ვაკო გვილია: ეს ერთი ოცნება ახდა, მთავარი წინ არის - ეროვნული ნაკრები...

AutoSharing Option
სან მარინოს 21-წლამდელთა ნაკრებთან შესარჩევი მატჩის მოგების (4:0) შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული გუნდი უკრაინელებთან ამხანაგური სპარინგისთვის სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ემზადებოდა - ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია და ნიკა კაჭარავა ეროვნულ გუნდში მიიწვიეს. ახალგაზრდულის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მათ ნაცვლად ბელარუსული "მინსკის" ნახევარმცველი ვალერიან (ვაკო) გვილია გამოიძახა.

ვერ ვიტყვით, როგორ განვითარდება გვილიას კარიერა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი ისტორიაში უკვე შევიდა. "მინსკის" ქართველი ნახევარმცველი იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, ორი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ფორმა რომ მოირგო: 2015 წელს ის უკრაინის 21-წლამდელებში გამოიძახეს
და ამ ქვეყნის სახელით, 4 საკონტროლო მატჩიც ჩაატარა...

მაგრამ 2015 წლის ბოლოს გვილიამ უკრაინა დატოვა, საქართველოს პასპორტი დაიბრუნა და მისი მოქალაქეობის გრაფაში უკვე "საქართველო" წერია.

გეგუჩაძე ახალგაზრდა მოთამაშის შესაძლებლობებით დაინტერესდა და, ალბათ, ბედის ირონია იყო, რომ გვილიამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმა პირველად სწორედ იმ უკრაინასთან მატჩში მოირგო, სადაც ერთი წლის წინათ თავად თამაშობდა.

"მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები უკრაინული ფეხბურთისა და ზაპოროჟიეს "მეტალურგის", რადგან ამ გუნდმა სწორ გზაზე დამაყენა. მისი ფორმით ყველა საფეხური გავიარე, დაწყებული - ოლქის ჩემპიონატით და უკრაინის პრემიერლიგით დამთავრებული.

სამწუხაროდ, მერე "მეტალურგი" გაკოტრდა. იყვნენ ადამიანები, რომელთაც ამ გუნდის დაძირვა აინტერესებდათ... მე კი ახალი კლუბი მოვძებნე.

სხვათა შორის, 16 წლის რომ ვიყავი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც ვითამაშე და ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების სახელით გამოსვლა მსურდა.

ამის გამოა, უკრაინის ახალგაზრდული გუნდის ფორმა მხოლოდ ოთხჯერ რომ მოვირგე და ისიც - არაოფიციალურ შეხვედრებში. მაგრამ ამით არაფერი იცვლება: მადლობა უკრაინას და უკრაინელებს! მე ამ ქვეყნის ამაგს არასოდეს დავივიწყებ", - ამბობს გვილია.

21 წლის ნახევარმცველმა "ლელოსთან" ილაპარაკა, თუ რა რეაქცია ჰქონდათ უკრაინელებს, როცა თავისი ყოფილი თანაგუნდელი მეტოქის წითელი ფორმით დაინახეს:

"რა რეაქცია ჰქონდათ და, ჩემი ნახვა გაუხარდათ. დიდად გაკვირვებულები არც იყვნენ, რადგან მათთან რომ ვთამაშობდი, მაშინაც ვეუბნებოდი, მომავალში მაინც საქართველოს ნაკრების სახელით თამაში მსურს-მეთქი".

გვილია უშუალოდ უკრაინასთან მატჩზეც გველაპარაკა:

"ამ დებიუტის შემდეგ მხოლოდ პოზიტიური ემოციები დამრჩა, რადგან ოცნება - მეთამაშა საქართველოს ნაკრების მაისურით - უკვე ამიხდა. თანაც, ეს უკრაინის წინააღმდეგ მოხდა. ამისთვის დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს.

მათი დავალება იყო, "პირველ ნომრად" გვეთამაშა და მოგვეგო. ჩვენ უნდა გვქონოდა ბურთი და თამაში გვეკონტროლებინა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, სხვაგვარად ფეხბურთი წარმოუდგენელია, მაგრამ ბურთის კონტროლს მაინც ვახერხებდით.

რეალური იყო, მოგვეგო და ის გულშემატკივრები გაგვეხარებინა, რომლებიც, თავსხმა წვიმის მიუხედავად, სტადიონზე მაინც მრავლად მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა, მათი მხარდაჭერა ძალას გვმატებდა...

სამწუხაროა, რომ ბოლო წუთებზე გოლი გავუშვით და ვერ მოვიგეთ. მაგრამ მიამჩნია, რომ მთლიანობაში, საკმაოდ კარგ მეტოქესთან საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საკმაოდ კარგად ითამაშა".

გვილიას საკუთარი თამაშის შეფასებაც ვთხოვეთ:

"მეტყობოდა, რამდენიმე თვე რომ გამიცდა. ჯერ სათამაშოდ 100 პროცენტით მზად არ ვარ, მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიქნები ოპტიმალურ ფორმაში და იმედია, საქართველოს ნაკრებს კიდევ არაერთხელ გამოვადგები.

მთავარი ოცნება ჯერ არ ამიხდენია - ეს არის ეროვნულ ნაკრებში თამაში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ოღონდ, ამას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არ მოეშვა ვაკო, კიდევ უფრო მოინდომე, დარწმუნებული იყავი რო შენისთანა ბიჭები არამარტო ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს არამედ მთლიანად ქვეყანას ჭირდება, წარმატებებს გისურვებ!
giorgi
00:52 05-04-2016
0
თაზოს:
მოეშვით ბოღმა ლაპარაკებს. ეს პატრიოტი ბიჭია და მიბაძეთ ასეთ ხალხს. წარმატებები ჯიმკა!
georgian
04:12 04-04-2016
0

სიახლეები პოპულარული