც ჩვენ ვიცით, რომ ჰოლანდიელებთან სულ ვმარცხდებით, ასევე იციან მათ, რომ სულ გვიგებენ. აშკარა იყო, სტუმრები მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ელოდნენ და ერთი ხანობა დაბნეულები ჩანდნენ. მათ მხოლოდ მატჩის ბოლოს შექმნეს რეალური მომენტები.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ფლანგური გარღვევის დაგვირგვინებას აიაქსელი ელტონ აკოლასტე ცდილობდა, მაგრამ ქურდაძემ ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთზე საოცარი რეაქცია გამოავლინა.

მატჩის მიწურულს კი ჩვენს მეკარესთან მარტო დარჩა ბასაჩიკოღლუ და მიზანს გვარიანად ააცილა.

მსაჯის საფინალო სასტვენმა საქართველოს 19-წლამდელთა დამსახურებული და ლამაზი გამარჯვება დააფიქსირა - 2:1.
ვიდეო: როგორ ზეიმობენ გამარჯვებას ქართველი ბიჭები
Sportall.Ge
ამ თაობამ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში წაგებისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და ჰოლანდიას არათუ კონკრეტული მატჩი მოუგო, არამედ საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც გააგდო.

საქმე ისაა, რომ XI ჯგუფის მერე შეხვედრაში, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართა, უელსმა მოლდოვას 6 უპასუხო გოლი გაუტანა, ჰოლანდიას ბურთების სხვაობით გადაუსწრო და ელიტრაუნდის მეორე საგზური მოიპოვა; ეს კი ის უელსია, რომელსაც მაისურაძის გუნდმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში 5:1 მოუგო...

Sportall.Ge

* * *
ამრიგად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა, შესარჩევის თბილისური ეტაპი უდანაკარგოდ გაიარა და იმედი, რომ ეს თაობა გამორჩეულია, კიდევ უფრო გაამყარა.

ვასილ მაისურაძემაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა ეხერხება. ეს ბიჭები საქართველოში თამაშობენ - "დინამოში", "ზესტაფონში", "დილაში", "ტორპედოში", "საბურთალოში", "მეტალურგში", "ლოკომოტივში"... მაგრამ მათ ბევრად უფრო აზრიანად ითამაშეს, ვიდრე ჰოლანდიელებმა, რომელთა შორის "აიაქსის", "ეინდჰოვენის", "ფეიენოორდის", "ალკმაარის", "გენკისა" და სხვა ცნობილი კლუბების მოთამაშეები გამოდიოდნენ.

დასკვნა მარტივია: მწვრთნელს გუნდში ბევრი რამის გაკეთება და გაფუჭება შეუძლია. მაისურაძემ გააკეთა, სხვებმა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
Tedo რომელ ინტრიგანობაზეა აქ ლაპარაკი? რა შენ იმის თქმა ხომ არ გინდა რომ არცერთი მწვრთნელი არაფერს არ აფუჭებს საქართველოში? ესეიგი ყველაფერი კარგადაა ხომ?
zviadi
08:34 20-11-2013
0
ბოლოს ქეცბაიაზე სერიოზული ნამიოკი იყო :))))
))))
12:56 20-11-2013
0

სიახლეები პოპულარული