გია გეგუჩაძე: გვარდიოლასთან მუშაობა ჩემთვის უდიდესი რამ იქნებოდა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, გეგუჩაძემ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც, დავით ბურჯანაძეს, საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისურს უსახსოვრებს.

ქვემოთ, ჩვენი აზრით, საინტერესო რამდენიმე კითხვა-პასუხს წარმოგიდგენთ. "ინტერნეტკონფერენციის" სრულად ნახვა კი აქ შეგიძლიათ (იხილეთ ბმული ).

მკითხველი:

- ბატონო გია, რომელ მწვრთნელთან ერთად ისურვებდით გუნდის გაძღოლას და ნება რომ დაგრთონ, რომელ გუნდს გაწვრთნიდით საქართველოს ნაკრების შემდეგ?
- რთული კითხვაა. საერთოდ, ძალიან მომწონს პეპ გვარდიოლას მუშაობის მეთოდები, მისი გემოვნება. ამრიგად, ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა,
შემახედა და მასთან ერთად მომცემოდა მუშაობის საშუალება - ეს უდიდესი რამ იქნებოდა. ეს გემოვნება მგონია, რომ კრუიფმა ჩამოუყალიბა, რომელმაც ჯერ ჰოლანდიაში, შემდეგ კი ესპანეთში ითამაშა დიდი როლი და თუ დღეს რამე ესპანურ ფეხბურთში ხდება, მისი უდიდესი დამსახურებაა.

კი, შეიძლება განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია დავინახოთ მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის, მაგრამ ესპანური ფეხბურთია და მთლიანად რომ ავიღოთ ის, ძალიან დიდ სხვაობას ვნახავთ იტალიურ და სხვა ქვეყნების ფეხბურთთან. ვიმეორებ, რომ გემოვნების ჩამოყალიბებაში კრუიფმა დიდი როლი ითამაშა.

კლუბს რაც შეეხება, არ მიფიქრია მაგაზე. უბრალოდ, ვიცი, დღეს რა მაქვს საკეთებელი და მომავალს ცხოვრება მიჩვენებს.

მკითხველი:

- მოგესალმებით, ბატონო გია. როგორ ფიქრობთ, ეროვნული ჩემპიონატის დაღმასვლა რით არის განპირობებული - ცუდი მოედნებით, ბაზებით, ფიზიკური და ტექნიკური მოუმზადებლობით თუ სხვა? მადლობა და წარმატებები, უფალი გფარავდეთ!
- ბევრი მიზეზია ამისი. დიდი ხანია განვიცდით ამ დაღმასვლას, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაგვიდგამს მაღალი ჩემპიონატის ქონისთვის. ინერციით მოვდიოდით, თავსაც ვიტყუებდით, რომ დაძაბული ჩემპიონატი გვაქვს. თუნდაც გაზრდა გუნდების რაოდენობის, მცდარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც სასიკეთოდ არ გამოგვადგა. არ მინდა, კრიტიკული ვიყო, უბრალოდ, მსურს, ვხედავდე პოზიტივს და მჯეროდეს, რომ უკეთესი მომავალი გველის.

მკითხველი:

- როგორი შეგრძნება იქნება ზესტაფონში დაბრუნება უკვე ნაკრების მთავარი მწვრთნელის სტატუსით? თქვენ ამ ქალაქს უამრავი საფეხბურთო ზეიმი აჩუქეთ...
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იქ გვიწევს თამაში. გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია ნაკრების იქ თამაში და იმედი მაქვს, ქართულ საფეხბურთო რუკაზე ზესტაფონი თავის სიტყვას კიდევ ერთხელ იტყვის. კარგი მინდორი, კარგი გარემო, კარგი გულშემატკივარი - მეტი რა არის საჭირო?!

თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა "ზესტაფონის" მწვრთნელი ვიყავი, თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა ამხანაგურმა ნაკრებმა ზესტაფონში. ოთარ გაბელია იყო მთავარი მწვრთნელი და 4:0 დავამარცხეთ მეტოქე. ის ნაკრები ძლიერი იყო, მაგრამ ტრიბუნების მხარდაჭერით მოხდა ასეთი ანგარიშით გამარჯვება. ეს დიდი ძალაა!

იხილეთ ინტერნეტკონფერენციის სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული