21-წლამდელებს აღარ აქვთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი. გეგუჩაძის ძირითადი სამიზნე მომდევნო შესარჩევი ციკლი იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მასთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძე შეცვალა. ამას გარდა, "დინამოს" ყოფილ მთავარ მწვრთნელს ყველა ასაკობრივი ნაკრების მეთვალყურეობაც დაევალება. სწორედ მან უნდა განსაზღვროს ამ ნაკრებების საერთო სათამაშო სტილი...
ლევან კობიაშვილი: ამიტომაც ვარჩიეთ გეგუჩაძე...
- დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ ჩვენი საფეხბურთო ხედვა აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. გია არის გამოცდილი მწვრთნელი სწორედაც ახალგაზრდებთან მუშაობაში. ჩვენ გვჯერა, რომ მისი საქმიანობა ამ საპასუხისმგებლო პოსტზე იქნება წარმატებული და ის არაერთ ფეხბურთელს მოუმზადებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს...
გია გეგუჩაძის კონტრაქტი სამწლიანია. ამ ციკლში, მოგეხსენებათ, აღარ არის შანსი, მომდევნოში კი ყველანაირად ვეცდებით, ერთობლივი მუშაობით დავდოთ შედეგი...
კონტრაქტი გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება მომდევნო შესარჩევი ციკლის წილისყრა. ზუსტად იგივე ანაზღაურების სისტემა იმოქმედებს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ გუნდშიც...
აქვე მინდა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს მივულოცო წარმატებული თამაში ბულგარელ თანატოლებთან. იცით, რომ მათ ერთი შეხვედრა მოიგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს...
რაც შეეხება კახა ცხადაძესთან შეხვედრას, ის ჯერ არ შემდგარა. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში შევხვდებით ერთმანეთს. მე ამისთვის მზად ვარ. ჩვენი წინადადებაა, კონტრაქტი შეწყდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე...
გია გეგუჩაძე: ჩვენი მიზანია უკეთ თამაში და უკეთესი შედეგი...
- მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის! პირველ რიგში, ვიტყვი, რომ "დინამოსთან" განშორება იოლი არ იყო. მადლობას გადავუხდი "დინამოს" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მომცა ნაკრებში მუშაობის საშუალება..."დინამო" რა სტატუსის კლუბია საქართველოში, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ სანაკრებო ინტერესები ყოველთვის უზენაესია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას ჩვენი ცოდნა და გამოცდილება შევაშველოთ...
ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მიღების კუთხით ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვები. ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორიც ვიქნები და ესეც განსაკუთრებული გამოწვევაა.
- როგორია თქვენი გეგმები, მიზნები?
- ჩვენი მიზანია ყველა ასაკობრივი ნაკრების წინ წაწევა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შედეგი, რომელსაც გულშემატკივარი ელის.
- თანაშემწეები შერჩეული გყავთ?
- ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და როცა ყველაფერი დაზუსტდება, უთუოდ შეგატყობინებთ.
- რას იტყვით იმ თაობაზე, რომელთანაც მოგიწევთ მუშაობა?
- ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო და არის დიდი ნიჭი. მთავარია, სწორად მოვამზადოთ ფეხბურთელი. მაგრამ 16 წლისა რომ ნიჭიერია ფეხბურთელი, ორ წელიწადში რატომ წყვეტს ზრდას? ნიჭი ხომ არ ქრება?
ამ საკითხს ახლებური მიდგომა სჭირდება, ფეხბურთელის ახლებურად მომზადება.
- რას იტყვით ასაკობრივი ნაკრებების ახალ მწვრთნელებზე?
- მეც ვიყავი მათი შერჩევის მონაწილე. ზუსტად ვიცი მათი ხედვა, მათი აზრები... ასევე, სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს მათი ადამიანური თვისებები. ამ ასაკში გაგრძელდება სელექცია და უკეთესი უნდა იყოს თამაშის ხარისხი.
დოსიე
გია გეგუჩაძე
დაიბადა 1965 წლის 20 ივნისს, ქუთაისში
საფეხბურთო კარიერა
1984-86 ლოკომოტივი თბ
1988 შევარდენი თბ
სამწვრთნელო კარიერა
1999 დინამო თბ
2004-05 დინამო თბ
2009-11 ზესტაფონი
2011-13 ტორპედო ქ
2013-14 ზესტაფონი
2015-16 დინამო თბ
2016- საქართველო U21
ტიტულები და მიღწევები
საქართველოს ჩემპიონი: 2010/11
II ადგილი: 2013/14
საქართველოს თასის გამარჯვებული: 2014/15
2004 წელს თბილისის "დინამო" გაიყვანა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"