გოჩა ავსაჯანიშვილი: ძალიან საინტერესო ფეხბურთელი ვიპოვეთ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა.

მართალია, უნგრულ ევროშესარჩევ ციკლში ფორტუნაც დაგვეხმარა და ყველაფერი საჩვენოდ აეწყო, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ისე ჩაატარა, მოსამზადებელი შეკრება (სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო) არ გაუვლია.

წილისყრის დასრულების შემდეგ "ლელო" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა:

- პირველ რიგში, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრის შედეგები შეაფასეთ...
- რა თქმა უნდა, რთული ჯგუფია, მაგრამ ელიტრაუნდში იოლ ჯგუფს სად ნახავთ? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მასპინძლები ვართ. მინდა, დიდი მადლობა
გადავუხადო იმ ხალხს, ვინც წვლილი შეიტანა ამაში. საშინაო კედლებში თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. შინ ყველასთან ფავორიტის რანგში ვითამაშებთ.

- ამ ეტაპზე რა ვიცით ჩვენი მეტოქეების შესახებ?
- ჯერჯერობით, იტალიისა და ბოსნიის ნაკრებებზე ამომწურავი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ამ ვაკუუმს ძალიან მალე, რამდენიმე დღეში შევავსებთ. ჩანაწერებს მოვიძიებთ და ორივე მოწინააღმდეგეს შევისწავლით...

რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ჩვენ ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე ვეთამაშეთ რუსებს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ცვლილება არ იქნება რუსეთის ნაკრებში იმ დროის შემდეგ.

- უფრო დაწვრილებით მოგვიყევით რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების შესახებ...
- ეს არის გუნდი, რომელიც ტიპურ რუსულ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი მატჩი რომ მორჩა და ბიჭების ფეხებს შევხედე, ცუდად გავხდი - პრაქტიკულად, აღარ ჰქონდათ ფეხები... მორბენალი, ფიზიკურად ძლიერი და ძალიან ხისტი გუნდია. ჩვენ 2:0 მოვიგეთ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მომენტები მათაც ჰქონდათ.

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
- გადაწყვეტილია, რომ 15 იანვარს ბელორუსის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი ტურნირია. სხვათა შორის, იქ რუსეთის ნაკრებიც ითამაშებს.

- რუსეთთან ერთ ჯგუფში რომ მოვხვდეთ, რამდენად სასურველი იქნება მათთან თამაში?
- არ მოვხვდებით, წილისყრა უკვე იყო. საქართველოს ნაკრები ჯგუფში უკრაინასთან, ავსტრიასა და მასპინძელ ბელორუსთან ერთად მოხვდა. ამავე დროს, ბელორუსში რუსეთის ნაკრებსაც დავზვერავთ...

- ელიტრაუნდამდე კიდევ რას გეგმავთ?
- უახლოეს მომავალში შევხვდებით ხელმძღვანელობას და ზუსტად გვეცოდინება, თუ რა იქნება ბელორუსიდან დაბრუნების შემდეგ. ერთი კი ზუსტად ვიცი - ჩვენ გვჭირდება ერთი ამხანაგური, საშინაო მატჩი მაინც. ეს იმისთვის, რომ ბიჭები ბოლომდე შეეგუონ შინაურ კედლებს და ბოლომდე გამოვიყენოთ "სახლის" უპირატესობა. მოწინააღმდეგედ კი რაც შეიძლება ძლიერ გუნდს ვისურვებდი.

- გუნდმა წარმატებით დაძლია პირველი შესარჩევი ციკლი. ამის მიუხედავად, ნაკრებში ახალი ფეხბურთელები მაინც გამოჩნდებიან?
- ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ და ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა. პირდაპირ გეტყვით, რომ იქნებიან ახალი სახეები. ეს ძალიან სპეციფიკური ასაკია, ზოგი უმატებს, ზოგიც პირიქით, უკლებს.

- ვიცით, რომ ყურადღებით ადევნებთ თვალს სხვა ქვეყნებში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს. ახალი პოტენციური წევრი ხომ არ ჰყავს ნაკრებს?
- ძალიან საინტერესო ფეხბურთელი ვიპოვეთ. ეს არის ქალაქ პიატიგორსკის გუნდის წევრი - არსენ ბლიაძე. მან არ იცის ქართული, მაგრამ ოჯახის წევრები ქართულად საუბრობენ. ისინი აფხაზეთიდან წავიდნენ რუსეთში...

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ის ამპლუით მარცხენა ნახევარმცველია. ძალიან ბევრს და სწორად დარბის. შესაძლოა, არ იყოს სასწაული ტექნიკის პატრონი, მაგრამ ამ ადგილზე სწორედ მორბენალი ფეხბურთელი მჭირდება.

- თუ არის დღეს ნაკრებში პრობლემატური პოზიციები?
- სანამ უნგრულ ევროშესარჩევ ციკლში ჩავებმებოდით, გითხარით, რომ ფლანგებზე გვიჭირდა. მარჯვნივ დავაყენეთ ამპლუით თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი და მან შესანიშნავად ითამაშა. არ შემეშინდება იმის თქმის, რომ მისი სახით ქართულ ფეხბურთს კარგი მოთამაშე ეზრდება... შედარებით პრობლემატურია მარცხენა ფლანგი და სწორედ აქ გვეიმედება არსენ ბლიაძის.

- ბატონო გოჩა, ბოლოს ერთი უხერხული კითხვაც უნდა დაგისვათ - უკანასკნელ პერიოდში ბევრს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ასაკობრივ ნაკრებებს სამწვრთნელო გადაადგილებები შეეხოთ...
- მე ერთს ვიტყვი: უკვე კარგა ხანია, ამ ნაკრებში ვარ. არც მანამდე და არც ამის შემდეგ თავი არ დამიზოგავს ქართული ფეხბურთისთვის და ასე იქნება მანამ, სანამ ცოცხალი ვიქნები.

* * *
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ელიტრაუნდში ბოსნია, რუსეთი და იტალია არიან. ელიტრაუნდის ჩვენი ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს.

რა თქმა უნდა, ჯგუფი რთულია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ელიტრაუნდში იოლი ჯგუფი არ არსებობს. ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გავლენ ჯგუფის გამარჯვებულები. კონტინენტის პირველობის საგზურს ასევე მოიპოვებს 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი.

სასიხარულო ამბავია - ელიტრაუნდის მატჩები 15, 17 და 20 მარტს თბილისში ჩატარდება. ცნობილი იყო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთ-ერთი ელიტრაუნდის მასპინძლობისთვის იბრძოლებდა. როგორც ხედავთ, მისია წარმატებით შესრულდა.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, ის აზერბაიჯანში, 5-21 მაისს გაიმართება.

მეტოქეები
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი აუცილებლად მოიძიებს ინფორმაციას ჩვენი გუნდის მეტოქეების შესახებ. უპრიანია, ჩვენც ჩავერთოთ ამ საქმეში და ვნახოთ, ვისთან მოგვიწევს თბილისში საქმის დაჭერა.

იტალია
იტალიის ნაკრები ელიტრაუნდში მას შემდეგ გავიდა, რაც შესარჩევ ციკლში (ბულგარეთი) პირველი ადგილი დაიკავა. იტალიელებმა მოუგეს ბულგარეთს (3:0), ხოლო ფრედ ითამაშეს შოტლანდიასა (1:1) და მაკედონიასთან (0:0), შესარჩევი ციკლი კი ბულგარეთში იყო.

პატარა "სკუადრა აძურას" ალესანდრო დალ სანტო მოძღვრავს. ასაკით სწორედ ამ ნაკრებში უწევს თამაში "მილანის" თინეიჯერ გოლკიპერს, ჯანლუიჯი დონარუმას, ვინც მიმდინარე ევროსეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა.

რა თქმა უნდა, იტალიურ კრებულში მრავლად არიან ფეხბურთელები ტოპ-კლუბებიდან - "იუვენტუსიდან", "რომადან"...

რუსეთი
რუსებმა შესარჩევ ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, მოუგეს რა კვიპროსს (6:0), ჩერნოგორიას (2:0) და ბელორუსს (2:0). პირველი შესარჩევი ეტაპი ბელორუსში ჩატარდა. რუსეთმა 10 გოლი ისე გაიტანა, საკუთარ კარში ერთიც არ მიუღია.

აქვე, რუსთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სერგეი მატვეევის კომენტარი:

"მთლიანობაში, ჯგუფი ნორმალურია. გვაქვს ცნობები მეტოქეთა შესახებ. მიზანი კი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა".

ბოსნია
მოლდოვაში ჩატარებულ ევროშესარჩევ ციკლში ბოსნია მეორე ადგილზე გავიდა. ესტონეთს 2:1 მოუგო, მოლდოვას - 5:0, უკრაინასთან კი 0:3 დამარცხდა. სამირ მალკოჩევიჩის გუნდს რამდენიმე ლიდერი ჰყავს. მათ შორის გამოირჩევა შემტევი ტომაშ დადიჩი ზაგრების "დინამოდან".

* * *
გუშინვე გაიმართა ევრო 2017-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მოხვდა VIII ჯგუფში, სადაც მეტოქეებად ფინეთი, შვედეთი და ბულგარეთი ეყოლება. 2016 წლის 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ტურნირს ფინეთი უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიაწექით ბიჭებო.ნუგზარ მიაწექი უფრო მაგრად
vaspa
18:10 05-12-2015
0
ალეკო, გოჩა ლევანის ძმის მწვრთნელი იყო 35-ში და ოლიმპში ასე, რომ საერთო ენას გამონახავენ.წარმატებები ავსაჯანას და მის მომავალი არწივების გუნდს.
gizog
10:51 05-12-2015
0

სიახლეები პოპულარული