გია გეგუჩაძე: გამოვაქვეყნებთ შემადგენლობას და ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავთ...

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თავაწეულმა დაასრულა. გია გეგუჩაძის შეგირდებმა ბოლო ორ მატჩში, ესტონეთთან და ხორვატიასთან, 4 ქულა მოიპოვეს.

თუ გასვლაზე ესტონეთის დამარცხება კანონზომიერებად უნდა მივიჩნიოთ, ხორვატებთან ზესტაფონში მოპოვებული ქულა და, მეტადრე, ნაჩვენები თამაშის ხარისხი განსაკუთრებით დასაფასებელია.

- U21. საქართველო-ხორვატია 2:2 - ძალიან მწარე პერიცა... [VIDEO]
- U21. ესტონეთი-საქართველო 0:1 - უნდა გაგვეტანა ათი, გავიტანეთ ერთი... [VIDEO]

ხორვატებისთვის ამ შეხვედრის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ქართველებთან ფრემ მათ, დიდი ალბათობით, წყალში ჩაუყარა მთელი ციკლის განმავლობაში გაწეული
შრომა.

ჩორიჩი, როგი - ეს ფეხბურთელები ზაგრების "დინამოს" ლიდერები არიან. ხორვატიის ნაკრებს სხვა ყოჩაღი მოთამაშეებიც ჰყავს, ევროპის წამყვან ლიგებში რომ ჩაუქობენ. ასეთ გუნდთან საქართველომ თანაბრად ითამაშა და მთელ რიგ ეპიზოდებში დომინირებდა კიდეც.

ახლა მთავარზე: ამ შემადგენლობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აღარ ითამაშებს. მომავალ შესარჩევში გია გეგუჩაძე ახალ გუნდს შეკრებს. "ლელო" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დღევანდელობასა და მომავალზე ესაუბრა...

- ჯერ ზოგადად შევაფასოთ ესტონეთსა და ხორვატიასთან გამართული მატჩები...
- ჯერ შედეგის თვალსაზრისით შევხედოთ საკითხს. ესტონეთთან და ხორვატიასთან მატჩებში ჩვენ 4 ქულა ავიღეთ. ეს ცუდი არ არის, თუმცა უნდა გითხრათ, რომ 6 ქულას ვგეგმავდით.

ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები, შემადგენლობის მიხედვით, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. იოლი თამაში არც ესტონეთში ყოფილა. მასპინძლები ყველანაირად შეეცადნენ, თამაში ჩაეკეტათ. მიუხედავად ამისა, ტალინში არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით და მოვიგეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ესტონეთში გაცილებით ზუსტად უნდა გვეთამაშა დამაგვირგვინებელ ფაზაში. ბევრი საგოლე მომენტიდან მხოლოდ ერთი ბურთი გამოვიყენეთ... რაც შეეხება ხორვატიასთან მატჩს, ჩვენ პერიოდულად ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რისკენაც მივდივართ. ამ შეხვედრაშიც შეიძლებოდა შეტევის ბოლო ფაზაში ზუსტად მოქმედება...

- ხორვატიასთან მატჩში ჩვენი დაცვა რამდენჯერმე შეცდა...
- შეცდომები ყველა სათამაშო რგოლში იყო. მხოლოდ დაცვის შეცდომებზე აქცენტის გაკეთება არასწორად მიმაჩნია. გარკვეული შეცდომები იყო შუა ხაზშიც და თავდასხმაშიც, რაზეც უკვე მოგახსენეთ. ესტონეთის ნაკრებმა ჩვენს კართან საერთოდ ვერაფერი შექმნა. ხორვატია ესტონეთზე გაცილებით მაღალი დონის გუნდია და ეს გამოჩნდა კიდეც ჩვენთან შეხვედრაში.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ახალ ციკლს ახალი შემადგენლობით დაიწყებს. სელექციას უკვე შეუდექით?
- შეიძლება ითქვას, უკვე დღეიდან იწყება ამ კუთხით მუშაობა. ნაწილობრივ აქამდეც გადავდგით ნაბიჯები. ესტონეთთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში მოვიწვიეთ არაერთი ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც ახალგაზრდულს მომავალ შესარჩევ ციკლშიც დაეხმარებიან.

მოგეხსენებათ, ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს - გასვლით ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთს დავუპირისპირდებით. ამ მატჩისთვის საგანგებოდ უნდა მოვემზადოთ. მართლაც რომ უძლიერესი მოწინააღმდეგე გვეყოლება.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვიხილოთ ისეთი ლეგიონერები, რომლებიც ბოლოს არ ყოფილან ამა თუ იმ ნაკრებში, ან სულაც ქართული ფესვები აქვთ?
- მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ კუთხით ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს. მათ შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთად გავიხსენოთ შედარებით მივიწყებული გვარები...

- უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით?
- ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ყველაფერზე ღიად ლაპარაკი ცოტა ადრეა. საფრანგეთში გამგზავრებამდე ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობას და საკუთარი თვალით ნახავთ ყველაფერს.

- ბევრს უკვირს, რატომ არ იყო ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გიორგი არაბიძე...
- მარტივად გავცემ თქვენს კითხვას პასუხს: მე ვისაც მოვიაზრებდი, ის ფეხბურთელები მოემზადნენ ესტონეთსა და ხორვატიასთან მატჩებისთვის...

- არაბიძეს მომავალში თუ მიეცემა თავის გამოჩენის შანსი?
- ჩვენ უკვე შევეხეთ ნაწილობრივ ამ თემას. ყველას მიეცემა შანსი, ვინც ფიზიკურად და მენტალურად იქნება მზად, რომ საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას.

- საქართველოში მძაფრად დგას "გამტანი ფორვარდის" პრობლემა. თქვენს ნაკრებში ეს ყველაზე ნაკლებად იგრძნობოდა - თუნდაც, ნიკა კაჭარავას გოლი ავიღოთ ხორვატთა კარში...
- უნდა დაგეთანხმოთ, ზოგადად ქართულ ფეხბურთში ეს პრობლემა ნამდვილად დგას. არადა, ჩვენ ქართულ ფეხბურთს წარმოვადგენთ, რომლის მთავარი მახასიათებელი არის შეტევა, თავდაუზოგავი სწრაფვა გოლისკენ, შემოქმედებისკენ... ალბათ, ამ მხრივ მეტად უნდა გააქტიურდნენ კლუბებიც. მე მაინც მჯერა, რომ თუნდაც ახალგაზრდებთან სწორი მუშაობით მოგვარდება ეს პრობლემა.

- ვაკო გვილიას თქვენ გაუღეთ ახალგაზრდული ნაკრების კარი. კარგ საქმედ მიგვაჩნია ამ ფეხბურთელის საქართველოსთვის შენარჩუნება. როგორ ფიქრობთ, მას შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ქვეყნის პირველ ნაკრებს?
- რატომაც არა?! გეტყვით, რომ ვაკოს თაობაზე ვესაუბრე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს... მან იცის გვილიას შესაძლებლობების თაობაზე.

- ალბათ, ბევრს აღარც ეჯერა, თუ ასეთ ძლიერ მეტოქესთან საქართველოს ნაკრებს თუნდაც გარკვეულ მომენტებში დომინანტური ფეხბურთის თამაში შეეძლო. როგორც წესი, დღეს ქართული გუნდები და ნაკრებები ასე აღარ თამაშობენ...
- რახან ასეთ შეფასებას ვიმსახურებთ, გამოდის, რომ რაღაც დონეზე გვითამაშია ასეთი ფეხბურთი. რახან ვითამაშეთ, გამოდის, რომ ასე თამაში შეგვიძლია. არაფრიდან არაფერი ჩნდება. ესე იგი, ჩვენს ბუნებაში, სადღაც სიღრმეში არის ასეთი ფეხბურთი, არის ეს ნაპერწკალი და ის აუცილებლად უნდა გაღვივდეს. ამასთან, აუცილებელია ბალანსის დაცვა. მხოლოდ შეტევით ან მხოლოდ დაცვით ფონს ვერ გახვალ. მოწინააღმდეგეს უნდა შესთავაზო ისეთი ფეხბურთი, რომელიც მიგიყვანს წარმატებამდე.

- ჩვენი საუბარი იმ თაობის შეფასებით დავასრულოთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მომავალ შესარჩევ ციკლში დაიცავს საქართველოს ღირსებას...
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის თაობა, რომელიც რეალურად შეძლებს ქართველი გულშემატკივრების გახარებას. ახლა ქართულ ფეხბურთში ისეთი გარდაქმნები ხდება, ისეთი ნაბიჯები იდგმება, რომ ისინი მოკლე ხანში გამოიღებს შედეგს. ჯერ იქნება შედარებითი უკეთესობა, მერე კი, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, კიდევ უფრო კარგად იქნება საქმე.

ძალიან კარგად მესმის ქართველი გულშემატკივრის. ის დაიღალა ამდენი წარუმატებლობით და მალე უნდა შედეგი. ფეხბურთში კი ყველაფერს დრო სჭირდება. მე მჯერა, რომ მუხლჩაუხრელი შრომით შევძლებთ ქართველი ქომაგის გახარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ხასიათი რონალდუსაც არა აქვს კარგი მაგრამ ევროპის ჩემპიონობა მოაგებინა პორტუგალიას, არ დამიწყეს ახლა ხასიათების შესწავლა ფეხბურთელებისი?! ხასიათი გოგოსი უნდა მოსწონდეს ბიჭს!!!
giorgi
19:34 09-09-2016
0
კიდევ ერთხელ გავმეორდები
---------------------------
მწვრთნელი იმიტომ ქვია ადამიანს და მითუმეტეს ახალგაზრდულის, რომ მან ახალგაზრდის ტალანტი და მენტალიტეტიც გუნდისთვის გამოიყენოს. არა აქ სხვა რამეში ჩანს ალბათ პრობლემა. სამწუხაროდ ამაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს, სამაგიეროდ საქართველო დაკარგავს სასარგებლო ფეხბურთელს. არაბიძეს მხარე ბევრს არაფერს, მარტივად მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და სინდისი ვის მხარეს იქნება. მერე არ შერცხვეს ახალგაზრდულების და ეროვნულების მწვრთნელებს, ასევე ფედერაციას. გამოფხიზლდით, ასეთი ტალანტი ბევრი არ გვყავს ხალხოოო
--------------------
dato
10:25 09-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული