ვიცოდით, რომ "საბურთალოს" თავდამსხმელმა პირველ ლიგაში 26 გოლი გაიტანა და გუნდის უმაღლეს ლიგაში გადასვლას დიდად შეუწყო ხელი... მაგრამ სანაკრებო დონეზე ბევრად დიდი მოთხოვნებია და მოთამაშის რეალური შესაძლებლობებიც ამ ფრონტზე ვლინდება.
18 წლ
გოშთელიანი ესპანეთთან მატჩში შეცვლაზე შევიდა და შეტევა აშკარად გამოაცოცხლა, პორტუგალიასა და თურქეთთან კი უკვე ძირითადშიც იყო. პირინეელებთან საგოლე გადაცემა გააკეთა და მერე გოლი გაიტანა, თურქებთან კი, 87-ე წუთზე, გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა და ასევე საბურთალოელ გიორგი თევზაძესთან ერთად, 2 გოლით ნაკრების ბომბარდირი გახდა:
- მე ამ ბიჭებზე ერთი წლით უმცროსი ვარ და 19-წლამდელებში გამოსვლა შემდეგ წელსაც მიწევს. გიორგი დევდარიანმა ახლაც მომცა შანსი და დავამტკიცე, ნაკრებში თამაშს ვიმსახურებდი თუ არა.
- თქვენი აზრით, ფინალში გასასვლელად რა დააკლდა ნაკრებს?
- ფიზიკური მომზადება და ჩემპიონატში ნორმალური თამაშების რაოდენობა. სამწუხაროდ, იმ დონის პირველობა არ გვაქვს, ფიზიკურად თამაშებითაც რომ გავიზარდოთ. ესპანელები და პორტუგალიელები კი კლუბებშიც სანაკრებო დატვირთვით თამაშობენ და თანაც - ყოველ კვირას. ხომ ნახეთ, ორივე გუნდმა გადამწყვეტი გოლები თამაშის ბოლოს გაგვიტანა. არადა, სანამ "ფიზიკა" გვეყო, მათზე ნაკლები ფეხბურთი არ გვითამაშია. ესპანეთთანაც კი უპირატესობა მანამდე გვქონდა, სანამ არ გადავიღალეთ.
- ნაკრების 11 წევრი "საბურთალოდან" იყო. თქვენ კი პირველ ლიგაში მეტოქეებს ფიზიკურად აშკარად სჯობდით. ამ დროს ამ კუთხით ევროპელებთან ჩამორჩენა აშკარაა...
- "საბურთალო" მეტოქეებს მარტო "ფიზიკით" არ უგებდა, მაგრამ ბევრი მართლაც ისე დავამარცხეთ, რითიც ჩვენ ესპანელებმა და პორტუგალიელებმა გვაჯობეს - მთელი თამაშის განმავლობაში ვღლიდით და ბოლო 15 წუთში ვეღარაფერს გვიხერხებდნენ.
მაგრამ მთავარი საზომი ევროპული დონეა და მათთან ბოლო 20 წუთი გვიჭირდა. უკანასკნელ ტურში, თურქებთან, საერთოდ გადაღლილები ვიყავით და ბოლო ძალები მოვიკრიბეთ, ხალხი ამ ერთი მოგებით მაინც რომ გაგვეხარებინა. ანუ კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ, რადგან შესარჩევები კიდევ გველის და ფიზმომზადების ნაკლი უნდა გამოვასწოროთ.
ყველანი ევროპაში წასვლაზე ვფიქრობთ, მაგრამ არჩევანის საშუალება რომ აქვთ, ქართველს ყოველთვის თავისიანებს ამჯობინებენ. ამიტომ ევროპელზე ორჯერ მაგარი უნდა იყო, შენით რომ დაინტერესდნენ.
- ამის იმედი თუ გაქვთ?
- ამ იმედით ვცოცხლობ. სხვაგვარად, ჩემს თამაშს რა აზრი ექნებოდა, მოედანზე საერთოდ არ გავიდოდი. ელიტრაუნდში გამოჩნდა, რომ ეს შემიძლია.
- ნიჭს ვერ შეიძენ, ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება კი შესაძლებელია. ამიტომაცაა საწყენი, რომ ევროფინალში ვერმოხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ არასაკმარისი ფიზიკური მზადყოფნა იყო...
- სწორედ ამან დამიტოვა დიდი სინანულის გრძნობა - მოგება შეგვეძლო, მაგრამ ჩვენივე პრობლემებმა უკან დაგვხია.
- "საბურთალოს" უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე რას იტყვით?
- ჩვენ იქაც არავის არაფერს დავუთმობთ. დიდი იმედი მაქვს, რომ უმაღლესშიც წარმატებით ვითამაშებთ.
- გამოცდილი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში რთული იქნება...
- იოლი პირველ ლიგაში გამარჯვებაც არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოძრაობის ხარჯზე ბევრს ვაჯობებთ - ახალგაზრდები ვართ და ამას მოვახერხებთ. მიხარია, რომ 19-წლამდელთა ნაკრებში ბევრი საბურთალოელი ვიყავით, მაგრამ ნაკრებში ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.
- პირველ ლიგაში 26 გოლი გაიტანეთ. უმაღლეს ლიგაში, პირველივე სეზონში, ნორმალურ მაჩვენებლად რამდენ გოლს ჩათვლით?
- არ ვიცი, 26 იქნება თუ მეტი, მაგრამ "საბურთალოში" ვრჩები და მისთვის გატანას კიდევ შევეცდები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"