ის პირველად 19-წლამდელთა ნაკრებში შარშან, სლოვაკეთში გამართულ ამხანაგურ მატჩში გამოჩნდა. გიორგი დევდარიანი ესპანური "ლევანტეს" ასაკობრივი გუნდის საყრდენი ნახევარმცველით დაინტერესდა და არც შემცდარა.
მოხევიშვილი თბილისში გამართულ შესარჩევ ციკლში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და გარკვეულწილად, მისი კარგი თამაშის დამსახურებაც იყო, ჩვენები ელიტრაუნდში რომ გავიდნენ. თანაც, მოხევიშვილმა კვიპროსთან მატჩში საჯარიმო დარტყმით ნაკრებში საგოლე ანგარიშიც გახსნა.
"4 წლის ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი ესპანეთში დასახლდა. მეც
ახლა "ლევანტეს" რანგით მესამე გუნდში, ჟუვენილ A-ში ვთამაშობ, მერე მოდის დუბლები და პირველი გუნდი. ჩემი მიზანი სწორედ მთავარ გუნდში მოხვედრაა", - ამბობდა მაშინ მოხევიშვილი.
როგორც შევიტყვეთ, ლადოს მამა, ალეკო მოხევიშვილი, გოჩა ჯამარაულისა და მიხეილ ყაველაშვილის თაობის ფეხბურთელი ყოფილა.
"მამაჩემიც ფეხბურთელი იყო და მეც, - ამბობს ალეკო მოხევიშვილი, - მაგრამ დიდი ფეხბურთი არ გვითამაშია. მე მხოლოდ თბილისის ნაკრებში ვიყავი, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ფეხბურთს შევეშვი. მაშინ "დინამოს" გარეთ თუ რჩებოდი, გასაქანი ნაკლები იყო.
ჯერ იყო ჯარი, მერე დავოჯახდი, სამსახური დავიწყე... მაგრამ 15 წლის წინათ, ცხოვრების ასაწყობად, ესპანეთში წასვლა გადავწყვიტე. მერე მოქალაქეობაც მივიღე... რომ იცოდეთ, ლადოც ესპანეთის მოქალაქეა".
ის შვილის კარიერაზეც გველაპარაკა:
"როგორც ძველი ფეხბურთელი, ჩემი აუხდენელი ოცნებების განხორციელების იმედს შვილში ვხედავდი. მინდოდა, დიდი ფეხბურთი ეთამაშა. ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული.
თავიდან ბარსელონას კლუბ "ჯეფიაში" (უბნის სახელია) შევიყვანე. იქ რამდენიმე წელი ვარჯიშობდა და ყველა ასაკში გუნდის კაპიტანი იყო. ცოტა ხანი "ესპანიოლში" იყო, მაგრამ დაბალი და ფიზიკურად სუსტი გახლდათ და ამიტომ დაიწუნეს, თორემ მოედნის ხედვა და პასი კი გამოარჩევდა.
როგორც კი 15 წლის გახდა, "სან ანდრეუს" ასაკობრივ გუნდში აიყვანეს. "სან ანდრეუ" ბარსელონას უბნის გუნდია და სეგუნდა B დივიზიონში გამოდის. კონტრაქტი უნდა შეედგინათ, მაგრამ იქ არც უთამაშია. ზუსტად ამ დროს დაგვირეკეს ვალენსიის "ტორე ლევანტედან", მოგვწონს და ტურნირზე გვსურს გამოვცადოთო. ეს იყო ანდალუსიისა და ვალენსიის კლუბების ტურნირი და ლადომ იქ თავი გამოიჩინა.
