17-წლამდელთა მეკარე: თბილისელი ვარ, მაგრამ "დინამოს" ბაზაზე ვცხოვრობ

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ძალიან გაგვახარა. უნგრეთში დასრულებულ პირველ ევროშესარჩევ ციკლში გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. იქაურ პერიპეტიებსა და ბოლო წამის დრამაზე ჩვენ აღარაფერს ვიტყვით, რადგან საკმარისად ითქვა და დაიწერა...

ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლუკა გუგეშაშვილი გახლავთ - 16 წლის მეკარე, ვინც უკვე თბილისის "დინამოს" განაცხადში ხვდება. ლუკა ძალიან საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა...

- გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში...
- 6 წლის ვიყავი, როცა "მერანის" საფეხბურთო სკოლაში შევედი, თუმცა ფეხბურთს მანამდეც დიდი ადგილი ეჭირა ჩემს
ცხოვრებაში. რაც თავი მახსოვს, სულ ვთამაშობ.

- ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი?
- თამაზ გურასპიშვილი. ის "მერანში" მავარჯიშებდა.

- "დინამოში" როგორ მოხვდით?
- "დინამოს" აკადემიასთან გვქონდა თამაში. დინამოელთა მწვრთნელებს ჩემი თამაში მოეწონათ და ამიყვანეს. ბედნიერი ვარ, რომ დინამოელი მქვია.

- ...და "დინამოს" პირველ გუნდში?
- უკვე სამი-ოთხი თვეა, რაც პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. განაცხადში კი პირველად "ზუგდიდთან" შეხვედრაში მოვხვდი.

- შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე ეკუთვნით ფეხბურთს?
- ამის თქმა ალალად შემიძლია. თბილისელი ვარ, მაგრამ ჩემი ინიციატივით ვცხოვრობ კლუბის ბაზაზე. თავის დროზე ვიძინებ, თავის დროზე ვიღვიძებ... ფეხბურთისთვის ყველაფერი უნდა გავიღო და ასეც იქნება, სანამ ვითამაშებ.

- სწავლის საქმე როგორ არის?
- ვცდილობ, ბევრი ვიკითხო, განვვითარდე... აი, სკოლაში სისტემატურად სიარულს კი ვეღარ ვახერხებ. ფეხბურთელის ცხოვრების რეჟიმი ხომ მოგეხსენებათ...

- ლუკა გუგეშაშვილის საფეხბურთო ღირსება და ნაკლი. ამაზე რას იტყვით?
- ღირსება, ალბათ, ჩემი თავდაჯერებულობაა. ნაკლი?.. ნაკლი, ვთქვათ, მარჯვენა ფეხით თამაში, მაგრამ ეს გამოსწორებადია.

- რომელი ქვეყნის სამეკარეო სკოლას ანიჭებთ უპირატესობას?
- გერმანულს. ვცდილობ, მათ მივბაძო.

- ვინ არის თქვენთვის იდეალური მეკარე?
- ოლივერ კანი.

- ამბობენ, მეკარე ცოტათი "გიჟი" უნდა იყოსო...
- ბოლომდე ვეთანხმები! ცოტა "გიჟი" თუ არ ხარ, კარში დგომა გაგიჭირდება.

- სულ მეკარე იყავით?
- ერთი წელიწადი ვითამაშე ცენტრალური მცველის პოზიციაზე. მას შემდეგ სულ კარში ვდგავარ.

- "დინამოს" წევრობა და ნაკრების პირველი ნომრობა თქვენთვის ფსიქოლოგიური ტვირთი ხომ არ არის ასეთ ადრეულ ასაკში?
- არა. უფრო - უდიდესი მოტივაციაა, ვიდრე ტვირთი. მე ვიცი, რომ ამ ნდობას გამართლება სჭირდება. ახლახან, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც გამომიძახეს, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის.

Sportall.Ge

- უნგრეთში გამართულ ევროშესარჩევ ციკლზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მაგრამ სულ სხვაა ამ ამბების უშუალო მონაწილის მონაყოლი...
- პირველი თამაში სლოვაკეთთან გვქონდა. ჩემთვის ეს არ იყო პირველი საერთაშორისო მატჩი. ზოგიერთ ფეხბურთელს კი გამოცდილება აკლდა. ვიგებდით, მერე ორი ბურთით ჩამოვრჩით. მერე გავათანაბრეთ და ორი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ბოლოს კი არაფრიდან გავუშვით გოლი...

მერე აღარ იყო უკან ზდასახევი გზა და ჯგუფის უძლიერეს გუნდს, რუმინეთს უშანსოდ მოვუგეთ. ფაქტობრივად, ტყუილად ვიყავი მთელი თამაში, მხოლოდ ერთი ბურთი ავიღე... ამ მოგების შემდეგ ცოტა ზედმეტად თავდაჯერებული გავედით უნგრეთთან სათამაშოდ...

მთავრდება თამაში და ვაგებთ, მეორე შეხვედრაში კი რუმინეთი უგებს სლოვაკეთს. ეს ჩვენთვის გავარდნის ტოლფასია... ჩვენთან 2 წუთი დაამატა მსაჯმა, იქ - ერთი. ტრიბუნიდან ქართველი ქომაგის ყვირილი გავიგეთ - მიდით, ბიჭებო, სლოვაკეთმა გაათანაბრაო!.. ეს იმხელა ემოცია და მუხტი აღმოჩნდა, იმავე შეტევაში გავიტანეთ... სიხარულს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ... ყველა ერთმანეთს ვეხვეოდით, ზეიმი გასახდელშიც გაგრძელდა...

მოკლედ, დიდებული დღე იყო, რომელიც არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არასოდეს დაგვავიწყდება.

- როგორია 17-წლამდელთა ნაკრების "შიდა სამზარეულო"?
- ძალიან მეგობრული გუნდია. მწვრთნელებთანაც უშუალო დამოკიდებულება გვაქვს. ამ გუნდის მთავარ ღირსებად მიმაჩნია ის, რომ არასოდეს ტყდება! არაერთხელ ყოფილა, ორბურთიანი ჩამორჩენა გაგვიბათილებია და ის თამაში მოგვიგია კიდეც.

- ელიტრაუნდისწინა მოლოდინი როგორია?
- ფაქტია, უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში, მაგრამ თქვენც იცით - ამ ასაკში ფავორიტის ცნება ძალზე პირობითია.

- ვიცით, რომ უნგრულ ტურნირს არაერთი უცხოური კლუბის სელექციონერი ესწრებოდა და ისიც გავიგეთ, რომ ინტერესი თქვენს მიმართაც არის...
- არ დავმალავ, არის ინტერესი რამდენიმე გუნდის მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით - მხოლოდ არაოფიციალურ დონეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გიო გვაცახელე გუგესჰასჰვილები
შოთა გუგეშაშვილი
12:43 08-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული