U19. საქართველო-პოლონეთი 5:2 - თურმე შეგვძლებია

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პოლონელებთან პირველი ტესტ-მატჩი 0:2 რომ წააგო, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის რეაქციამ, შეიძლება, ბევრი გააოცა. მან აუღელვებლად გვითხრა, რომ ხარვეზებს მეორე მატჩში გამოასწორებდნენ. ის წაგებით განერვიულებულს არ ჰგავდა.


მაგრამ ამ მატჩის დასაწყისმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს, ჩვენებმა პირველი მატჩის გაკვეთილები ვერ გაითავისეს. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ კიევის "ლოკომოტივ-გრუზიას" მარჯვენა მცველი
გიორგი თვარაძე
და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბერიძე - უკრაინული გუნდის ქართველი ლეგიონერი პირველ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა, ბერიძეს კი კუნთი დაეჭიმა.

თუმცა, მაისურაძემ ამჯერად მოედანზე გაიყვანა მომჯობინებულები - ცენტრალური მცველი ცოტნე ნადარაია და ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი.

პოლონელებმა ამჯერად უფრო რიხიანად დაიწყეს და უკვე 23-ე წუთზე ტაბლოზე ის ანგარიში (2:0) ენთო, რასაც წინა შეხვედრაში 90-წუთიანი წვალებით მიაღწიეს - ადამ რიჩკოვსკიმ ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულზე იყოჩაღა, მერე კი 11-მეტრიანი (ლადო მამუჩიშვილმა ხელით შეაჩერა ბურთი) გამოიყენა.

ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯოტია ცაავასავით (ქართული ფილმიდან - "რეკორდი") გამწარდა და ისეთი ფეხბურთი აჩვენა, გულშემატკივარი დიდი ხანია რომ ელის. ისიც გამოჩნდა, რომ მაისურაძე ხარვეზების გამოსწორებას ტყუილად არ დაგვპირდა.

მისი გაწვრთნილები მოედანზე გაბატონდნენ და წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს. განსაკუთრებით, გიორგი კიკნაძე-უმცროსმა გაიბრწყინა. მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გუნდის კაპიტანმა გურამ გოშთელიანმა გოლად აქცია - 1:2.

შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ გასულმა, თბილისის "ლოკომოტივის" ერთ-ერთმა ლიდერმა კიკნაძემ თავად გაიტანა - 2:2.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე გაილაღა და მეტოქის კარი კიდევ სამჯერ აიღო. "საბურთალოს" თავდამსხმელი გოშთელიანი საჯარიმოში კარგად გაიხსნა და ბურთი კარში ერთი შეხებით, ლამაზი დარტყმით შეაგდო - 3:2.

მერე პოლონელთა კარი ისევ მეკარესთან პირისპირ გასულმა კიკნაძემ დალაშქრა, მატჩის ბოლოს კი ალთუნაშვილის დაწყებული შეტევა დააგვირგვინა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა - 5:2.

ამ მატჩში გამოვლენილი თვისებებიდან გამომდინარე, მაისურაძის გუნდმა დაგვაიმედა - ამ ბიჭებს შედეგის მიღწევა შეუძლიათ.

U19. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
16.06. თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო-პოლონეთი 5:2
გოლები: 0:1 რიჩკოვსკი (5), 0:2 რიჩკოვსკი (23-პენ), 1:2 გოშთელიანი (39-პენ), 2:2 კიკნაძე (44), 3:2 გოშთელიანი (60), 4:2 კიკნაძე (65), 5:2 კიკნაძე (75)
საქართველო: ჩოჩიშვილი - კამლაძე (75. გადრანი), მამუჩიშვილი, ნადარაია, კომახიძე (83. ღვინაშვილი) - ალთუნაშვილი (85. პაპუაშვილი), გვარაძე (83. ნემსაძე), ბაშელეიშვილი (54. ბლიაძე) - კიკნაძე, გოშთელიანი, მიქელთაძე (69. გაბრიჩიძე)
სათადარიგო: ქურდაძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
პოლონეთი: ფრატლაკი, ბორეკი (75. ვიეჩი), ვოლჩაკი, კვასნევსკი, პურსუკი, ბარტკოვიაკი (67. ვეიფასი), იაგიელო (80. გრუშჩილი), რიჩკოვსკი, კენძია, პიოტროვსკი.
სათადარიგოები: დაბრივსკი, პესჩინაკი
მწვრთნელი: რაფალ იანასი
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხუტა უფროსი: დურუ, ხომ იცი რა არის ტრენერი?
დურუ: ტრენერიი, კი, რომ იგინება.
ხუტა უფროსი
11:07 17-06-2015
0
კარგი თამაში კი არა პირდაპირ საოცრების მოხდენა შეგვძლებია 02 ანგარიშის შემდეგ გაიტანო 5 ბურთი და მოიგო თამაში დაუჯერებელია ასე უნდა თამაში რომ შეგვიძლია და ვაგებთ მიტომაა საწყენი დიდი მადლობა ბიჭებს გახარებისთვის
ემზარი
11:40 17-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული