გია გეგუჩაძე: არც სირთულეებს გავურბივარ და არც რთული ხასიათის ბიჭებს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზდული ნაკრები საფრანგეთში დიდი ანგარიშით დამარცხდა. ცხადია, წაგება სასიამოვნო არასოდეს იქნება, თუმცა რამდენიმე გარემოება მაინც გასათვალისწინებელია. თუნდაც ის, რომ ჩვენმა ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მოწინააღმდეგეზე ადრე დაასრულა. გია გეგუჩაძემ გადაახალისა გუნდი და შესანიშნავად დაკომპლექტებულ საფრანგეთის ნაკრებს ასაკით უმცროსი შეგირდები დაუპირისპირა.

- U21. საფრანგეთი-საქართველო 5:1 - მტკივნეული ჩამორჩენა [VIDEO+PHOTO]

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ შეკრება საქართველოში გაგრძელდა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ფრედ ითამაშა "ცხინვალთან" - 1:1.

- საქართველო(U21)-ცხინვალი 1:1 - გადახალისებული ფრე [VIDEO]

საინტერესოა, რომ
გეგუჩაძემ საქართველოში ორი ლეგიონერიც იახლა - ბელგიური "გენტის" შემტევი გიორგი ბერიძე და ესპანური "ალბასეტეს" შუახაზელი ლადო მოხევიშვილი.

"ლელო" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- საუბარი დავიწყოთ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართული მატჩის შეფასებით...
- მართალია, ჩვენთვის შედეგი არასახარბიელო და მიუღებელი იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრამ ძალიან ბევრი მისცა. მოგეხსენებათ, ჩვენ ვქმნით ახალ გუნდს, რომელიც ასეთ შეხვედრებში უნდა გამოიცადოს.

თუნდაც მატჩის საორგანიზაციო დონე იყო უმაღლესი. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა იგრძნეს, რა არის ნამდვილი ფეხბურთი. მეტოქე ჩვენზე უფროსი იყო. თანაც, ჩვენმა ნაკრებმა ამ შემადგენლობით პირველად ითამაშა და ესეც გასათვალისწინებელია.

- რეალურად არის კი ეს ის თაობა, რომელსაც შეუძლია გარკვეული წარმატების მიღწევა და ჩვენი გულშემატკივრის გახარება?
- ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სწორედ ასე იქნება. ვმუშაობთ უწყვეტ რეჟიმში. საფრანგეთიდან რომ დავბრუნდით, შეკრების ფარგლებში "ცხინვალთან" ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრა. ვათამაშეთ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები. გვყავდა მხოლოდ ორი ლეგიონერი - მოხევიშვილი და ბერიძე.

ჩვენ გვინდა, რომ სანაკრებო შანსი მივცეთ ყველას, ვინც ამ შანსს იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, ყველა მიიღებს ამ შანსს. მოკლედ, მიდის სამუშაო პროცესი, ვქმნით ახალ გუნდს.

- თქვენ საქმეში ნახეთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ჩვენსა და ევროპულ ფეხბურთს შორის უფსკრულია, თუნდაც, ტექნიკურ-ტაქტიკური მომზადების კუთხით...
- ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვდგავართ ამ პრობლემის წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ზოგიერთ ქართულ კლუბში არ დგას მუშაობა იმ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წლეულს კიდევ ითამაშებს?
- კი, აუცილებლად ითამაშებს. ახალი გუნდის ფორმირების პროცესში ვართ და ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ამხანაგური თამაში ჩავატაროთ. ნოემბერშიც არის სანაკრებო დღეები და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

- ვისთან აპირებთ სპარინგს?
- ჯერ არ არის გადაწყვეტილი. არის რამდენიმე ვარიანტი, მიდის მუშაობა...

- თბილისში გირჩევნიათ თამაში?
- ვნახოთ...

- ვაკო გვილიაზე უნდა გკითხოთ. მას პირველად თქვენ მიეცით შანსი ახალგაზრდულ ნაკრებში. მან უკვე ერონულ გუნდშიც ითამაშა და ის ყველას მოგვეწონა. როგორ ფიქრობთ, შეძლებს გვილია გრძელვადიან პერსპექტივაში, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდეს?
- იცით, არ მიყვარს ცალკეულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი, თუმცა ახლა პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ეროვნულ ნაკრებში გვილიას თამაშით მეც თქვენსავით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვფიქრობ, მას შეუძლია, ძალიან სასარგებლო, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ შევძელით და ასეთი კადრი მივაწოდეთ ეროვნულ ნაკრებს. ეს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

- ახალ გუნდს ქმნით და, რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ გამოგრჩებათ ის ლეგიონერები, რომელთაც შეუძლიათ, გუნდი გააძლიერონ...
- ამ საკითხზეც ვმუშაობთ. არიან კონკრეტული მოთამაშეები, თუმცა ჯერ სამუშაო პროცესია და დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ. მოხევიშვილი და ბერიძე საფრანგეთიდან საქართველოში წამოვიყვანეთ და ვათამაშეთ "ცხინვალთან" ამხანაგურ მატჩში. იცით, რომ საფრანგეთში შეუერთდა ნაკრებს "ოსერის" შემტევი ჯობავა...

- მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. როგორი შთაბეჭდილება დატოვა ჯობავამ?
- პირველი შთაბეჭდილება დადებითია. საერთოდ, ჩვენი მიდგომა ასეთია - ფეხბურთელმა მაქსიმალურად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, მარტო შეკრებები ვერ უშველის საქმეს.

- გიორგი არაბიძეს თუ მოიაზრებთ ახალგაზრდული ნაკრების გრძელვადიან პერსპექტივაში? ამბობენ, რომ მას რთული ხასიათი აქვს, არადა, მისი ნიჭი სჭირდება საქართველოს...
- ჩვენ არ გავურბივართ სირთულეებს და არც რთული ხასიათის ბიჭებს. რამდენ გუნდსაც ვწვრთნიდი, ყველგან მყავდა ასეთი რთული ხასიათის ფეხბურთელები. ფეხბურთელის შეფასებისას, ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ნიჭი. ამასთან ერთად, ფეხბურთელი თავად უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანოს გუნდს და ქვეყანას...

რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, დიახ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პერსპექტივაში მასაც აუცილებლად ვითვალისწინებთ. მას მე ვაკვირდებოდი ბოლო მატჩებში და მომეწონა. თუნდაც ის ავიღოთ, რომ ახლა გაცილებით მეტს მოძრაობს.

აქვე გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც თბილისში გაიმართება. ეს არის დიდი საფეხბურთო ფორუმი და იქ არაბიძემ სხვებთან ერთად ბოლომდე უნდა წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

- დაბოლოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გამართულ ბოლო ორ მატჩზეც უნდა გკითხოთ. საინტერესო იქნებოდა თქვენეული შეფასება...
- სხვათა შორის, ჩვენს გუნდს აქტივში ჩავუწერდი ავსტრიასთან თამაშსაც. უელსთან მატჩის შემდეგ კი, ალბათ, უნდა დასრულდეს ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს ნაკრები ერთი ტაიმის გუნდია.

მოკლედ, ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ ორივე შეხვედრაში და თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუნდში არაერთი ახალი სახე გამოჩნდა. ეროვნულ ნაკრებსაც იმედის თვალით ვუყურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როცა გვინდა გრძელი სკამი ეროვნულ ნაკრებისათვის,უნდა გვყავდეს 21 წლ.ნაკრები ძლიერი.
999999999999
09:14 16-10-2016
0
აბსოლუტურად ვეთანხმები datiko-ს
ბაჩო გ
15:57 15-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული