U17. საქართველო-უნგრეთი 2:2 - როგორც კეთილ ზღაპარში...

AutoSharing Option
ფოტოზე: მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების გასახდელში, ლევან კობიაშვილთან ერთად
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისთვის გადამწყვეტი იყო ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩი მასპინძელ უნგრეთთან, რომელთან გამარჯვების შემთხვევაში, გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდები ულაპარაკოდ გადიოდნენ კონტინენტის პირველობის ელიტრაუნდში.

თუმცა, რუმინეთის ვერმოგების შემთხვევაში, ჩვენი ბიჭებისთვის ფრეც საკმარისი იქნებოდა...

ქართველმა ჭაბუკებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. უკვე მე-3 წუთზე საგოლე შანსი შეგვექმნა. ნიკა ნინუამ მისივე წაქცევისთვის მოპოვებული საჯარიმო დარტყმა შეასრულა, თუმცა უნგრეთი მეკარემ გადაარჩინა.

ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, მაგრამ ამ სიტუაციაშიც მე-20 წუთზე დაწინაურება მოვახერხეთ - ნუგზარ სპანდერაშვილის
გადაცემის შემდეგ თავი აქტიურმა ბექა ქავთარაძემ გამოიჩინა.

ეგ იყო, უნგრელებმა ზეიმი არ გვაცალეს - ერთ წუთში, პალინსკარის გადაცემის შემდეგ, ტიმარიმ წონასწორობა აღადგინა. აქვე ვთქვათ, რომ გოლამდე ლუკა გუგეშაშვილმა რთული ბურთი აუღო იმავე პალინსკარს.

27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი საგოლე შანსი მიეცა - გიორგი კუციას დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა უნგრელთა კარს. ამ დროისთვის თამაში კვლავ ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა...

სამ წუთში ავსაჯანიშვილის ბიჭებს ერთხელაც შეეძლოთ წინ გასვლა - ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა სპანდერაშვილი, მაგრამ უნგრელთა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა.

35-ე წუთზე უკვე უნგრელებს ჰქონდათ გატანის შანსი - სტოიაკოვიჩმა ძელს გაარტყა ბურთი. გავიდა კიდევ 3 წუთი და ნინუამ უკვე უნგრელთა კარის ძელი "მოიკითხა".

პირველი ტაიმის ბოლოს, მე-40 წუთზე გუნდებმა სახიფათო მომენტები "გაცვალეს". ჯერ ნინუას შეეძლო გატანა, მერე კი - ტიმარის, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა.

მეორე ტაიმი უნგრელთა გოლით დაიწყო, რამაც მადიარებს ფრთები შეასხა. ცოტა ხანში, გოლის ავტორმა ვირაგიმ და სტოიაკოვიჩმა მწვავედ შემოგვიტიეს...

55-ე წუთზე ქართველებსაც შეეძლოთ გატანა, თუმცა კუციას დარტყმის შემდეგ უნგრელთა კარის დარაჯი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. შემდეგ მანვე სპანდერაშვილს აუღო რთული ბურთი.

თამაშის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრები დიდი ძალებით გადავიდა შეტევაზე და ამან შედეგი გამოიღო - შეცვლაზე შესულმა გიორგი ოზბეთელაშვილმა უკანასკნელ წუთზე ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

ჩვენი გუნდის ძალისხმევა წყალში ჩაიყრებოდა, ათკაციან სლოვაკეთს რუმინეთთან ანგარიში რომ არ გაეთანაბრებინა. ესეც ბოლო, მე-80 წუთზე მოხდა. ეს იყო კეთილი დასასრული, რომელიც მხოლოდ ზღაპარში თუ წაგვიკითხავს.

მოკლედ, საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდშია!

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. IV ჯგუფი. ბოლო ტური
29.10. უნგრეთი. ფელსკატი
საქართველო-უნგრეთი 2:2
გოლები: 1:0 ქავთარაძე (21), 1:1 ტიმარი (22), 1:2 ვირაგი (44), 2:2 ოზბეთელაშვილი (90)
საქართველო: გუგეშაშვილი, ვირუბოვი, ასათიანი, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ნიკოლეიშვილი (80. ოზბეთელაშვილი), სპანდერაშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე (54. ქიმერიძე), კუცია, ნინუა.
მწვრთნელი: გოჩა ავსაჯანიშვილი
უნგრეთი: ბესე, პალინსკარი, კუნდრაკი, დიოჩი, ვრაგი, გაიდა, სტოიაკოვიჩი, კიში, ლაკატოში (61. ნემეტი), პრეტსლერი, ტიმარი.
გაფრთხილება: ლაკატოში (20), ასათიანი (24), ნიკოლაიშვილი (42), კიში (68), ვირუბოვი (76)
არბიტრი: ხ. კალოგეროპულოსი (საბერძნეთი).

სლოვაკეთი-რუმინეთი 1:1

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 3 1 2 0 6-5 5
2. საქართველო 3 1 1 1 8-6 4
3. რუმინეთი 3 1 1 1 3-5 4
4. უნგრეთი 3 0 2 1 4-5 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ფრეთი ყველა შემთხვევაში გავდიოდით, მინიმუმ როგორც საუკეთესო მესამეადგილოსანი
შაკო
10:56 30-10-2015
0
მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ უმართლებთ უფრო ძლიერებს!
ყოჩაღ
11:00 30-10-2015
0

სიახლეები პოპულარული