ოთარ გაბელია: ფედერაციასთან შევთანხმდი

AutoSharing Option
ოთარ გაბელია კვლავ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის. მართალია, ეს ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციას ჯერ საჯაროდ არ განუცხადებია, მაგრამ თავად ბატონმა ოთარმა დაგვიდასტურა.

გაბელიას ხელმძღვანელობით ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილი დაიკავა. ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა შესაბამისი წინადადებაც დაურთო.

- გავიგეთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს კვლავ თქვენ გაწვრთნით.
- ჯერ კონტრაქტზე ხელი არ მომიწერია.

- თუმცა საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
- შეთანხმება მართლაც არსებობს. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს სურთ, რომ მუშაობა გავაგრძელო.

- შესარჩევ ციკლში მესამე ადგილს წარმატებად მიიჩნევთ?
- შესარჩევი
ციკლის დაწყებამდე რომ მეთქვა, მესამეზე გავალთ-მეთქი, არარეალურ ამოცანად ჩამითვლიდნენ, მაგრამ დავიკავეთ მესამე ადგილი და მერე აღმოჩნდა, რომ ზოგიერთებს ეს შედეგიც არ მოეწონათ. მეც მინდა, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონობამდე მივიყვანო, მაგრამ გასათვალისწინებელია, რა რეალობაში ვიმყოფებით. კარგად მახსოვს, რა განწყობა იყო შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. ბევრი შიშობდა, ოღონდ ბოლო ადგილი არ დავიკავოთო. ბოლოს საქმე ისე წავიდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსიც გაგვიჩნდა, მაგრამ მესამე ადგილზე ჩვენივე მიზეზით გავედით. რა თქმა უნდა, შეცდომებიც გვქონდა, მაგრამ მთლიანობაში ურიგო ფეხბურთი არ გვიჩვენებია, ხალხი რამდენჯერმე გავახარეთ და მესამე ადგილი ურიგო შედეგად არ მიმაჩნია.

- ახლა, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოგიწევთ, წინა ციკლის ლიდერთა უმრავლესობას ვეღარ გამოიყენებთ.
- რამდენიმე ფეხბურთელი მაინც გვეყოლება და უიმედოდ არ ვარ. იგივე ოქრიაშვილი, კვეკვესკირი და სხვები.

- საკონტროლო შეხვედრები ხომ არ დაგიგეგმავთ?
- 3 თებერვლის კენჭისყრას დაველოდებით, მეტოქეების ვინაობას გავიგებთ და ამხანაგურ მატჩებს ამის მიხედვით დავგეგმავთ. არ მინდა, თამაში თანაჯგუფელთან დავგეგმოთ და მერე ახალი მეტოქის მოძებნა დაგვჭირდეს. თუმცა გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს.

- ახალი ციკლიდან ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები კვლავ ერთი და იმავე მოწინააღმდეგესთან ითამაშებენ.
- დიახ, უეფამ ძველი ფორმატი აღადგინა და შესარჩევ ჯგუფებში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ერთი და იმავე ქვეყნების გუნდები დაუპირისპირდებიან.

- ზუგდიდის "ბაიაში" დარჩებით?
- ჯერ იქ არაფერია გადაწყვეტილი.

- ისე, რომელ კლუბშიც კონსულტანტად წახვედით, "ბორჯომში" თუ "ბაიაში", ყველა გაკოტრდ.
- "ბორჯომი" ჩემ ჩასვლამდეც გაკოტრებული იყო, იმის იმედი კი მაქვს, რომ "ბაიას" მალე ეშველება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული