"ხიმნასტიკი" თუ "იაგელონია?" 16 წლის ქართველ მეკარეს პოლონეთსა და ესპანეთში იწვევენ

AutoSharing Option
აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა. იქ სპეციალისტებმა საუკეთესო მეკარედ თბილისის დინამოელი, 16 წლის ლუკა გუგეშაშვილი დაასახელეს.

ახლახან კი უნგრეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილმა 17-წლამდელებმა ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ამჯერადაც, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გუგეშაშვილი გახლდათ. ბევრისთვის უცნობია, რომ რუმინეთთან დიდი ანგარიშით მოგების (3:0) მიუხედავად, ჩვენებს თავიდან საკმაოდ გაუჭირდათ. სწორედ ამ დროს გამოიჩინა თავი გუგეშაშვილმა და რამდენჯერმე გუნდი გადაარჩინა კიდეც.

ოთხი თვეა, რაც ის თბილისის "დინამოს" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. გია
გეგუჩაძემ
პერსპექტიული მეკარე რამდენჯერმე ეროვნული ჩემპიონატის სამატჩო განაცხადშიც შეიყვანა.

თავად ფეხბურთელმა "ლელოსთან" ინტერვიუში ზოგადად აღნიშნა, რომ უნგრული შესარჩევის დროს მისით რამდენიმე უცხოური კლუბის სელექციონერი დაინტერესდა, ოღონდ, კლუბები აღარ დაუკონკრეტებია.

ახლა გუგეშაშვილი ვასილ მაისურაძემ თბილისში მიმდინარე 19-წლამდელთა შესარჩევი ციკლის განაცხადში შეიყვანა.

როგორც შევიტყვეთ, ამ მომენტისთვის 16 წლის მეკარის გადაბირება რამდენიმე კლუბს სურს და ერთ-ერთი მათგანი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარი "ხიმნასტიკია" (ტარაგონა), სადაც კარიერას თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ჩისკო აგრძელებს.

როგორც გვითხრეს, თავად გუგეშაშვილს უფრო პოლონური ვარიანტი ხიბლავს. ამ ქვეყანაში მას ჩვენთვის კარგად ცნობილი "იაგელონია" იწვევს და ასაკის მიუხედავად, მთავარ გუნდში ჩარიცხვას ყოველგვარი სინჯების გარეშე სთავაზობს. გუგეშაშვილს ეს ვარიანტი იმიტომაც იზიდავს, რომ ბოლო წლებში პოლონური სამეკარეო სკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული გახდა.

ძნელი სათქმელია, საბოლოოდ რა გაგრძელება ექნება ამ ინტერესს, ან შეელევა თუ არა თბილისის "დინამო" ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარეს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქ არასრულწლოვანს და თან არაევროკავშირელს, იოლად არ შეუშვებენ. მაგრამ ინფორმაცია სანდოა. თავად ფეხბურთელი კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლოს ყარაბაღი ან გაბალა! ან ვანაძორი!
პეტრე კუპრი
20:24 22-11-2015
0
ბოლო წლები რომელია? ტომაშევსკი, მერე მლინარჩიკი, ესენი არ ითვლებინ?
zura1504
20:40 22-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული