"ახლა პირველად შეიკრიბება 18-წლამდელთა ნაკრები და მეც ამ გუნდში მუშაობაზე გადავერთე. ეს გუნდი მომავალ წელს საქართველოში გასამართავ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ სელექციაზე ვმუშაობთ და კანდიდატებს მალე დავასახელებთ.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ტურნირზე ვითამაშოთ, კანდიდატები საქმეში ვნახოთ და ოპტიმალურ შემადგენლობაზე ჩამოვყალიბდეთ", - ამბობს გიორგი ყიფიანი.
"25-29 აპრილს სლოვაკეთის თასზე ვითამაშებთ. გუნდი 20 აპრილს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბება და მზადებას დავიწყებთ, სლოვაკეთში კი 24 აპრილს გავემგზავრებით. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან აშშ, სლოვაკეთი და უკრაინა. მეორე ჯგუფში ითამაშებენ ნორვეგია, მაკედონია, ჩეხეთი და რუსეთი. შემდეგ მეოთხე თამაშიც გველის და მიმაჩნია, რომ გუნდის ჩამოსაყალიბებლად სასარგებლო ტურნირი იქნება.
გარდა ამისა, 2 და 4 ივნისს თბილისში ორჯერ შევხვდებით უკრაინას. ტურნირებისთვის დავგეგმეთ სექტემბერიც და ოქტომბერიც. ამ მატჩების დანიშნულება ფეხბურთელების შესაძლებლობების მაქსიმალურად შესწავლა და გუნდის კარგად მომზადებაა", - აცხადებს ყიფიანი.
ყიფიანის თქმით, ნოემბერში თბილისი ძალიან საინტერესო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოში ჩამოვლენ ესპანეთი, ჰოლანდია და, სავარაუდოდ, ინგლისიც.