საქართველოს 2016 წლის თასის მფლობელი 11 ფეხბურთელს შეელია და 5 ახალწვეული ჰყავს: გურამ ადამაძე, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, მერაბ გიგაური და ნიკა საბანაძე. გუნდთან ერთად რამდენიმე მოთამაშემ ივარჯიშა, რომელთა დარჩენა-არდარჩენის საკითხს სამწვრთნელო შტაბი კლუბის ინტერესებიდან და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაწყვეტს. ერთი მათგანი მეკარე როინ კვასხვაძის ძმა, გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ნიკა კვასხვაძეა.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ტორპედოელები უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა
"მომავალ ჩემპიონატში ჩვენი ამოცანა მხოლოდ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა იქნება. ზაფხულში ევროპის ლიგაზეც საპასუხისმგებლო თამაშები გველოდება.
5 ახალი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ დაკომპლექტება გრძელდება, თუმცა ჯერ გაძლიერების საშუალება არ გვაქვს.
ხშირად ველაპარაკები ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავას, რომელსაც კლუბში მოსვლის დიდი სურვილი აქვს. ის ქალაქის მერს, შოთა მურღულიას შეხვდა და როგორც ვიცი, ორივე მხარეს თანამშრომლობის დიდი სურვილი გააჩნია.
დიდი იმედი მაქვს, ეს მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში კლუბის სასარგებლოდ დასრულდება, რაც "ტორპედოს" გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს", - ამბობს ჩხეტიანი.
მან მოსამზადებელი ეტაპისა და მოსალოდნელი სირთულეების შესახებაც ილაპარაკა:
"თავიდან საღორიის ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოვემზადებით, რადგან ბუნებრივი მინდორი ახლა კონდიციაში მოჰყავთ. მთავარ ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ.
ქუთაისი რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშებს უმასპინძლებს, მორაგბეები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონითა და ჩვენი ბაზის მოედნით ისარგებლებენ და, შესაძლოა, ორივეზე საფარი ამის გამო შეცვალონ. ამაზე პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება. სხვაგვარად, "ტორპედოს" საფარის გაუმჯობესება საკუთარი სახსრებით მოუწევს, რადგან შეკრებიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა ნორმალურ მოედანზე უნდა ივარჯიშონ".
"ზამთრის თასის" შემდეგ "ტორპედო" საქართველოში ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს - სავარაუდოდ, 25 და 28 იანვარს, აგრეთვე, 1-ელ და 4 თებერვალს. 7 თებერვალს გუნდი ორი კვირით ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 5 საკონტროლო შეხვედრას გამართავს 10, 13, 16, 18 და 20 თებერვალს. მეტოქეთა ვინაობა უახლოეს პერიოდში დადგინდება. 1-ელ მარტს კი "ტორპედო" საქართველოს სუპერთასისთვის "სამტრედიას" შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"