U19. საქართველო-უელსი 0:3 - მტკივნეული დარტყმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ნაკრების დონეზე სერიოზული ჩავარდნის მიუხედავად, ასაკობრივი ნაკრებების იმედი ყოველთვის გვქონდა და ამიტომაც ველოდით გუშინდელ მატჩს ამ მარადიული იმედით. სულ ორიოდე წლის წინათ იყო, ვასილ მაისურაძის გუნდმა უელსი 5:1 რომ გაანადგურა, ჰოლანდიას კი 2:1 სძლია და ჯგუფში ჩატოვა...

ბრიტანელებისთვის უფრო ჩვეული და სასურველი წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ჩვენებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა რეალური საგოლე მომენტებიც გვქონდა. მაგალითად, მე-5 წუთზე მეტოქის ნახევარზე გადაცემა ჩაჭრა ირაკლი ბიძინაშვილმა, ბურთი საჯარიმოსთან გადააწოდა ბექა მიქელთაძეს, რომელმაც ერთი შეხებით სცადა კარის აღება, მაგრამ მცველმა
უმწვავესი მომენტი განმუხტა.

გავიდა კიდევ მცირე ხანი და იმავე ბიძინაშვილის შორეული დარტყმა მეკარე ლუკ პილინგმა ძლივძლივობით მოიგერია. ჩვენები შეტევებს აძლიერებდნენ და, ერთი შეხედვით, გოლსაც ამწიფებდნენ...

მაგრამ მერე და მერე გამოჩნდა, რომ უელსი სულაც არ იყო იოლი მეტოქე. ჩვენებს უფრო და უფრო უჭირდათ მეტოქის კართან მისვლა. უელსელებმა კი ნელ-ნელა ბრჭყალები გამოაჩინეს: 34-ე წუთზე რის აბრუზესმა კუთხური გაათამაშა, მცველის მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი საჯარიმოს კუთხესთან ისევ მას მიუგორდა და პირდაპირ კარში გაგზავნა, ოთარ გოშაძემ კი ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა - 0:1.

ქართველები გააქტიურდნენ. შეტევაში ცენტრალური მცველი ლადო მამუჩაშვილი ჩაერთო და თითქმის 30 მეტრიდან დასცხო - მეკარემ კვლავ საიმედოდ ითამაშა და უელსი გოლისგან იხსნა. მალე, კუთხურის შემდეგ, გიორგი პაპუაშვილმა ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს.

ჩვენი გუნდი იმ მანქანას ჰგავდა, რომელიც ვერა და ვერ დაიქოქა. უელსელებმა კი, ეტყობა, კარგად შეისწავლეს გიორგი არაბიძე და პირველ ტაიმში, ფაქტობრივად, თამაშიდან გამოთიშეს. არაბიძე უფრო ინდივიდუალურად ცდილობდა შეტევის გამწვავებას, გუნდური თამაში კი არ გამოსდიოდა, თან პარტნიორებიც დიდად ვერ უბამდნენ მხარს...

ამასობაში კი უელსი მადაზე მოვიდა და პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ორი გოლი გაგვიტანა. ჩვენებმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში დაკარგეს, რასაც ბრიტანელთა კონტრშეტევა მოჰყვა. დანიელ ჯეიმსმა მარცხენა ფლანგზე 30 მეტრი ისე გაირბინა, ხელი ვერავინ შეუშალა, ბოლოს მამუჩაშვილსაც გასცდა და გოშაძეს შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა - 0:2.

მაისურაძის შეგირდებს დაბნეულობა და ზედაც ნერვიულობა დაეტყოთ. მარცხენა ფლანგზე გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ნათან ბროდჰედმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მცველებს კიდევ ერთხელ "დაეძინათ" და ჯორჯ თომასმა გასახდელში მესამე გოლიც დაგვაწია - 0:3.

შესვენებისას მაისურაძემ ფლანგის ორი მოთამაშე შეცვალა. უნდა ითქვას, რომ მეორე ნახევარში ქართველები მოედანზე შემართულები გავიდნენ და გაცილებით უკეთ ათამაშდნენ. ნაკრების სული და გული არაბიძე იყო, რომელიც ინდივიდუალური თამაშით კი ერთობოდა, მაგრამ მომენტებსაც ისევ ის ქმნიდა. თუმცა არაბიძისა და უელსელთა მეკარის დუელი ერთთავად სტუმრის გამარჯვებით სრულდებოდა...

შეტევებით ისე გავერთეთ, დაცვა მოგვიშიშვლდა და ორჯერ გადავრჩით: ჯერ მეკარესთან პირისპირ გავიდა ჯეიმი თომასი, რომელმაც ბურთი კარს ააცილა, მეორედ კი გოშაძემ ბროდჰედს აჯობა.

ჩვენები მაინც უტევდნენ. გურამ გოშთელიანის გადაცემის შემდეგ საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით ბედი სანდრო ალთუნაშვილმა სცადა, მაგრამ უელსელთა კარი მოჯადოებულს ჰგავდა.

საბოლოოდ - 0:3, რამაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.

ბოლო ხანებში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში აშკარა გამოცოცხლება იყო, მაგრამ უელსთან მარცხმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა. ქართველებს გუნდურად თამაში ძალიან უჭირთ. თან უჭირთ და თან არც უყვართ. ხშირად ავიწყდებათ, რომ თანამედროვე ფეხბურთში მთავარი სისწრაფე და მოძრაობაა. არადა, ქართველებს თამაში რომ შეუძლიათ, მეორე ტაიმში გამოჩნდა. როგორც კი სისწრაფეს უმატებდნენ და ერთმანეთს დროული გადაცემებით ამარაგებდნენ, შეტევაც მწვავდებოდა და შანსები გვიჩნდებოდა...

მომდევნო ორ მატჩში სწორედ ამის იმედი უნდა ვიქონიოთ. იქნებ ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვიყენოთ და არა - უარესი.

მატჩის შემდეგ
ვასილ მაისურაძე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"კარგად ორგანიზებულ გუნდს შევხვდით, რომელიც კონტრშეტევებზე მშვენივრად თამაშობდა. თამაშით ვერ გვაჯობეს, თუმცა დალაგებულად მოქმედებდნენ. მათ სწრაფ ფეხბურთელებს დაცვაში ვერაფერი დავუპირისპირეთ. შეხვედრის ბედი სწორედ უკანა ხაზში დაშვებულმა შეცდომებმა გადაწყვიტა...

არაბიძის თამაშს როგორ შევაფასებ? ის ძალიან ნიჭიერი და ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეა და "სტანდარტებსაც" კარგად ასრულებს. დღეს გატანაც შეეძლო, თუმცა გუნდურ თამაშში მოსამატებელი აქვს...

ჩვენი მინუსია, რომ მაღალი დონის გუნდებთან არ გვითამაშია. არადა, მეტის პოტენციალი გაგვაჩნია. მომდევნო მატჩში შემადგენლობაში ცვლილებები იქნება".

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგუფი. I ტური
12.11.15. თბილისი. "მიხეილ მესხი". 2 500 მაყურებელი
საქართველო-უელსი 0:3
გოლები: 0:1 აბრუზესი (34), 0:2 ჯეიმსი (44), 0:3 ჯორჯ თომასი (45+3. ბროდჰედის პასით)
საქართველო: გოშაძე - პაპუაშვილი (46. გვარაძე), მამუჩაშვილი, კაკიაშვილი, ნადარაია - ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი - არაბიძე, მიქელთაძე (71. კიკნაძე), ახალაძე (46. კომახიძე) - გოშთელიანი.
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, ართმელიძე, ბაშალეიშვილი, ლოჩოშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
უელსი: პილინგი - კოქსი, დევისი, გრემი, აბრუზესი - ჯორჯ თომასი (46. ტიგე), დილან თომასი, მორელი, ჯეიმსი (85. ჰარისი) - ჯეიმი თომასი (70. ჰემფრისი), ბროდჰედი.
სათადარიგოები: ლ. ტომასი, პული, რობერთსი
მწვრთნელი: დევიდ ჰიუზი
გაფრთხილება: ახალაძე (24), ჯეიმსი (42), არაბიძე (55)
არბიტრი: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი).

12.11.15. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ავსტრია-ალბანეთი 2:1
გოლები: 1:0 პოში (4), 1:1 ტოლი (49), 2:1 კრანცი (90+5)
ავსტრია: გარტლერი, პერიჩი, კრანცი, პოში, ლაიმერი, გაში, იაკუპოვიჩი, პროკოპი, ფილა, ინგოლიჩი (68. გრაბოვაცი), შლაგერი (55. ილმაზი).
მწვრთნელი: მარკო რუპერტი
ალბანეთი: კასტრატი, კრასნიკი, ტოლი, დოკსანი, ლალაი (46. ჰებაი), დელიუ, გრიპში (89. აჰმეტი), კემა, ზენუნი, ლიჩკოლარი (8. ჰუსეინი).
მწვრთნელი: არიან ბელაი
გაფრთხილება: პერიჩი (12), დოკსანი (20), დელიუ (57), ლაიმერი (64), კასტრატი (80), ცემა (90+2)
გაძევება: ლაიმერი (83), ფილა (90+1)
არბიტრი: ა. ბერი (შვეიცარია)

მომდევნო მატჩები
14 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 13:00
ავსტრია-უელსი

"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-ალბანეთი

17 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
უელსი-ალბანეთი

"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-ავსტრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხომ გითხარით, ესენი აველაძე-სიჭინავას მისტირიან-მეთქი! გარეკეთ ყველა ნახირივით!
zurab
13:05 13-11-2015
0
დაანებეთ ამ ფეხბურთს თავი. ტყუილად ნუ ხარჯავთ ფულს და ეგ ფული სხვა სპორტს მოახმარეთ. რაგბს მაგალითად. არ გვეყოლება ჩვენ ფეხბურთი იმიტომ რომ ფეხბურთელებს ტაქსისტების დონის ამაზღაურება აქვთ და ტაქსისტებივიტაც თამაშობენ. არ აქვს საქართველოს ფეხბურთის რესურსი. უელსის ჩემპიონატის ბილეთის ფასთან მიახლოვებულის გადამხდელი რო იქნება საქართველოს გულშემატკივრები ეროვნულ ჩემპიონატის სანახავად მერე შეიძლება ვიფიქროთ რამეზე და მანამდე მივხედოთ სპორტის ისეთ სახეობებს სადაც ამდენი თანხები არ მოძრაობს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული