U21. საქართველო-ესტონეთი 3:0 - გადავუფრინეთ [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის თბილისურ მატჩში დაამარცხა ესტონეთი და ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდისთვის გადამწყვეტი შეხვედრების დრო წლის ბოლომდე დადგება. ჩვენები ესპანეთსა და შვედეთს შეხვდებიან...

ესტონეთთან შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დიდი დანაკლისით შეეგება. თავი რომ დავანებოთ ადრე შეგულებული ფეხბურთელების ტრავმებს, ჩივაძემ რამდენიმე ისეთი შეგირდიც მოისაკლისა, ესპანეთთან თბილისურ შეხვედრაში მწყობრში რომ ჰყავდა - ვერ ითამაშეს ლევან შენგელიამ, გურამ გოშთელიანმა, ჯიმი ტაბიძემ და ავთო ენდელაძემ.

ამის მიუხედავად, ძალზე სუსტ მეტოქეს პირველიდან ბოლო წუთამდე ვჯაბნიდით.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ჩივაძემ
აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთა და მიიღო კიდეც. მე-10 წუთზე გუნდის კაპიტანმა ოთარ კაკაბაძემ, რომელიც ეროვნულიდან ახალგაზრდულს თავისივე სურვილით შეუერთდა, მახვილი კუთხიდან გაიტანა.

ამის შემდეგ საგოლე შანსები მიეცათ ნიკა კაჭარავასა და იმავე კაკაბაძეს. ერთ ეპიზოდში, ესტონელთა მეკარე მაგნუს კაროფელდმა იმარჯვა, მერე კი საფრთხე მცველებმა განმუხტეს.

საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მალევე განიმტკიცა. მე-18 წუთზე გიორგი აბურჯანიამ გადააწოდა ოთარ კიტეიშვილს, რომელმაც ნიკა კაჭარავა მოძებნა, ამან კი წამით დაასწრო მეკარეს და ანგარიში 2:0 გახადა. როგორც იტყვიან, ამ გოლმა თამაში "გააკეთა".

25-ე წუთზე იგივე კაჭარავა მაღალი სისწრაფით შეიჭრა ესტონელთა საჯარიმოში, თუმცა ბალტიისპირელთა მცველებმა სიტუაცია უკანასკნელ წამს განმუხტეს. მერე მეტოქემ კინაღამ გაგვიტანა, მაგრამ შეტევაში ჩართული ალოეს თავურზე მაკედონიელმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

35-ე წუთზე კიტეიშვილმა, რომელმაც სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა და ქართველთაგან საუკეთესო იყო კაკაბაძესთან ერთად, ახლო მანძილიდან მესამედ აიღო ესტონეთის ნაკრების კარი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:0.

მეორე ტაიმში ქართველ ახალგაზრდებს რამდენიმე მწვავე მომენტი კი ჰქონდათ, მაგრამ მათი გარჯა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. თამაში ნაადრევად დავამთავრეთ. ნაღდი საგოლე მომენტი რასაც ჰქვია, მხოლოდ ორი გვქონდა. ჯერ ერთ შეტევაში სამჯერ შეგვეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ჩვენს მოიერიშეებს სიზუსტე დააკლდათ, მერე კი შეცვლაზე შესულმა ილია კერძევაძემ მახვილი კუთხიდან ძელს გაარტყა ბურთი.

სადღაც 70-ე წუთისთვის "მიხეილ მესხზე" შუქმა მოიკლო, მაგრამ თამაში მაინც გაგრძელდა და ჩამთავრდა კიდეც. ერთი-ორი ნახევარმომენტი ესტონელებმაც შექმნეს, ოღონდ ისევ და ისევ ქართველთა უყურადღებობით.

ისე, საკითხავია, რატომ არ ითამაშეს ჩივაძის შეგირდებმა მეორე ტაიმში შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი? გასაგებია, რომ თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ პირად სტატისტიკაზე მაინც ხომ უნდა იზრუნო?! თანაც, რამდენიმე ფეხბურთელი სულ ახლა გამოჩნდა ახალგაზრდულ ნაკრებში და ეს არ უნდა იყოს მოტივაცია?!

მატჩის შემდეგ
ალექსანდრე ჩივაძე (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"თამაშამდე ვთქვი, რომ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ. ამის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ შეგვეძლო, უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო...

ამ ორი მატჩისთვის შეკრებაზე გვყავდა 24-25 ფეხბურთელი. ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე მენახა საქმეში. იცით, უშუალოდ ოფიციალური მატჩების დროს გვიწევს ფეხბურთელების საქმეში ნახვა. დღეს ორმა ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა - კერძევაძემ და ქოჩლაძემ...

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ოთარ კაკაბაძეს - ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეჰფერის. დაგვიკავშირდა გერმანიიდან და გვითხრა, რომ თუ ჩვენი სურვილი იქნებოდა, აუცილებლად დაეხმარებოდა ახალგაზრდულ ნაკრებს...

ჩვენი გუნდი პირველ ტაიმში უკეთესი იყო, მეორე ნახევარში კი სათამაშო აგრესია გვაკლდა. უკეთესი იქნებოდა, ისევე გაგვეგრძელებინა, როგორც პირველ ტაიმში. ამ ეტაპზე, მთავარი შედეგია და მას მივაღწიეთ...

საწყენია, რომ გიორგი აბურჯანიამ ყვითელი ბარათი მიიღო. არ იყო ამის აუცილებლობა. არადა, ნიჭიერი ფეხბურთელია, დიდი ძალაა გუნდისთვის... სამწუხაროდ, ის ესპანეთთან შეხვედრას გამოტოვებს...

სამომავლოდ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაემატებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც დღეს არ იყვნენ - ჰუფნაგელი, პაპუნაშვილი, კვირკვია და სხვები. რაც შეეხება თევზაძის უთამაშებლობას, ის უნიჭიერესი ფეხბურთელია, "დინამოს" ძირითად შემადგენლობაშია და მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ".

U21. ევრო 2017. საკვალიფიკაციო. VI ჯგუფი
13.10. თბილისი. "მიხეილ მესხი". 1000 მაყურებელი
საქართველო-ესტონეთი 3:0
გოლები: 1:0 კაკაბაძე (10), 2:0 კაჭარავა (18), 3:0 კიტეიშვილი (35)
საქართველო (4-2-3-1): ქურდაძე - კაკაბაძე, გადრანი, დვალი, უბილავა - ცინცაძე, აბურჯანია - ფანცულაია, კიტეიშვილი (55. ქოჩლაძე), ლობჟანიძე (82. გოროზია) - კაჭარავა (65. კერძევაძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ცნობილაძე, გეგეჭკორი, თევზაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ესტონეთი (4-2-3-1): კაროფელდი - ოიამა, იუკამი, ავილოვი, ალოე - აინსალუ, პეეტსონი (46. საპინენი) - მარინი, კაუბერი (84. ლივაკი), სალისტე - კაიტი (65. რაბისი).
სათადარიგოები: ალანდი, ოუნაპი, პაიუ, კირსი
მწვრთნელი: მარტინ რეიმი
გაფრთხილება: აბურჯანია (31), დვალი (79), იუკამი (85)
არბიტრი: დ. იაკიმოვსკი (მაკედონია)

ესპანეთი-შვედეთი 1:1

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 3 0 0 8-0 9
2. შვედეთი 3 2 1 0 9-1 7
3. ესპანეთი 3 2 1 0 8-3 7
4. საქართველო 4 2 0 2 8-6 6
5. ესტონეთი 5 0 1 4 0-14 1
6. სან მარინო 4 0 1 3 0-9 1

მომდევნო მატჩები
11 ნოემბერი
ხორვატია-სან მარინო

13 ნოემბერი
ესპანეთი-საქართველო

15 ნოემბერი
სან მარინო-ესტონეთი

17 ნოემბერი
საქართველო-შვედეთი
ხორვატია-ესპანეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესტონეთს თუ ,,გადავუფრინეთ" დიდი ამბავი
kritikosi
16:49 14-10-2015
0
ჩვენი გუნდი პირველ ტაიმში უკეთესი იყო, მეორე ნახევარში კი სათამაშო აგრესია გვაკლდა....იციი მერე ეს რისიბრალიაა?არასერიოზულობის.ასე თამაში არ შეიძლება,იმიტომაა ,რომ მეორე ტაიმს ვაგებტ ძლიერ გუნდებტან,ასეტ შეცდომებს რაც მეორე ტაიმში დაუშვეს სხვა გუნდები არ აპატიებენ...............
Nukri
13:56 14-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული