გახსნის უნარი - ჩემპიონი სეზონისთვის ემზადება და ფეხბურთელებს იმატებს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა "სამტრედიამ" "ზამთრის თასზე" გამოსვლის შემდეგ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი ამ პატარა იმერულ ქალაქში ვარჯიშობს. ცხადია, დავინტერესდით, რა სიახლეებია გუნდში, რომელიც წლეულს საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს...

უკრაინელისთვის პირველი...
"სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინელი რუდოლფ სუხომლინოვის მიმართ ინტერესი დაადასტურა. "ზუგდიდის" ყოფილი მარცხენა მცველი კიევის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, ალექსანდრ ხაცკევიჩმა უკრაინელთა დუბლშემადგენლობასა და ახალგაზრდულ გუნდში დააწინაურა და ენდობოდა. მერე გამოდიოდა პირველი ლიგის "ნიკოლაევსა" და ჩერნიგოვის "დესნაში". 2016 წელს რიგის "სკონტოში" გადავიდა, მაგრამ თამაზ პერტიას კლუბმა ვირსლიგაში თამაშის ლიცენზია
რომ ვერ მიიღო, უკრაინაში დაბრუნდა, ხოლო ზაფხულში "ზუგდიდში" აღმოჩნდა. მას იჯარა დაუსრულდა და ისევ "დესნას" საკუთრებაშია.

სუხომლინოვი იყო უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და ყველა ასაკობრივი გუნდის წევრი, ლურჯ-ყვითელი ფორმით კი სულ 35 მატჩი აქვს ჩატარებული. სხვათა შორის, "სამტრედიაში" რომ იწვევდნენ, ეს სუხომლინოვმა დეკემბერში, უკრაინულ გამოცემა "უა-ფუტბოლთან" გაამხილა და არც ის დამალა, რომ სხვა ქართული გუნდებიც იწვევდნენ.

აქ ერთი საინტერესო ფაქტია: სუხომლინოვმა 2013 წელს ბელგიის უმაღლესი დივიზიონის "რუზელარესთან" შეათანხმა კონტრაქტი, მაგრამ ფიფამ სეზონში მესამე კლუბში ჩარიცხვის უფლება არ დართო. ერთი შეხედვით, ახლაც იგივე ხდება: 2016 წელს ფეხბურთელმა სეზონი "ზუგდიდში" დაიწყო, პირველი წრის ბოლოს კი ისევ "დესნაში" დაბრუნდა და იქ 3 მატჩი ჩაატარა.

ფიფას წესებით, მოთამაშეს ერთ კალენდარულ სეზონში მესამე კლუბში გადასვლა არ შეუძლია. მაგრამ უკრაინელ მცველს და ქართულ კლუბს ისევ ფიფას წესი დაეხმარება - საქართველოში ჩემპიონატი მარტში იწყება, "სამტრედიასთან" კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი საქართველოს ჩემპიონი რუდოლფისთვის იქნება არა მესამე, არამედ - პირველი, იმიტომ, რომ ჩვენთან კალენდარული სეზონი გაზაფხულზე იწყება და თამაშის უფლებას დართავენ.

ორიდან მხოლოდ ერთი
ახალი წლიდან ქვეყნის ჩემპიონთან ერთად ორი ზუგდიდელი ვარჯიშობდა - ლუკა გუგუჩიამ გუნდი უკვე დატოვა, გურამ სამუშია კი დარჩა და "სამტრედიას" შეკრებაზე გაჰყვება.

"ზუგდიდიდან" წამოსული 22 წლის თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ კონტრაქტს მალე გააფორმებს:

"ისეთ გუნდში ვიყავი, რომელიც უმაღლესი ლიგიდან არ უნდა გავარდნილიყო. შეკრება კარგად გავიარეთ და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. სამწუხაროდ, მერე ყველაფერი აირია - ჯერ ხელმძღვანელობა შეიცვალა, მერე - მწვრთნელი, მან კი უკრაინელები სეზონის მსვლელობისას ჩამოიყვანა და ამ არეულობის შედეგიც ვიხილეთ.

კარგი ისაა, რომ გავარდნილიდან ჩემპიონ გუნდში აღმოვჩნდი. ძალიან გამიხარდა, როცა გია ცეცაძემ დამირეკა, პირობებიც კარგი შემომთავაზეს და ბიჭებიც კარგად დამხვდნენ.

ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია - "ზუგდიდიდან" გათავისუფლების ფურცელს ველოდები, მაგრამ ყველაფერზე დავილაპარაკეთ და სავარაუდოდ, ორწლიან ხელშეკრულებას დავდებთ", - ამბობს სამუშია.

Sportall.Ge

გურამი 16 წლის იყო, როცა გულშემატკივარმა გაიცნო - ზუგდიდის "ბაიას" გაზრდილი თავდამსხმელი კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფიგურა გახლდათ და ყველა ასაკობრივ ნაკრებშიც ითამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელი აღიარებს, რომ სასურველ პროგრესს ვერ მიაღწია:

"ამის მიზეზს სხვაში არ ვეძებ, ეს უფრო ჩემი ბრალია. მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში სასურველი სავარჯიშო პირობები ყველა გუნდს არ აქვს და ქართველის უცხოეთში წასვლაც ძალიან გართულდა. თუმცა ჯერ 22 წლის ვარ და ცხოვრება წინაა, "სამტრედიამ" კი მშვენიერი შანსი მომცა. იმედი მაქვს, ამ შანსს გამოვიყენებ და ნდობას გავამართლებ".

გამოცდილთა სამეული
საქართველოს ჩემპიონის რიგებში სამი გამოცდილი მოთამაშე ვარჯიშობს - 30 წლის თავდამსხმელი, ქობულეთის "შუქურადან" წამოსული გიორგი ბერიაშვილი, თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი ფორვარდი, 29 წლის დავით ჩაგელიშვილი და ბოლნისის "სიონის" ყოფილი მცველი, 28 წლის ლაშა კასრაძე.

აქვე ვიტყვით, რომ ჯერ არ დასტურდება ფოთის "კოლხეთის" ყოფილი მცველის, რასიმ რამალდანოვის ნათქვამი, თითქოს "სამტრედიაში" იწვევენ.

გიორგი ბერიაშვილი:
"გამიხარდა, ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი რომ მენდო. კლუბთან ერთწლიან კონტრაქტზე შევთანხმდით. არ დავმალავ, საქართველოში სხვა წინადადებებიც მქონდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის პერსპექტივამ და გია ცეცაძესთან მოხვედრის სურვილმა ყველაფერი გადაწონა. მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო".

ლაშა კასრაძე:
"ჯერ "სამტრედიასთან" კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ გუნდში ვვარჯიშობ და დეტალებს ვარკვევ. იმედია, მოლაპარაკებას მალე დავასრულებთ და შარშანდელზე არანაკლები გუნდი გვეყოლება".

ის, რომ "სამტრედიაში" ვარჯიშობს, "ლელოსთან" ჩაგელიშვილმაც დაადასტურა. 29 წლის თავდამსხმელს იმერული გუნდის გულშემატკივრები საკმაოდ კარგად იცნობენ: გარდამავალ ჩემპიონატამდე "სამტრედიაში" ცეცაძემ მიიწვია, ივარჯიშა და საკონტროლო შეხვედრებში გოლებიც გაიტანა, მაგრამ... სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე, მოულოდნელად, გუნდს დაემშვიდობა და "ლოკომოტივში" აღმოჩნდა.

თუმცა, სეზონი მისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა და თბილისური გუნდის დატოვება მოუწია, მაგრამ ცეცაძემ უგუნდოდ არ დატოვა ფეხბურთელი, რომელიც მის მიერ გაწვრთნილი გორის "დილას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ...

ეს მის ხასიათში დევს...
გია ცეცაძეს ფეხბურთელების "გახსნისა" და დაწუნებულების ათამაშების საოცარი ნიჭი აქვს. მისი არჩევანი გულშემატკივარს აოცებს ხოლმე. ვინმე წარმოიდგენდა, რომ ყველასგან იგნორირებული ბუდუ ზივზივაძე გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა?

ცნობილი სპეციალისტი თემურ ფოხვერია დარწმუნებულია, რომ ცეცაძის ხელში გუნდი არ დასუსტდება:

"საბედნიეროდ, "სამტრედიას" ცეცაძის სახით ძალიან ძლიერი მთავარსარდალი და ძალიან ნიჭიერი ფიზმომზადების მწვრთნელი, თემურ ლორთქიფანიძე ჰყავს. იმედია, ისინი გუნდიდან წასული ფეხბურთელების ღირსეულ შემცვლელებს მოძებნიან.

ნოდარ ახალკაცმა მოახერხა ქართველი ფეხბურთელების უარყოფითი ენერგიის სასიკეთოდ გამოყენება, რაც ნიჭია და მიიღო ისტორიული შედეგი, რომელიც ვერავინ გაიმეორა. ეს გიას ხასიათში დევს და მასაც შეუძლია გააკეთოს იგივე - გასახდელში მოუგოს თამაში მოწინააღმდეგეს, საბრძოლო განწყობა ასწიოს და ბევრად ძლიერ და გამოცდილ გუნდებს გამოუცდელი ფეხბურთელებით მოუგოს. რაც მთავარია - ლამაზი და შემტევი ფეხბურთის მოყვარულია.

გია გუნდის შედეგით კმაყოფილი არასოდეს მინახავს. განათლების, თავმდაბლობისა და შეუპოვრობის გათვალისწინებით, ის დიდ წარმატებებს მიაღწევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
კალაძე ამისთვის გახადე გუნდი ჩემპიონი რო მერე ზუგდიდელებით და სხვა გავარდნილი მოთანმაშეებით ჩაფლავებულიყავი ევროთასებზე?!
valeri
21 იანვარი 2017 12:02
0
სამტრედია ისევ გაგაოცებთ ნუ ნერვიულობთ, ბევრს არ უნდა სამტრედიის წინსვლა მაგრამ რას იზამ საქმე როცა კეთდება შედეგიც არ აყოვნებს
samtre
20 იანვარი 2017 20:51
0
კომენტარებს ვკითხულებ და მეცინება... ზუსტად ასე დაცინოდენ ცეცაძეს შარშან სად ნახედ ეს ფეხბურთელებიო და ვიცე ჩემპიონები გახდენ პირველივე წელს და ეხლა კი ჩემპიონობის ტიტული მოიპოვეს. მოითბინეთ და დაელოდეთ მოვლენებს... ფაქტია არ იცნობთ ცეცაძეს თორე არ იტყოდით ეგრე და კიდო არეულობას არასდროს დაუშვებს გუნდში ეგრევა სახლში წავა ეგეტი ფეხბურთელი. პრინციპული ცეცაზე ვინც იცნობს იმათმა კარგად იცის ცეცას მიდგომა საქმისადმი და კიდო ლორთქიფანიძესნაირი ფიზმომზადების მწვრთნელი არარსებობს საქართველოში. მოითბინეთ და დაელოდეთ ზაფხულს
სამტრედია გულშემატკივარი
20 იანვარი 2017 19:09
0
ცეცაძეს რას ერჩით ვერ ვხვდები.გუნდს არა აქვს მეტი ფული და რაც აქვთ იმით მაქსიმუმს აკეთებენ. ქართველი ფეხბურტელები ვინც კაია ყველას აქვს სხვადასხვა კლუბთან კონტრაქტი და ვისაც დარჩენა არ უნდა ძალით ვერ დატოვებს. ლეგიონერებს რაც შეეხება რამალდანოვი მშვენიერი მცველია საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურს თუ ითხოვთ მაგას ბევრი ფული უნდა და კარგად იცის მერე ცეცაძემ ვინ უნდა მიიყვანოს და ვინ არა
dudu
20 იანვარი 2017 17:37
0
არასწორი გზით მიდის ცეცაძე და ამას მალე დაინახავთ, პირველ რიგში ტორპედოსთან წაგებულ სუპერთასის მატჩში.
არც რამალდანოვია საჭირო სამტრედიაში და არც რუდოლფა, ესენი რეალურად ვერ მოერგებიან კლუბს.
3 "ცალი" ასაკოვანის მიწვევა 21-22 წლის ბიჭების გვერდით დიდი ასაკობრივი სხვაობით კიდევ უფრო არევს ყველაფერს.
თუკი კლუბში მართლა ბრუნდება არაბული და იმედია რომ არც ზივიზვაძეს
"გაუმართლებს გადაზრდილობის გამო" საზღვარგარეთ გაქცევის გეგმებში, მაშინ ფაქტიურად უნდა ველოდოთ დიდ კონფლიქტს ძველს კლუბსა და ახალდამატებულ 5-6 კაცს შორის.
გუნდი აირევა და აიწეწება, აი ეს არის ის რა გზაზეც დგას უკვე "წარმატებით თავბრუდახვეული" მთავარსარდალი.
სამტრედიას არ სჭირდება ლეგიონერები რომელთა სატრანსფერო ფასიც 1 მილიონ ევროსაც კი არ აღწევს. ნუთუ ეს ძნელი გასაგებია?
წარმატებები სამტრედიულ კლუბს.
Guadua
20 იანვარი 2017 17:07
0
ცეცაზე ამ ფეხბურტელებიტ გინდა საკვალიფიკაციო გაიარო
შოთა გუგეშაშვილი
20 იანვარი 2017 16:49
0
ქვეყნის ჩემპიონატს არ ვუყურებ და სამდრედია გახდა ჩემპიონი და ეხლა მემგონი გავრდა უმაგლეს ლიგასი 7 კლუბია ცხრილი ვნახე ვერგავიგე Group White 7 კლუბი და Group Red 7 კლუბი და რომელია ეგ რანაირი ცხრილია ჯგუფის უცნაურია Group Red თამასობს სამტრედია ანუ გავრდა უმაღლეს ლიგიდან თუ Group White არის უმაღლესი ლიგა და 7 კუბი რაღაა რაც საქრთველოს ფებურთია ისეტია ცხრილი რა :DDD სასაცილოა რა პირდაპირ რას აწვალებენ ამ ფეხბურთს რაგინდათ
xxx
20 იანვარი 2017 16:43
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული