სტადიონები და ბაზები ევროფინალისთვის - რა მოეთხოვება საქართველოს

AutoSharing Option
როგორც ითქვა, ევრო 2017-ის მატჩები თბილისში (სტადიონი "მიხეილ მესხი"), გორში ("თენგიზ ბურჯანაძე"), მცხეთასა ("მცხეთა პარკი") და რუსთავში ("ფოლადი") ჩატარდება. სტუმრების განკარგულებაში იქნება 3 სასტუმრო, რომელთაგან 2 - სპორტსმენებს დაეთმობა, ერთიც - მსაჯებს.

ამ ფაქტში სასიხარულო არა მხოლოდ ტურნირის მასპინძლობაა, არამედ ისიც, რომ 2017 წლისთვის საქართველოს ოთხ ქალაქში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა უეფას სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

საერთაშორისო სტანდარტებს ახლა მხოლოდ "მიხეილ მესხი" აკმაყოფილებს, გორის, რუსთავისა და მცხეთის სტადიონებზე კი დიდი მოცულობის სამუშაოებია ჩასატარებელი.

უეფას სტანდარტი გულისხმობს მოედნის იდეალურ საფარს, თანაც, ბალახის საფარს და
არა - ხელოვნურს. ტრიბუნების ტევადობა მინიმუმ 3 ათასი უნდა იყოს.

გარდა ამისა, აუცილებელია ტაბლოსა და განათების სისტემის დამონტაჟება, პრესცენტრის, პრეს და VIP-ლოჟის, დამხმარე სათავსების კეთილმოწყობა, პარკირების საკითხის მოგვარება. საბოლოოდ, სტადიონები მეორე-მესამე კატეგორიას უნდა აკმაყოფილებდნენ.

"მიხეილ მესხზე" კი ვთქვით, უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს-თქო, მაგრამ რაკი ევრო 2017-ის ფინალური მატჩი თბილისში გაიმართება, ბუნებრივია, საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ვაკის სტადიონსაც ჩაუტარდება.

სხვათა შორის, 19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებს "მიხეილ მესხის" სათადარიგო არენაც მიიღებს, რომელიც ახალი აშენებული კია, მაგრამ უეფას სტანდარტებს ჯერ ვერ აკმაყოფილებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩემპიონატამდე 20 თვით ადრე უნდა დაიწყოს. მაგრამ ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად მხოლოდ ამ ოთხი სტადიონების მოწესრიგება არ იკმარებს. უეფას მოთხოვნაა, რომ სრულ წესრიგში იყოს დამატებით ერთი სტადიონი და პლუს 8 სავარჯიშო მოედანი. ანუ 2017 წლისთვის თანამედროვე, უეფას სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე ახალი საფეხბურთო კერა უნდა გვქონდეს.

უეფას დელეგაცია ზაფხულში ჩამოვა და ფეხბურთის ფედერაციას რეკომენდაციებს მისცემს.

ქალაქებს რაც შეეხება - რუსთავი, გორი და მცხეთა უეფას მოთხოვნითაა შერჩეული: ტურნირის მასპინძელი ქალაქი უახლოესი აეროპორტიდან მაქსიმუმ 80 კილომეტრში უნდა იყოს, სასტუმრო - სტადიონიდან ერთი საათის სავალზე, ხოლო სავარჯიშო მოედანი - ნახევარი საათის.

ნაკრებების დასაბინავებლად საჭიროა ორი 132-ნომრიანი სასტუმრო, ხოლო ერთი 30-ნომრიანი - მსაჯებისთვის. ცნობისთვის, "რედისონში" 280 ნომერია, "ჰოლიდეი ინში" - 270, "შერატონში" - 220, "თბილისი მერიოტში" 127, ხოლო "ქორთიარდ მერიოტში" - 118.

ამ კუთხით, თბილისი, მცხეთა, რუსთავი და გორი მოთხოვნებს ყველაზე უკეთ აკმაყოფილებენ. პლუს, ყველაზე მეტი სავარჯიშო მოედანიც ამ არეალშია.

ესეც ცალკე თემაა. ფინალური ეტაპის 8 მონაწილე "მიხეილ მესხის" ძირითადი სტადიონის გარდა, სათადარიგო მოედანზეც მოემზადება. ამას გარდა, გუნდები იქ ივარჯიშებენ, სადაც ხარისხიანი საფარია. ყველაზე კარგი პირობებია "დინამოს" დიღმის ბაზაზე, ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", "ლოკომოტივის" საგურამოს ბაზაზე, შენდება "ზესტაფონის" და "საბურთალოს" სპორტული კომპლექსები, ხოლო რუსთავში, ფედერაციის საფეხბურთო აკადემიაში, 2 მოედანი კეთდება. იმედია, მანამდე კიდევ 2-3 ბაზა მოეწყობა. ამ კუთხით, პრობლემა არ გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადასარევია რომ საფარი,ბალახი და მოედნები უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს,მაგრამ ასაკობრივი ნაკრებების მცვრტნელთა ხელფასები ნეტავ რომელ სტანდარტებს აკმაკოფილებს,ელემენტარულად საარსებოსაც კი არა
kako
23:46 03-02-2015
0

სიახლეები პოპულარული