იქვე გვითხრეს, თუ დარჩება, ხელფასსაც გადავუხდითო. "ტორე ლევანტეს" ბაზაზე ცხოვრობდა და იქ 2 წელი ითამაშა. ეს გუნდი მადრიდის "ატლეტიკოს" ფარმკლუბია და მოთამაშეებს უზრდის. უკვე 15 წლის იყო და შარშან იქიდან "ლევანტეს" 19-წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს. ახლაც ამ გუნდშია და 19-წლამდელთა პრიმერა დივიზიონში, ხუვენილ A-ში თამაშობს. სულ შემადგენლობაში იყო. ეგაა, ტრავმები აწუხებდა, სანაკრებო მატჩების შემდეგ გაურთულდა და დასვენება 3 კვირით მოუხდა.
მაგრამ ტრავმა უკვე მოირჩინა, ფორმაში შედის და იმედი გვაქვს, საქართველოს ნაკრებს გამოადგება. ეს ჩემი და ჩემი ოჯახის უდიდესი სურვილია".
"ლელო" ლადო მოხევიშვილსაც ელაპარაკა:
- ქართული მესმის და თავადაც ვსაუბრობ, მაგრამ საქართველოში იშვიათად ჩამოვდივარ და სალაპარაკო პრაქტიკა მაკლია. ამიტომ მეტყველება მაინც მიჭირს. თუმცა საქართველოში ჩამოსულს თანაგუნდელებთან ურთიერთობის პრობლემა არ მქონია. ყველამ ძალიან კარგად მიმიღო - ბიჭებმაც და მწვრთნელებმაც.
- საერთოდ, ნაკრებში როგორ მოხვდით? თქვენზე მწვრთნელებს ინფორმაცია ვინ მიაწოდა?
- ადრეც მსურდა, რომ მეთამაშა. მამაჩემმა საქართველოში დარეკა - იქნებ ფედერაციაში ხმა მიაწვდინოთ, ნახონ და თუ მოეწონებათ, სიამოვნებით ითამაშებსო.
მერე გიორგი დევდარიანმა სლოვაკეთის ტურნირზე წამიყვანა. იქ მასპინძლებისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ვითამაშე, რამაც უზომოდ გამახარა.
- ნაკრებმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
- ძალიან კარგი და აწყობილი გუნდია, რომელსაც დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. შესარჩევ ციკლში სამივე მეტოქესთან მოგება შეგვეძლო და მეწყინა, მხოლოდ მეორე ადგილზე რომ გავედით.
- საკლუბო კარიერაზეც გკითხავთ. უკვე იმ ასაკში ხართ, პროფესიული კონტრაქტი რომ უნდა გააფორმოთ...
- კონტრაქტი ივნისში მიმთავრდება და გადაწყდება, "ლევანტეში" დამტოვებენ თუ სხვაგან წავალ.
- წინადადება თუ გაქვთ?
- ჯერ ფორმაში შევიდე და მერე ვნახოთ. ბევრი რამაა დამოკიდებული ნაკრებში თამაშზე. ჯერ ისიც გადასაწყვეტია, ელიტრაუნდისთვის გამომიძახებენ თუ არა.
- ელიტრაუნდში ჩვენს ჯგუფში ესპანეთის ნაკრები მოხვდა. "ლევანტეში" ამ ნაკრების წევრები თუ არიან?
- ჩემი თანაგუნდელები ნაკრებში არ არიან, მაგრამ კარგად ვიცნობ ცენტრალურ მცველებს - როდრიგო ტარისა და ხავიერ კინტილიას, რომლებიც "ბარსელონაში" თამაშობენ.
საერთოდ, ესპანეთის ეს 19-წლამდელთა გუნდი ძლიერი ნაკრებია და ყველა რგოლში სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელები ჰყავს. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს.
- შანსებს როგორ შეაფასებთ?
- შანსი ყველას აქვს, რადგან ოთხივე კარგი გუნდია - ჩვენც, ესპანეთიც, პორტუგალიაც და თურქეთიც. მაგრამ გასვლა გვინდა და ვნახოთ. კარგია, რომ ეს მინი-ტურნირი საქართველოში ტარდება. ამას დიდი პლუსი აქვს და ფეხბურთელებისთვისაც დიდი სტიმულია, სტადიონზე ხალხი რომ მოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"