გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის პირველი მატჩი სლოვაკეთთან 3:4 წააგო, რასაც მოჰყვა გამარჯვება რუმინეთთან (3:0) და დრამატული ფრე (2:2) მასპინძელ უნგრეთთან - ქართველმა ჭაბუკებმა უკანასკნელ წუთზე გაათანაბრეს ანგარიში (ასევე ბოლო წუთზე გავიდა საჩვენო გოლი სლოვაკეთი-რუმინეთის პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში), რაც საკმარისი აღმოჩნდა მეორე ადგილის დასაკავებლად.
"ლელო" გოჩა ავსაჯანიშვილს გაესაუბრა. 17-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა დასრულებული ტურნირი შეაჯამა...
ტრაგედიამ ვერ გაგვტეხა!
- სანამ ტურნირი დაიწყებოდა, რთულ თამაშებს ველოდით, მაგრამ მაინც გაჭირდებოდა სლოვაკეთთან ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა. თავიდან ვიგებდით, მერე ორი ბურთით ჩამოვრჩით, გავათანაბრეთ ანგარიში და ბოლო წამზე დასანანი გოლი გავუშვით. სასტარტო მატჩში ასეთი მარცხი ტრაგედია იყო ჩვენთვის.
არ დავმალავ, ყველამ ძალიან რთულად გადავიტანეთ ეს წაგება, მაგრამ სხვა გზა არ იყო - დავსხედით და ვთქვით, რომ ყველაფერი არ იყო დაკარგული და რომ ბრძოლა უნდა გაგვეგრძელებინა...
მეორე შეხვედრაში ულაპარაკოდ მოვუგეთ ჯგუფის ყველაზე ძლიერ ნაკრებს - რუმინეთს. ვფლობდით უპირატესობას ყველა კომპონენტში და არანაირი კითხვის ნიშანი არ ყოფილა საბოლოო შედეგთან დაკავშირებით. მერე იყო ბოლო მატჩი უნგრეთთან. ცხადია, მინდორზე მოსაგებად გავედით, რადგან არ გვინდოდა, სლოვაკეთისა და რუმინეთის შეხვედრის შედეგზე ვყოფილიყავით დამოკიდებული...
საერთოდ, არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ ახლა ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. ბერძენმა არბიტრმა საშინლად იმსაჯა. არადა, ესეც უნდა ვთქვა - პირველ ორ თამაშში იდეალური მსაჯობა იყო... მოკლედ, ბერძენი არბიტრი ძალიან ტექნიკურად "გვძირავდა", ანელებდა თამაშის ტემპს... თქვენ წარმოიდგინეთ, ბურთის მომწოდებელი ბიჭებიც კი არ გვაძლევდნენ დროულად ბურთს...
ბოლოს მოვლენები ასე განვითარდა: პარალელურ მატჩში რუმინეთი იგებდა და სხვა რა გზა იყო? - რისკზე უნდა წავსულიყავით. ჯერ ქიმერიძე შევუშვი მინდორზე. მერე კიდევ ერთი მცველი მოვხსენი და ოზბეთელაშვილი შევიყვანე. სიმართლე გითხრათ, მისი შეშვება 3-4 წუთით ადრე მინდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბურთი არა და არ გადავიდა ან კუთხურზე, ან აუტზე, რომ ცვლილება განმეხორციელებინა.
ისეთი გოლი გავიტანეთ, ალბათ, განგების ნებაც იყო. უნგრეთში გამგზავრების წინ პატრიარქმა დაგვლოცა და იმ ლოცვის ძალა გაგვყვა სწორედ...
და კიდევ - პოლონეთის წარმომადგენლობით, საერთაშორისო ტურნირზე რომ არ გვეთამაშა, შეუძლებელი იქნებოდა უნგრეთში წარმატებაზე ფიქრი.
ამის შემდეგ გოჩა ავსაჯანიშვილს ვთხოვეთ, გუნდი ამპლუების მიხედვით დაეხასიათებინა...
მეკარე
- უნგრეთში საქართველოს ნაკრების კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავდა. ჩვენ 6 გოლი გავუშვით და ამ ექვსიდან მეკარეს, ალბათ, ვერცერთს ვერ დავაბრალებ. თუ ჩავუღრმავდებით, შეიძლება ითქვას, რომ მას ერთ შემთხვევაში შეეძლო გუნდის გადარჩენა. საერთოდ, აქცენტი შემტევ ფეხბურთზე გვქონდა - გაგვქონდა გოლები და, სამწუხაროდ, ვუშვებდით კიდეც...
დაცვა
- იყო ისეთი შეცდომები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო. თუ ნახავთ ჩვენი თამაშების ვიდეოჩანაწერს, ამაში დამეთანხმებით. არის მომენტი, როცა ელემენტარულად გვიანდება კაცის აყვანა და ამის გამო გოლს ვუშვებთ... იყო ისეთი მომენტებიც, როცა დაცვამ უმაღლეს დონეზე ითამაშა.
ერთი სიტყვით, უკანა ხაზში შეცდომები იყო, მაგრამ ეს გამოსწორებადია...
ნახევარდაცვა
- ჩვენ გვქონდა ფლანგის ნახევარმცველების პრობლემა და ამის თაობაზე თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში ვილაპარაკე კიდეც უნგრეთში გამგზავრებამდე. ახლა ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით: სანამ უნგრეთში წავიდოდით, "ცხინვალის" დუბლშემადგენლობასთან ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრა. იმ მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძეც ესწრებოდნენ...
თამაში რომ მორჩა, დავსხედით და დავილაპარაკეთ. მე ყველასგან ვიღებ რჩევას. ცხადაძემ და ჩივაძემ მითხრეს - ნუგზარ სპანდერაშვილი, დღეს თავდასხმაში რომ ითამაშა, ძალიან სწრაფი, აგრესიული, ძლიერი ბიჭია და იქნებ ფლანგზე გამოგეყენებინათო...
ასეც მოვიქეცი. უნგრეთში სპანდერაშვილი სამივე თამაშში საუკეთესო გახლდათ. მთლიანობაში, ნახევარდაცვაც დამაჯერებელი იყო...
თავდასხმა
- ჩვენი თავდასხმის ლიდერს, გიორგი ჩაკვეტაძეს, ორი თამაში ჩაუვარდა. ხდება ხოლმე ასეთი რამ - პატარა ბიჭები არიან, გამოცდილება და სტაბილურობა აკლიათ...არადა, ჩაკვეტაძეს ძალიან ბევრი შეუძლია და როცა მან რუმინეთთან თავისი მაქსიმუმი აჩვენა, ვერც შეაჩერეს...
როგორ მოხდა სასწაული...
- ახლა უფრო დაწვრილებით მოგიყვებით უნგრეთთან მატჩის იმ დრამატულ, ბოლო წუთებზე. სხვათა შორის, ამ თამაშს დაესწრო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რამაც, ალბათ, ჩვენი გუნდის მოთამაშეებზე დადებითად იმოქმედა...მერე იყო ოზბეთელაშვილის გოლი. მერე მასვე ჰქონდა დიდებული მომენტი. ისეთ ემოციაში იყო, რომ ვერ გაიტანა და ვერც ვამტყუნებ.
დაბოლოს, იყო არნახული სიხარული გასახდელში...
სელექციონერები
- ამ ტურნირს არაერთი უცხოელი სელექციონერი ესწრებოდა. არ ვიცი, რა ჩაინიშნეს მათ. სლოვაკეთსა და რუმინეთთან პირველ ორ მატჩში ძალზე სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ.ამ მხრივ, უნგრეთთან მატჩი ასეთი ვერ გამოდგა, რაც აბსოლუტურად გასაგებია - ამ თამაშის ფასი იმდენად დიდი იყო, რომ თავიდანვე დიდი ბრძოლა წავიდა მინდვრის თითოეული გოჯისთვის...
მზადება ელიტრაუნდისთვის
- 3 დეკემბერს გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა. სწორედ ამ დღეს გვეცოდინება ჩვენი მოწინააღმდეგეების ვინაობა და გაირკვევა, თუ რომელ ქვეყანაში მოგვიწევს თამაში...რა თქმა უნდა, ელიტრაუნდისთვის უკეთესად უნდა მოვემზადოთ. მე ზუსტად გეტყვით, რა და როგორც იყო. 16 ოქტომბერს გადავედით შეკრებაზე და 21-ში უკვე უნგრეთში გავფრინდით. დაგეგმილი გვქონდა შეკრება ავსტრიაშიც, რომელიც არ შედგა...
ამ ასაკში სულ გვქონდა წარმატებები. ჩემი წინამორბედები კარგა ხნის განმავლობაში ამზადებდნენ გუნდს, ჰქონდათ შეკრებები და იყო შედეგიც. ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს.
უახლოეს მომავალში შევხვდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს და დავგეგმავთ, როგორ უნდა მოვემზადოთ ელიტრაუნდისთვის.
იანვარში წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირი იმართება მინსკში და სასურველია, რომ იქ ჩვენც ვითამაშოთ. ბელორუსში არაერთი ძლიერი გუნდი მოიყრის თავს. თან ეს შეჯიბრება მაისში გაიმართება.
პრობლემა
- ჩვენი მთავარი პრობლემა არის გამოუცდელობა. რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო თამაში გვჭირდება. ამ ბიჭებს კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და დარწმუნებულიც ვარ, გაახარებენ ქართველ ქომაგს.სელექცია
- შემოვიარე ყველაფერი და ახლაც ვამბობ, რომ თუ იქნება ფეხბურთელი, რომელიც დააკმაყოფილებს ნაკრების დონეს, მაშინ მისთვის კარი ღია იქნება. ეს ფეხბურთელები გავიდნენ ელიტრაუნდში, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ადგილი გუნდში გარანტირებული არავის აქვს.საზღვარგარეთ თუ არის ვინმე, ვეცდებით, არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. თქვენი, მედიის თანადგომაც ძალიან გვჭირდება...
საკუთარი თავის მტერი ხომ არ ვარ?!
- ინტერნეტში გამოხმაურებას ვათვალიერებდი და ერთ ასეთ კომენტარს წავაწყდი - ავსაჯანიშვილი რა მწვრთნელია, გიორგი არაბიძე არ წაიყვანა უნგრეთშიო. არაბიძე ჩვენი ნაკრებისთვის დიდია ასაკით, თორემ როგორ არ წავიყვანდი?! გამოდის, რომ საკუთარი თავის მტერი ვარ?! რომელი მწვრთნელი იტყვის უარს არაბიძის დონის ფეხბურთელზე?!.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"