ვასილ მაისურაძე: ექიმების გამო, 5 წელი ფეხბურთს ჩამოშორებული ვიყავი

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძე პირველი მწვრთნელია, ვისი ხელმძღვანელობითაც საქართველოს ნაკრებმა მედალი მოიპოვა: 2012 წელს მისი გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ოდესღაც ნიჭიერი ფეხბურთელი წლების განმავლობაში იყო ჩრდილში მოქცეული და საზოგადოებას "ბენდელას თასზე" ძლიერი გუნდის შეკრებითა და ეპიზოდურად თუ გაახსენდებოდა. მისი კარიერა არის მაგალითი იმისი, თუ როგორ შეიძლება ძლიერი ნებისყოფით ადამიანმა ცხოვრებაში თავი დაიმკვიდროს.

44 წლის სპეციალისტი LELO WEEK-თან განვლილ გზას, წ
არმატების მიზეზებსა და სხვა საინტერესო ამბებს იხსენებს.

ხუთწლიანი პაუზა ნაკრების კანდიდატობამდე
- გულშემატკივარმა თქვენს წარსულსა და კარიერაზე ბევრი რამ არ იცის...
- ვიზრდებოდი კარგ თაობაში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ბევრმა კარგი ფეხბურთი ითამაშა და 90-იანი წლების ეროვნულ ნაკრებშიც იყვნენ. რა თქმა უნდა, კარგია, თუ დიდ ფეხბურთს ითამაშებ. მე ეს ვერ შევძელი, მაგრამ სამწვრთნელო კარიერაში სწორედ ეს ფაქტი წამადგა. დავფიქრდი ჩემს თუ სხვების შეცდომებზე და გავაანალიზე, დიდი ფეხბურთი რატომ ვერ ვითამაშე. ახლაც, ბავშვებს რომ ვუყურებ, როგორც მწვრთნელს და როგორც პედაგოგს, ეს ძალიან მეხმარება.

- აბა, გულის გამო ვერ ითამაშაო?
- ექიმების შეცდომაც იყო. გარდატეხის ასაკის შემდეგ, უცებ, მთელი 20 სანტიმეტრით გავიზარდე და მერე გავჩერდი. მაგრამ იმ დროს მომაყარეს დატვირთვები და პრობლემები შემექმნა. გულის პულსი ძალიან მაღალი მქონდა და ექიმებმა ფეხბურთიდან ჩამოშორება მირჩიეს.

სამწუხაროდ, ჩვენთან ექიმებმა არ იცოდნენ, რომ სხვა პულსზე უნდა მეთამაშა. ორი წელი საერთოდ არ გავნძრეულვარ. არადა, პულსის დასარეგულირებლად უნდა მეძუნძულა, მთაში მერბინა და ასე შემდეგ, მე კი 5 წელიწადი გამიცდა. არადა, ზუსტად ასეთივე მიზეზი უთხრეს დიდ ფეხბურთელებს - მანუჩარ მაჩაიძესა და საშა ჩივაძეს. ანუ თამაში მაინც შეიძლებოდა.

მაშინ ძალიან ვიწვალე. მაგრამ არ გავჩერებულვარ, საკუთარ თავზე ინდივიდუალურად ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ორი წელიწადი რომ გავიდა, მერე ვარჯიში მაინც განვაახლე. სადაც კი მინი-ფეხბურთის ტურნირი იყო, ყველგან ვთამაშობდი და ჟინს ვიკლავდი.

ეს წარსულია და ამაზე ბევრი ლაპარაკი აღარ ღირს. ნიჭიერი ბავშვები მხოლოდ საქართველოში არ იკარგებიან. უბრალოდ, არ მინდა, ჩემი მაგალითი რომ კიდევ განმეორდეს.

- ფეხბურთი მაინც ითამაშეთ, "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი იყავით და ქუთაისის "ტორპედოშიც" გამოდიოდით...
- დიახ, 4 წელიწადი მაინც ვითამაშე. ჯერ "ვიტ ჯორჯიაში" ამიყვანეს და ბოლოს გუნდის კაპიტანი გავხდი. მერე კი მერე დავით ყიფიანმა ქუთაისის "ტორპედოში" წამიყვანა. დიდი ფეხბურთის ჟინი მქონდა და ბოლოს, იოჰან ბოსკამპმა ნაკრების კანდიდატებშიც ჩამრიცხა. მაგრამ ნაკრებში არ მითამაშია. მაშინ ისეთი ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ, შემადგენლობაში მოხვედრა ურთულესი იყო, ეროვნული ჩემპიონატი კი - ბევრად უკეთესი, ვიდრეა ახლაა. ნაკრებშიც მოთამაშეების შერჩევა არ ჭირდა.

გუნდის სულისკვეთებაში ვერ ჩაჯდა...
- 17-წლამდელთა თავკაცად დანიშვნამდე თქვენს სამწვრთნელო წარმატებაზე ბევრი არაფერია ცნობილი...
- თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი და მანამდე, ზედიზედ სამი წელიწადის განმავლობაში, ჩემი გუნდები ჭაბუკთა ლიგაში ჩემპიონები ხდებოდნენ. ასე რომ, შემთხვევით არავის დავუნიშნივარ.

- ნაკრებში ვინმეს ასაყვანად "ზემოდან" ზარი ან გავლენიანი ხალხის თხოვნა ყოფილა?
- თითოოროლა პრეტენზია კარიერის დასაწყისში მახსოვს. პირდაპირ ვიტყვი და შეგიძლიათ დაწეროთ - რაც უნდა ცდებოდეს მწვრთნელი, მშობელი რომ ურეკავს, ეს დიდი სირცხვილია. ასეთი დამოკიდებულებით ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება. ახლა წარსულიდან მსგავს ფაქტს ვერც ვიხსენებ. ამას თავი უნდა აარიდო, რადგან უპირველესი საფიქრალი თავად ბავშვია, მშობლის გამო რომ არ დაიჩაგროს.

- მაშინ, როცა 17-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდით, "დინამო 2-საც" ავარჯიშებდით. მაგრამ მალე გუნდიდან გაგიშვეს. განცხადებაში ეწერა, რომ "გუნდის სულისკვეთებაში ვერ ჩაჯექით"...
- თავის დროზე "დინამოდან" ანდრო ჟორდანია და ნოდარ ახალკაცი გაუშვეს, მე კი ერთი რიგითი მოკვდავი ვარ და გასაკვირი არაფერი იყო. ამ გადასახედიდანაც ვერ ვაანალიზებ, რა მოხდა. მაგრამ ესეც წამადგა.

ამის შემდეგ იყო 19-წლამდელთა ნაკრები რომ ჩავიბარე და შესარჩევი ეტაპი 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დავასრულე, ჰოლანდიასაც მოვუგეთ და ჯგუფში ჩავტოვეთ. ასე რომ, ცხოვრება გრძელდება და ასეთი წინააღმდეგობებიც უნდა გადალახო. როგორც მწვრთნელი, "დინამოში" ჩამოვყალიბდი და ამ კლუბზე ცუდს ვერ ვიტყვი.

- საინტერესოა ოთარ კაკაბაძის ისტორია, რომელიც თავდამსხმელი იყო და დაცვაში დახიეთ.
- მას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ერთხელ "ავაზაზე" თამაშს დავესწარი, ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ერთ ეპიზოდში ისე ითამაშა, რაღაც დავიჭირე. მერე დაველაპარაკე და ისეთი კარგი პიროვნული თვისებები აღმოაჩნდა, მომეწონა და ნაკრებში გამოვიძახე. არადა, მარცხენა შემტევი ნახევარმცველი იყო, მე კი ამპლუა შევუცვალე და დაცვის მარჯვვენა ფლანგზე დავაყენე.

დღეს ქართულ ფეხბურთში ბევრი ფლანგის მცველი არ მეგულება, რომელიც შეტევებში მისნაირად კარგად ერთვება და ტაქტიკურადაც განათლებულია. რაც მთავარია, პიროვნულად ყალიბდება და იზრდება.

- ერთადერთი ქართველი მწვრთნელი ხართ, რომლის გუნდიც ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს შესწვდა. არადა, პირველივე ინტერვიუში თქვით, რომ ომისა და გაჭირვების გამო, 1995 წელს დემოგრაფიულ პრობლემებმა თავი განსაკუთრებით იჩინა და შობადობის დაბალი მაჩვენებელი სანაკრებო კონტინგენტზეც აისახაო...
- ამ გადასახედიდან რომ ვთქვა, თაობა არ იყო-თქო, მართალი არ ვიქნები. საშინელება ის იყო, რომ რეგიონებში ძალიან მწირი არჩევანი გვქონდა. მეტი რა უნდა ვთქვა, როცა ქუთაისიდან, რომელიც მუდამ ფეხბურთელების სამჭედლო იყო, ნაკრებში ერთი მოთამაშეც ვერ მოხვდა! არადა, შედეგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი არჩევანია.

ეს თაობები წარსულს ნაკლებად იცნობენ
- სანაკრებო სელექციისას ყურადღებას მოთამაშეების რომელ თვისებებზე ამახვილებთ?
- ნაკრებში მნიშვნელოვანია ისეთი მოთამაშის აყვანა, რომელსაც ეროვნული სული გამოარჩევს და სისხლი უდუღს. ყურადღება პიროვნებებზე უნდა გაამახვილო. ესაა სანაკრებო სპეციფიკა.

