"გთხოვთ, მოხვიდეთ ელიტრაუნდის მატჩებზე! ჩვენ კი პირობას ვდებთ, რომ..."

AutoSharing Option
დიდი ხანი არ არის, რაც ლუკა გუგეშაშვილი პოლონურ "იაგელონიაში" გადავიდა. 16 წლის მეკარე ქართული ფეხბურთის იმედად ითვლება. შემთხვევითი არ არის, რომ მას, 17-წლამდელებთან ერთად, ასაკით უფროს ნაკრებშიც იწვევენ...

ევროპული გარემო, პოლონეთის ძლიერი ჩემპიონატი - მეტი რაღა უნდა ინატროს ახალგაზრდა ფეხბურთელმა პროგრესისთვის?

ლუკა გუგეშაშვილს "ლელო" პოლონეთში დაუკავშირდა...

- როგორ მიდის თქვენი ადაპტაცია პოლონურ კლუბში?
- ყველაფერი კარგადაა. ადაპტაციის გარდაუვალ პროცესს ნელ-ნელა ვამთავრებ. შეიძლება ითქვას, ეს პერიოდი უკვე გავიარე კიდეც. ერთადერთი, რაც დიდი დაბრკოლებაა ჩემთვის, არის პოლონური ენის არცოდნა.

- მთავარ გუნდში
ვარჯიშობთ თუ ასაკობრივში?

- მთავარ გუნდში ვარ, ჩვეულებრივად ვვარჯიშობ. სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩავატარე "იაგელონიაში". ეს იყო ამხანაგური მატჩი ლადო დვალიშვილის გუნდთან - შჩეცინის "პოგონთან". როგორც სადებიუტო მატჩი, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში.

- "იაგელონიაში" თქვენთან ერთად საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ლუკა ასათიანიც მივიდა. მისი საქმეები როგორ მიდის?
- ლუკა ძალიან კარგი ადამიანია და მოხარული ვარ, რომ აქ ერთად ვართ. ისიც პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მასაც ჩემსავით ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა დებიუტი... ერთმანეთს ყველანაირად გვერდში ვუდგავართ.

- "ბათუმთან" ამხანაგურ შეხვედრაში არ გითამაშიათ...
- დიახ, იმ შეხვედრაში არ მითამაშია...

- როგორ ეგუებით დატვირთვებს, ხომ არ გიჭირთ?
- ძალიან დიდი დატვირთვები იყო, გადაჭარბების გარეშე! დღეში სამი ვარჯიში გვქონდა. დილით რომ ვიღვიძებდი, ყველაფერი მტკიოდა. საწოლიდან ადგომაც კი მიჭირდა... მაგრამ, როცა მონდომებული ხარ, სიძნელე არ გაშინებს. ახლა ყველაფერი კარგადაა. ახლა უკვე ბოლომდე გადართული ვარ ევროპულ ფეხბურთზე.

- მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელობა რას ამბობენ?
- ყველა კმაყოფილია. ვგრძნობ, რომ ჩემი ეიმედებათ. მეც ვაპირებ, რომ ბოლომდე გავამართლო მათი იმედები.

- მაშ, ყველანაირი პირობა გაქვთ შექმნილი პროგრესისთვის?
- კი, მართლაც ასეა!

- ცოტა ხნის წინათ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშეთ. რას იტყვით ქართული გუნდის გამოსვლაზე?
- ეს იყო მოსამზადებელი ტურნირი ელიტრაუნდის წინ. მწვრთნელებიც ამბობდნენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შედეგს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარია, ელიტრაუნდისთვის მოვმზადებულიყავით კარგად. იყო სელექცია, რამდენიმე კარგი ბიჭი შეემატა ნაკრებს... განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ლუკა სილაგაძე და ნიკა ღლონტი. მიმაჩნია, რომ ისინი მნიშვნელოვნად გააძლიერებენ გუნდს.

- რაც შეეხება თბილისურ ელიტრაუნდს, ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგეები იქნებიან იტალია, რუსეთი და ბოსნია...
- რაც შეეხება ელიტრაუნდს, პირადად მე ვდებ პირობას მთელი გუნდის სახელით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. მჯერა, გავალთ კიდეც.

აქვე, მინდა ვთხოვო გულშემატკივარს, მოვიდეს ელიტრაუნდის მატჩებზე და მხარი დაგვიჭიროს. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. ქომაგების გვერდში დგომა გაგვაძლიერებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებებს გისურვებთ. გვჯერა, რომ გვასახელებთ ❤️
ირინა
10:25 14-02-2016
0
წარმატებები.შემდეგი ხილვა ლონდონის არსენალში. უფალი გფარავდეს.
Shota Gugeshashvilui
13:34 14-02-2016
0

სიახლეები პოპულარული