უმაღლესი ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა შესანიშნავად ჩაატარა ევროშესარჩევის სასტარტო მატჩი სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებთან და დუბლი შეასრულა. ამათგან განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ მეორე გოლი, რომელზეც, ალბათ, მსოფლიო ფეხბურთის ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს...
კაჭარავა ახლო წარსულში თბილისის "დინამოს" ფორვარდის, დღეს კი "ცხინვალის" მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას ვაჟია. "ლელომ" ფეხბურთელს ინტერვიუ სთხოვა:
- თავდაპირველად
- მადლობა მოლოცვისთვის. რაც შეეხება თავად მატჩს, ძალიან სპეციფიკური თამაში გამოვიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქის თერთმეტივე ფეხბურთელი საკუთარი კარის დაცვაზე იყო ორიენტირებული. დამეთანხმებით, არ არის იოლი და კომფორტული ასეთი სტილის მეტოქესთან თამაში. რაც მთავარია, შევასრულეთ დასახული ამოცანა, ავიღეთ სამი ქულა და ციკლი გამარჯვებით დავიწყეთ.
- გაიხსენეთ თქვენი გოლები...
- ორივე შემთხვევაში, მინდა აღვნიშნო ჩემი თანაგუნდელების ძალიან კარგი თამაში. მათ გადაცემა არ დამიგვიანეს და ისღა დამრჩენოდა, შემესრულებინა თავდამსხმელის უმთავრესი მოვალეობა.
- განსაკუთრებულად ლამაზი გამოვიდა მეორე გოლი - ადრე თუ გაგიტანიათ მსგავსი?
- კი, გამიტანია. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემ მიერ გატანილი ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იმათგან, რაც აქამდე გამიტანია.
- შეუძლია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ურთულეს ჯგუფში, სადაც ესპანეთი, შვედეთი და ხორვატია არიან?
- ჯერ ვიტყვი იმას, რომ სან მარინოს ნაკრები არ არის იმ დონისა და სიძლიერის გუნდი, რომელთან თამაშითაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რეალურ ძალაზე.
ერთი ფაქტია: საქართველოს ამ ფორმაციის ახალგაზრდულ გუნდში ბევრნი ვართ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში წარმატებით გვითამაშია. გუნდს აქვს გამარჯვებულის ფსიქოლოგია. ჩვენს თაობას შეუძლია იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ.
ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი თაობა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ქართველი ქომაგი გაახაროს.
- "ცხინვალის" წარმატებაზეც გკითხავთ. როგორ შეძლო გუნდმა სენსაციის მოხდენა და ევროსაგზურის მოპოვება?
- "ცხინვალის" წარმატების საიდუმლო ერთია - ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ყველა ფეხბურთელს უზომოდ უხარია ვარჯიშზე მოსვლა. მეტი შეგვიძლია და ვეცდებით, ეს დავამტკიცოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"