- თქვენთვის სასურველი მოთამაშე კონკურენტზე უკეთეს ფორმაში თუ არ არის, მაინც მიიწვევთ?
- აუცილებლად, რადგან ნაკრებში მოთამაშის მოსამზადებლად დრო არ არის, თამაშის ბედს კი პიროვნებები წყვეტენ. შესაძლოა, საუკეთესოდ მომზადებული არ იყო და გაგიმართლოს. მაგრამ სულ მოუმზადებელსაც არ მივიწვევ.

- ახლა ომებსა და გაჭირვებაში დაბადებული და გაზრდილი თაობები მოდიან. ნიჰილიზმი და უიმედობა როგორც ქვეყანაშია გამეფებული, ასევეა ამ ბავშვების გონებაშიც. ასეთებთან მუშაობა და გამარჯვებულის ფსიქოლოგიის შთაბერვა რთულია...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთან ფეხბურთელები ნელ-ნელა გაიზარდნენ. ჯერ ბაქოს ტურნირზე იყო, ესპანეთთან ფრედ რომ ვითამაშეთ, მერე ინგლისთან მოვიგეთ, ფრანგებთან ფრეს მივაღწიეთ და დაიჯერეს, რომ ბრძოლა და წარმატება ყველასთან შეიძლებოდა. ასე შეიკრა გუნდი.

მე ბედნიერი ვარ, რომ კარგ თაობასთან მომიხდა მუშაობა. დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ 1995 წელს დაბადებულთა ნაკრებში ერთი მოთამაშეც არ შემხვედრია, რომელსაც დისციპლინის პრობლემა ექნებოდა.

ცხოვრების შანსი
- მიხვდნენ, რომ ფეხბურთი მათი ცხოვრების შანსია?
- ზუსტად ამ სიტყვებით მივმართე, რომ ფეხბურთი მათი შანსია და უნდა გამოეყენებინათ. როგორც ჩვენი წინაპრებისთვის იყო ყველა ბრძოლა გადამწყვეტი, ასევე მოედანზე თითოეული ჩვენი გასვლა მომავლისთვის ბრძოლა და წარსულის შეხსენებაც გახლდათ.

მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ - მაგალითად, ბავშვობაში მე ყველაფერი ვიცოდი ჩვენს გუნდებსა და ფეხბურთელებზე. ეს თაობები კი წარსულს ნაკლებად იცნობენ. არადა, ეს მნიშვნელოვანია - ადამიანი წარსულს რომ კარგავს, მომავლის პერსპექტივაც ქრება. ვერც წარმოედგინათ, სტადიონზე 80 ათასი კაცი რომ დადიოდა და რომ "დინამო" უგებდა "ლივერპულს", "ბენფიკას" და "ბაიერნს".

ამაზე ბევრი ვიმუშავეთ. თანაც, ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ ახალგამოჩეკილი საფეხბურთო ერი არ ვართ. მე თუ მკითხავთ, ჩვენი ნაკრები სწორედ ამ ფაქტების შეხსენებამაც ჩამოაყალიბა.

- თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი მატჩი იყო?
- დაუვიწყარია ინგლისის 17-წლამდელებთან მოგება. მაგრამ ჩემი გაზრდისა და ჩამოყალიბებისთვის უფრო მნიშვნელოვანი 19-წლამდელებთან მუშაობის დროს, 2013 წლის შემოდგომაზე ჰოლანდიასთან რევანში იყო. რეალურად, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალიდან ამ ნაკრებმა გამოგვაგდო და ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემს არც ერთ გუნდს ასე არ უთამაშია. ჰოლანდიელებს თამაშითაც მოვუგეთ და ევროპის ჩემპიონები ჯგუფში ჩავტოვეთ.

ამ მატჩის შემდეგ ჰოლანდიაში სემინარებზე ვიყავი და მითხრეს, რომ 17-მილიონიან ქვეყანაში 1,2 მილიონი რეგისტრირებული ფეხბურთელი ჰყავდათ. მერე გაიგეს, რომ ჩვენთან ეს ციფრი 15 ათასსაც არ აღწევდა და არ დაიჯერეს - მაშინ როგორ მოგვიგეთო?

თუ საქმეს გულით მიუდგები და სუფთა ხელებითა და პროფესიონალურად გააკეთებ, მაინც შესაძლებელია ასეთი გაელვებები, ევროპაზე გასვლა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ძალიან რთულია, დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდება...

სხვათა შორის, მეამაყება, რომ უეფას რეკორდი დავამყარეთ - ინგლისის 17-წლამდელებთან მოგების შემდეგ, ჩვენი და უკრაინის მატჩისას სტადიონზე 15 ათასი მაყურებელი მოვიდა. ასეთი რამ არც მანამდე და არც მას შემდეგ ევროპის არც ერთ სტადიონზე არ მომხდარა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვასკა ტუ ტრენერია მაშინ საქართველოში კველა ტრენერები ვკოპილვართ
bubu
08:19 14-04-2015
0
ობიქტური და მაგარი კაცია ვასკა. წარმატებები
puma
14:26 29-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული