გია ცეცაძე: წავიდნენ, აბა, რა უნდა ქნან?! ეს "სამტრედიის" დაშლას არ ნიშნავს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" თბილისში შეიკრიბა და სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი ჯერ მსუბუქად ვარჯიშობს და დღეს "ზამთრის მასტერსში" ჩაერთო, რომელსაც ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს.

"მზადება 11 იანვარს დავიწყეთ. ჯერ თბილისში ვივარჯიშებთ, 31 იანვარს კი თურქეთში გავემგზავრებით, სადაც 15 თებერვლამდე დავრჩებით და 4-5 საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდებით და ქუთაისის "ტორპედოსთან" სუპერთასის შეხვედრისთვის მოვემზადებით, რომელიც 1-ელ მარტს გაიმართება", - ამბობს "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე.

სეზონის დასრულების შემდეგ "სამტრედიაში" რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: გუნდი დატოვეს ბუდუ ზივზივაძემ, ბაჩანა არაბულმა, ლაშა
შერგელაშვილმა
და დაჩი ცნობილაძემ. ჯერ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მოვიდა - "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოდან" ავთანდილ ენდელაძე დაიბრუნა.

ბევრმა ჩათვალა, რომ ლიდერების წასვლით "სამტრედია" ახალ ჩემპიონატს დასუსტებული შეხვდება. ცეცაძე ამ აზრს არ ეთანხმება:

"ჯერ გარკვეული არ არის, ვინ მოვა და ვინ წავა, მაგრამ ლაპარაკი გუნდის დაშლასა და დასუსტებაზე უადგილოა. არაბული "დინამოს" ეკუთვნოდა და დაიბრუნდა, რამდენიმე მოთამაშეს კი უცხოეთში კარიერის გაგრძელების შანსი გაუჩნდა და მათ ხელს ვერავინ შეუშლიდა. უნდა წავიდნენ და განვითარდნენ, აბა, რა უნდა ქნან?

მაგრამ ეს "სამტრედიის" დაშლას არ ნიშნავს, მოვიყვანთ ახალ ფეხბურთელებს და ავათამაშებთ.

სეზონის დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, ზივზივაძე საუკეთესო ფეხბურთელი გახდებაო, დაიჯერებდით? საქართველოში და "სამტრედიაშიც" ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, რომელთა შესაძლებლობებს გახსნა და წარმოჩენა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, სასურველ და სასარგებლო მოთამაშეებს მოვიყვანთ".

გარდამავალ ჩემპიონატში "სამტრედია" 14-15-კაციან ბირთვს ეყრდნობოდა. 2017 წლის ჩემპიონატი კი გაცილებით რთული იქნება, რადგან 10 გუნდი ოთხ წრედ 36 მატჩს ჩაატარებს და გაცილებით მეტი რესურსია საჭირო. ხომ არ აპირებს ცეცაძე ამ ბირთვის გაზრდას?

"მესმის, რომ დატვირთვა უფრო მეტ ფეხბურთელზე უნდა გადანაწილდეს, მაგრამ წლეულსაც დაახლოებით ასევე იქნება, შესაძლოა, 16-18 კაცი გვყავდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან კარგად ვიცი ცეცაძის მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათი! არასოდეს დაითრგუნება! არასოდეს დაყრის ფარ ხმალს მაგრამ ამ კაცს ომის გადატანა მოუწევს ევრო სარბიელზე! საბედნიეროდ სამტრედიას ძალიან ძლიერი მთავარსარდალი ყავს ცეცაძის სახით! ასევე ძალიან ნიჭიერი ფიზ მომზადების მწვრთნელი ბატონი თემურ ლორთქიფანიძე , მიუხედავად ამისა კიდევ ვიმეორებ ამ ხალხს ომის გადატანა უწევთ, ომს კი მოგეხსენებათ მათ გარდა ვინც მოვიხსენე ჯარიც ჭირდება! მინდა იმედი ვიქონიო რომ ღირსეული შევსება იქნება იმ წასული ფეხბურთელებისა ვინც გუნდი დატოვეს, სხვანაირად შედეგი წარმოუდგენელია ამხელა დონეზე! წარმატებები გიას და ყველა სამტრედიის გულშემატკივარს!!!!!!!!!
temur potskhveria
00:09 15-01-2017
0
ვეთანხმები ცეცაძეს, ფეხბურთელს გახსნა და წარმოჩენა ჭირდება რაც დაამტკიცა უკვე ამკაცმა ამ კლუბში მიწვეული ახალგაზრდა ფეხბურთელებით,რომლებიც სათადარიგო სკამზე ისხდნენ თავიანთ ყოფილ კლუბებში,და რომ არა ასეთი სწორი ხედვა კლუბის ხელმძღვანელობისა და აგრეთვე მწვრთნელებისა არავინ იცის ეს ნიჭიერი ბიჭები სად ჩაიკარგებოდენ.. წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ი...
romandro
15:54 13-01-2017
0

სიახლეები პოპულარული