სვიატოსლავ სიროტა: "ვორსკლა" და "ჩერნომორეცი" საქართველოში ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ყოფილმა უკრაინელმა ვიცე-პრეზიდენტმა სვიატოსლავ სიროტამ sport.ua-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც "ზუგდიდზე" და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთზეც ისაუბრა.

- ქართულ კლუბში რაღაც არ გამოგივიდათ? დროზე ადრე წამოხვედით, კლუბი კი უმაღლესი ლიგიდან  გავარდა...
- ვერ უარვყოფ. "ზუგდიდში" უკრაინელი ბიზნესმენი იყო, ის მოლაპარაკებებს ლევან გულორდავასთან აწარმოებდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ კლუბს ერთად განავითარებდნენ. მე კი კლუბში, როგორც გამოცდილი ადამიანი, ისე მიმიწვიეს. ადრე ბოლოადგილოსანი "ზარია" ჩავიბარეთ და ევროპალიგაზე გავიყვანეთ.

მკითხეს: "შეძლებ იმავეს გაკეთებას?". ვუპასუხე: "კი, შევძლებ". შევთანხმდით. მერთან შეხვედრები გავმართეთ, ასევე ინვესტორთან. ჩავედი,
2 თვე ვიყავი იქ და ვნახე, რომ არც ფულია კლუბში და არც სასიკეთო ძვრები. რისთვის ვჯდომილიყავი? ოჯახი მყავს. ვუთხარი კიდეც: "მზად ვარ ვიმუშაო, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა თავად იქნებით მზად, ანუ როცა ფული და ის პირობები იქნება, რომელზეც ვისაუბრეთ".

პრინციპში, ყველაფერი მარტივია: ინფრასტრუქტურა, ფეხბურთელები, კარგი მწვრთნელი და შემოსავალი,
თუნდაც სტაბილური, ფეხბურთელს მოტივაცია რომ გააჩნდეს. ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ ექნება თანხა, რომლითაც საჭმელს იყიდის. უნდა იცოდეს, რომ მოგებისთვის გარკვეულ ბონუსს მიიღებს - მაშინ ის ეცდება, მოინდომებს. ეგაა, მეტი არაფერია საჭირო!

- რა მოტიაცია ჰქონდა უკრაინელ ბიზნესმენს ქართული კლუბის დაფინანსების?
- სჯობს, ეს კითხვა თავად მას დაუსვათ, თუმცა მართლა საინტერესოა. კლუბს 50%-ით სახელმწიფო აფინანსებს. მერიის ხარჯზე ახალი თანამედროვე, უმაღლესი დონის სტადიონი შენდება. ანუ მომავალში ინფრასტრუქტურა შესანიშნავი იქნება. კი, დღეს სათამაშო მოედანი არაა, მაგრამ როცა კლუბი ბოლო ადგილზეა, ყოველ წელს უმაღლესში დასარჩენად იბრძვის, შესაფერისი დროა მის ჩასაბარად, ინვესტირებისთვის და იმ პროდუქტის შექმნისთვის, რომელიც ევროპაში მოიდგამდა ფეხს არა როგორც გრანდი, არამედ როგორც "ლუდოგორეცი".

- რაში მდგომარეობს უკრაინელი ბიზნესმენის ინტერესი? ისე, საფეხბურთო წრეებში ცნობილი პიროვნებაა? ვისურვებდით, რომ მისი სახელი და გვარი დაასახელოთ...
- თუ მოინდომებს, თავად იტყვის. თავდაპირველად, მან თქვა, რომ არ სურს გამოჩენა. იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა და იმის გამოც, რომ ჩემი ვალი ჯერაც აქვთ, შემიძლია გავთქვა, მაგრამ აზრი არ აქვს. რისთვის გავუკეთო ანტირეკლამა? ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს... იქნებ, დაბრუნდეს ფეხბურთში.

- მისთვის ეს ბიზნეს-პროექტი იყო?
- კი. მას "ზუგდიდის" ევროპალიგაზე გაყვანა სურდა. ინვესტირების შემთხვევაში, 2 წელიწადში გაცილებით მეტის მიღება შეიძლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ინვესტორმა განახორციელა ინვესტიცია და ვერც - ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

- რამდენი იყო საჭირო?
- 31 დეკემბრამდე 250 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. მომდევნო წელს კი 500 000 სახელმწიფო აძლევდა, 500 000 - თავად.

- 2 თვეში ალბათ საქართველოს ჩემპიონატზე გარკვეულ შთაბეჭდილებას შეიქმნიდით...
- კი, რა თქმა უნდა. ორი თვის განმავლობაში ვუყურებდი მატჩებს, ლევან კობიაშვილთან და გიორგი დემეტრაძესთან მქონდა ურთიერთობა. ამ ქვეყანაში შეუძლებელი არაფერია. თუ გარიგებულ მატჩებში არ იღებ მონაწილეობას და ჰქმნი გუნდს, რომელიც მხოლოდ სპორტულ პრინციპზეა ორიენტირებული, მაშინ შესაძლებელია ევროპალიგაზე მოხვედრა.

- დემეტრაძე რითაა დაკავებული?
- მას ფეხბურთის ფედერაციასთან აქვს ურთიერთობა, ოღონდ რა სახის, არ ვიცი. მუდმივად ფედერაციაში იმყოფება, ესაუბრება იქაურებს. მე ის ჩემს დამხმარედ მსურდა. დემეტრაძე ჩემი მეგობარია, მაგრამ მერმა მითხრა: "ხომ გესმის, დემეტრაძე წინა ხელისუფლების პერიოდში ციხეში იჯდა? ახლა ეს ცუდი იმიჯია. მისი კლუბში ყოფნა არ მსურს". ჩემთვის ეს გაუგებარია. წინა ხელისუფლებისთვის უნდა გვეჩვენებინა, რომ მათ ავტორიტეტი არ გააჩნიათ.

დემეტრაძეს კარგი ურთიერთობა აქვს კახა კალაძესთან. გიორგი ძალიან კარგი ადამიანია. რატომ არ უყვართ ის? იმიტომ, რომ ქარიზმატულია. მისთვის სულერთია ვის ესაუბრება, სიმართლეს პირში ეტყვის. თუკი მართალი არ არის, ბოდიშს მოუხდის მოსაუბრეს და დაეთანხმება მას. მიყვარს ასეთი ხალხი და ალბათ ამიტომაც ვეკონტაქტებოდი მას.

- საქართველოს ჩემპიონატი ჩვენსას ჰგავს?
- სანამ იქ ჩავიდოდი, მეც ასე მეგონა, მაგრამ რეალურად ასე არაა. უკრაინაში მუდმივად ბრძოლაა. კლუბის კაპიტნებში სისხლი დუღს. ეს უფრო ინგლისური ფეხბურთია, რაც მოლდოვასა და საქართველოში ვერ ვნახე.

საქართველოში ფორვარდებს ბურთის მიღებას აცლიან, პრესინგი არ იციან, ნელ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ტექნიკურები არიან - უფრო მეტად ინდივიდუალურ ფეხბურთს თამაშობენ, კომბინაციურში უჭირთ.

ის, რომ ჩვენს პირველობაზე სუსტი ჩემპიონატია, ცხადია. მაღალ ადგილზე მყოფი გუნდებიც კი ჩვენს გუნდებზე სუსტები არიან. ვფიქრობ, "ვორსკლა" და "ჩერნომორეცი" საქართველოს ჩემპიონატში ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ.

- როგორი ბიუჯეტი აქვთ ქართულ კლუბებს?
- ბიუჯეტზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, ოფიციალური ინფორმაცია არავის აქვს. თბილისის "დინამოში" ხელფასებზე 5-15 ათასი დოლარი იხარჯებოდა. არ ვიცი, ვის როგორი ხელფასი ჰქონდა. თუ გუნდში 25 ადამიანია, ეს 250 ათასია, ამას დავუმატოთ სამწვრთნელო შტაბი, პერსონალი და ა.შ. ანუ, "დინამოში" თვიურად დაახლოებით 300 ათასი იდებოდა.

ბათუმის "დინამოში", ვფიქრობ, ნაკლები იქნებოდა - 3-5. არ დავიწყებ კლუბების ძლიერებად და სუსტებად დაყოფას, რადგან იქ რამდენიმე ისეთი კლუბია, ვერ გაიგებ, ლიდერებში უნდა გამოყო თუ აუტსაიდერებში.

- სახელმწიფო თითქმის ყველა გუნდს აფინანსებს?
- თითქმის კი არა, ყველა გუნდს!

- თბილისის "დინამოსაც" კი?
- კი. ფეხბურთის განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა. ის საფეხბურთო საზოგადოებას ლევან კობიაშვილმა შესთავაზა, კახა კალაძემ მხარი დაუჭირა და პროგრამა დამტკიცდა.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მაგარი იდეაა. მაგრამ იდეა და პრაქტიკა - ორი სხვადასხვა რამაა. ქვეყანაში შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ფონდი. ის თანხას ბიუჯეტიდან იღებს და შემდეგ კლუბებს ურიცხავს. ბევრი წინაპირობაა: კლუბმა ხელფასებზე თანხის 50% უნდა დახარჯოს, 30% იფრასტრუქტურას უნდა მოახმაროს, 20% კი - ბავშვთა ფეხბურთს.

მკაცრი კონტროლი თუ იქნება, გამოდის, რომ 5 წელიწადში საქართველოში უამრავი ახალი მოედანი, კარგი ბაზები ექნება. ცხადია, თუ ქურდობას არ ექნება ადგილი...

ახლა მოგიყვებით, როგორია რეალობა. რეალურად, დირექტორს კლუბი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში და ამ დროს არც მოედნებია, არც ფორმები, არც ფეხბურთელები და არც ბავშვთა ფეხბურთი.

"ზუგდიდში" ჩასული, გავოცდი. გუნდი უმაღლეს ლიგაშია, მაგრამ ფორმა არ გააჩნია-მეთქი. სამაგიეროდ, მანამდე კლუბი 12 დღიან შეკრებაზე იმყოფებოდა, 4 დღე იგულავეს, რადგან ნისლი იყო. ამბობდნენ, ჩემპიონატისთვის კარგად უნდა მოვემზადოთო. შესანიშნავად მოემზადნენ, გუნდი უმაღლესიდან გავარდა...

ფორმა არ არის, ბავშვთა აკადემიაში ბურთები არ არის, პირველ გუნდს სხვადასხვა ბურთები აქვს... იმ დროში, რაც მანდ დავყავი, ვეცადე, დისციპლინა მაინც დამემყარებინა. მოედანს არავინ პატრონობდა და პირველივე დღეს ვუთხარით: "მოედნის გრაფიკი ჩამოწერეთ". 2 დღეში მივედით და არავინ არაფერს აკეთებს...

- როგორ ფიქრობთ, უკრაინაში რომ მიიღონ ეს პროგრამა, მისი რეალიზაცია ისეთივე იქნებოდა, როგორც ახლა საქართველოში?
- 100%. ჩვენს საზოგადოებაში, ისევე როგორც საქართველოში, კონტროლი არ არსებობს, უპასუხისმგებლო ხალხი მუშაობს და არც ისჯებიან.
მკითხველის კომენტარები / 13 /
საქართველოში ფორვარდებს ბურთის მიღებას აცლიან, პრესინგი არ იციან, ნელ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ტექნიკურები არიან - უფრო მეტად ინდივიდუალურ ფეხბურთს თამაშობენ, კომბინაციურში უჭირთ:))) ამას ჯობდა შეეგინებინა:)))
შოკირებული გულშემატკივარი
20:36 22-01-2017
0
აქ ყველა ფულის მოტეხვაზე რომ ფიქრობდა ნახა ამ კაცმა და მოშორდა აქაურობას.ზუგდიდში ხომ ბარდაკია საერთოდ,ისეთი ხელმძღვანელობა ყავს.
თენგო
20:38 22-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული