"ლელომ" მაისურაძეს მინსკის ტურნირის შეჯამება სთხოვა...
- თანამდებობაზე რომ მოვედი, ამ გუნდს თითქმის არ ვიცნობდი. მინსკის ტურნირისთვის მზადება ერთი კვირით ადრე დავიწყეთ. ზოგიერთი ფეხბურთელი 5 დღით ადრე შემოგვიერთდა. ბიჭებისგან განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვდით - გვინდოდა, ისინი ზოგად სტანდარტებში ჩამჯდარიყვნენ. ხუთი მატჩი ვითამაშეთ და
- მიგაჩნიათ, რომ მინსკის ტურნირი სასარგებლო იყო ელიტრაუნდის წინ?
- რა თქმა უნდა! მით უმეტეს, თავად ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ წლეულს მინსკში განსაკუთრებით ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. კიდევ გვინდა ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება. გავგზავნეთ მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ...
- ...და რაც შეეხება უშუალოდ ტურნირს?
- რაც შეეხება ტურნირს, ვთვლი, რომ ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. უკრაინა თავისთავად და, ფინეთმა გამაოცა. მიუხედავად ამისა, არც ერთი არ იყო წასაგები თამაში. იმავე უკრაინასთან ორჯერ დავკარგეთ ბურთი ცენტრში და ამის გამო დავისაჯეთ. თანაც, შედეგი არ იდგა ჩვენთვის პირველ პლანზე. მთავარია, ელიტრაუნდში ვივარგოთ. ამ ნაკრებს შეუძლია, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს.
- რა ტაქტიკური სქემები მოსინჯეთ მინსკში?
- ძირითადად, 4-3-3 განლაგებით ვითამაშეთ. პირველ შეხვედრებში მაღალ პრესინგს ვიყენებდით, ბოლო მატჩებში კი უფრო უკნიდან ვმოქმედებდით.
- რას იტყვით ელიტრაუნდის მეტოქეებზე?
- რუსეთმა მინსკში ითამაშა და ამ გუნდის ყველა შეხვედრა ვნახეთ. ამ ეტაპზე თანაბარი ძალის ვართ, ვერ იტყოდი, ვინ ვის მოუგებდა. ბოსნიის ნაკრების თამაშების ჩანაწერები გვაქვს და ვიწყებთ ამ გუნდის შესწავლას. რაც შეეხება იტალიას, აპენინელებს თბილისში ბოლო ტურში ვხვდებით და მათ ადგილზე დავაკვირდებით.
- ახალი სახეები თუ იყვნენ ნაკრებში?
- კი, სილაგაძე და ანდრონიკაშვილი. ორივემ კარგად წარმოაჩინა თავი. დიდი ალბათობით, მათ შემდეგ შეკრებაზეც დავუძახებთ.
- ხომ არ არის საზღვარგარეთ მოთამაშე ქართული ფესვების მქონე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება თქვენს ნაკრებში ვიხილოთ?
- ფეხბურთის ფედერაციაში მითხრეს, რომ ჰოლანდიურ "ზვოლეში" თამაშობს ქართველი, მარცხენა ფლანგის შემტევი. მისი გვარი არ ვიცი, სულ ახალი ამბავია. შევისწავლით ამ კანდიდატურას.
- ნაკრებში მოხვედით მაშინ, როცა გუნდს უკვე დაძლეული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი. ფსიქოლოგიურად ხომ არ გაგიჭირდათ?
- ბოლო მომენტში გადაწყდა ჩემი დანიშვნა. მე მაქვს გამოცდილება, ამ ასაკშიც მიმუშავია... გაჭირვებით ნამდვილად არ გამჭირვებია, მით უმეტეს, ფეხბურთელებს კარგად ესმით, რას ითხოვს მწვრთნელი მათგან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"