[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან კობიაშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშზე ელიტრაუნდის წინ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდი ჩააგდო. ვასილ მაისურაძის გუნდმა უქულოდ ბოლო ადგილი დაიკავა ჯგუფში. ჩვენი რუბრიკაც ამ არასასიამოვნო ამბავს ეხება...

მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებს ამ ელიტრაუნდში ისეთი მწვრთნელი ჰყავდა, არაერთხელ რომ გაუხარებია ქართველი გულშემატკივარი. ვასილ მაისურაძემ იცის, როგორ მოიპოვოს ამ ასაკში დიდი გამარჯვებები. ფაქტია, ამჯერად არ გამოვიდა და საქმე ისეა, რომ მხოლოდ მწვრთნელისკენ ვერ გავიშვერთ თითს.

მაისურაძემ მხოლოდ 2 თვე იმუშავა ამ გუნდთან. რა თქმა უნდა, მას ერჩივნა, რომ ბოლომდე გაეწვრთნა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, რომელიც თავად გაიყვანა ელიტრაუნდში და ახლა მისთვის ნაცნობ კონტინგენტს დამოძღვრავდა ესპანეთ-ინგლის-საბერძნეთის წინააღმდეგ...

მაისურაძეს საშველად მას შემდეგ დაუძახეს, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებიდან გოჩა ავსაჯანიშვილი გაუშვა. მწვრთნელმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რას დათანხმდეს და რას - არა. მაისურაძე დათანხმდა.

პირადად მე, მჯერა, რომ მას სხვა არაფერი ამოძრავებდა, თუ არა საქმის სიყვარული...

ეგაა, მწვრთნელს მისთვის უცნობი თაობის ბოლომდე გასაცნობად და თამაშის დასალაგებლად დრო არ ეყო. ვერც ეყოფოდა. რატომღაც მგონია, რომ მწვრთნელი მეტ რესურსს ელოდა ამ ნაკრებში და ამიტომაც მივიდა მისთვის უცნობ გუნდში, მაგრამ... მას ეს რესურსი არ დახვდა.

ჩემი აზრით, საქართველოს არასოდეს ჰყოლია ასეთი ნაკრები ამ ასაკში...

"ვასკა მაისურაძე სუფთა კაცია" - ხშირად გაიგონებთ ქართულ საფეხბურთო თემში. მწვრთნელმა იგრძნო პასუხისმგებლობა და წავიდა. ის ახლა ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
თავის წილ პასუხისმგებლობას ვერაფრით გაექცევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც.

მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა - შუა მდინარეში ცხენებს არავინ ცვლის. მას შემდეგ, რაც ჩვენმა 17-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლიეს, მწვრთნელის შეცვლას არავინ ელოდა.

მაშინვე გამოვთქვით ვარაუდი, რომ ეს საქმე კარგად არ დასრულდებოდა. ვაითუ, ჩვენს გუნდს სასურველი შედეგი ვერ დაედო ელიტრაუნდში და მაშინ აუცილებლად გაჩნდებოდა კითხვა - რა იქნებოდა მაშინ, მწვრთნელი ისევ გოჩა ავსაჯანიშვილი რომ ყოფილიყო?

ქართულ საფეხბურთო კულუარებში მწვრთნელების თაობაზე ათასგვარ ჭორ-მართალს გაიგებ. დაახლოებით ვხვდები, რატომ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ის საკითხი არ არის, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, მით უმეტეს, მხოლოდ ვარაუდია.

კარგი იქნებოდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რომელიმე ხელმძღვანელს ზუსტად აეხსნა, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ან არა და, შე დალოცვილო, აცადე მწვრთნელს იქ თამაში, სადამდეც თვითონ მივიდა. აცადე და თუ შედეგს ვერ მიაღწევს, მოხსენი მერე.

მახსოვს, მაშინ ითქვა - მწვრთნელსა და ჩვენ სხვადასხვა ხედვა გვაქვსო. მწვრთნელის ხედვა არის ტაქტიკა, სელექცია, თამაშის გაძღოლა. ანუ ის სფეროა, რაშიც ფეხბურთის ფედერაცია არ უნდა ერეოდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, არ იყო ეს ის არგუმენტი, ქვას რომ გახეთქავდა. თუ ავსაჯანიშვილის მიმართ სხვა პრეტენზია ჰქონდათ (უფრო წონადი, რა თქმა უნდა), ეთქვათ და გავიგებდით.

თაობა
არაერთხელ დავწერეთ, რომ საქართველოს ამ ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრებში დღეს არ არიან გამოკვეთილი ინდივიდუალისტები.

თავის დროზე, ვასილ მაისურაძემ დიდ წარმატებას რომ მიაღწია, მას გუნდში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავდა - გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე და სხვები. დღევანდელ გუნდში კი ასეთი გამოკვეთილი, სამწუხაროდ, არავინაა.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ბიჭებს ხაზი უნდა გადავუსვათ. პირიქით, 17 წლის ფეხბურთელი ვერაფრით იქნება ჩამოყალიბებული, მზა პროდუქტი. ჩვენ არაერთი ისეთი მოთამაშეც ვიცით, რომელიც ამ ასაკში არაფრით ყოფილა გამორჩეული და მერე "გახსნილა".

იმედია, ამ ბიჭების შემთხვევაშიც ასე იქნება და ისინი მომავალში იტყვიან სათქმელს. ჯერ ყველაფერი წინაა.

ინფანტილიზმი და პროფესიონალიზმი
"მიხეილ მესხზე" პრესლოჟა ისეთ ადგილზეა, ჟურნალისტი მინდვრის საპირისპირო მხარეს მომხდარს კარგად ვერ ხედავს. უნდა გამოვტყდე - ის ეპიზოდი, რაზეც ახლა უნდა დავწერო, უშუალოდ სტადიონზე არ მინახავს. ვნახე მხოლოდ მოგვიანებით და... ძალიან, ძალიან დამწყდა გული.

დაახლოებით ასეთი რამ ხდება: ქართველმა და რუსმა ფეხბურთელებმა ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს. ამ დროს ჩვენი მოთამაშე რუსის გამოწვდილ ხელს საკუთარს არ აგებებს და თავის მოფხანის იმიტაციას აკეთებს (იხილეთ ვიდეო).

ასეთი რამ ღრმა ბავშვობაში, ალბათ, ყველას გაუკეთებია, მაგრამ ყველაფერი ეს იმ ბავშვობაშივე ჩარჩენილა. როცა ფეხბურთელი ხარ და პროფესიონალიზმზე გაქვს პრეტენზია, ასეთი რამ არ უნდა გააკეთო.

გასაგებია, რომ რუსეთია. ფეხბურთი არ არის პოლიტიკა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ყველა მეტოქეს ერთნაირად უნდა ვეთამაშოთ. ჰოდა, იმ რუსს მინდორზე აჯობე, თუ კლასით ვერ ჯაბნი, ბრძოლაში აჯობე. თუ არა და, საფეხბურთო მინდორი "საღადაო" ადგილი არც ყოფილა და არც იქნება.

ისიც ფაქტია, რომ 17 წლის ფეხბურთელმა კარგად უნდა იცოდე, რას ნიშნავს და რას გულისხმობს სათამაშო დისციპლინა. ვერ ვიხსენებ ისეთ სულელურ წითელ ბარათს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელმა მიიღო იტალიასთან შეხვედრაში (როცა არაფრის გამო სასტიკად მოეპყრა მეტოქის ფეხბურთელს).

რა ვთქვათ? მოკლედ, ბევრ ასპექტში დაღვინება სჭირდებათ ბიჭებს და ეს დროც გასავლელია, ეს სენიც მოსახდელია, ოღონდ არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, თორემ დიდი ფეხბურთის მატარებელი ისე უცებ ჩაგიქროლებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ბატონო ლევან კარგი სათაური აქვს ამ სტატიას თქვენ უნდა გასცეთ პასუხი ვისი და რისი ბრალია ასაჯანიშვილს ნაღდად არ ვიცავ არ უნადა მოგეხსნათ სულ სამი თამაში გეცლიათ რა ჯინი გქონდათ ასეთი გადააყოლეთ ელიტრაუნდი წინა ტურში ნახეთ რამდენი გოლი გაიტანეს ბელგიასთან რა თამაში შემოაბრუნეს აქ ერთი გოლი ვერ გაიტანეს ეს პატიოსანი კაცი მაისურაძე რა შარში გახვიეთ კი იძახის სამი კაცი იყო ჩემი მოყვანილი ამ ნაკრებშიო 15 ვინ აარჩია და ვინ მიუყვანა იმასაც იტყვის იაგორაშვილის კომენტარი საინტერესოა რა ურჩია მაისურაძეს ეტყობა
goga
16:52 24-03-2016
0
აი 3 ნომერს ფედერაციისთვის უნდა ექნა ისე ხელი როგორც რუსს ფეხბურთელს უქნა განსაკუთრებით მუჯირისთვის 17 წ მუჯირი ჩაერია ეს ცნობილია ფაქტია
maxop
11:40 26-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული