"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."

AutoSharing Option
"ზუგდიდი" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. გუნდების უმრავლესობამ სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, მაგრამ ზუგდიდელებმა ჯერაც არ იციან, პრო ლიგა 2-ში რა შემადგენლობით ითამაშებენ. კლუბის სიახლეებით დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ ფეხბურთელები უკვე შეკრიბა.

მაგრამ მათგან უმრავლესობა 19-წლამდელთა გუნდის მოთამაშეა, რომლებმაც გარდამავალი ჩემპიონატის პლეი ოფში გააღწიეს და "საბურთალოსთან" წააგეს. მათ ახალგაზრდული გუნდის წევრები შეურთდნენ. ცხადია, რამდენიმე გამოცდილის დამატებასაც აპირებენ. ძველი შემადგენლობიდან კი ლამის ყველა წასულად ითვლება, რადგან კლუბთან კონტრაქტი არც ერთს აღარ აკავშირებს. გეცოდინებათ, რომ უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო
თბილისის "დინამოში" გადავიდა, გურამ სამუშიამ "სამტრედიას" მიაშურა, ლევან წურწუმია ხობის "კოლხეთში" აპირებს წასვლას, ვაკო ტყემალაძე "რუსთავშია", ხოლო კაპიტანი ნიკა აფაქიძე უცხოეთს უმიზნებდა...

მოკლედ, ლიდერები წავიდნენ და გზა ახალგაზრდებს გაუხსნეს. ამასობაში კი "ზუგდიდის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა სვიატოსლავ სიროტამ თავის ყოფილ ქართულ კლუბსა და ზოგადად, ჩვენს ფეხბურთზე უკრაინულ ინტერნეტპორტალ sport.ua-სთან საინტერესო ამბები გაამხილა.

"ვერ უარვყოფ, ქართულ კლუბში რაღაც არ გამოგვივიდა. "ზუგდიდში" უკრაინელი ბიზნესმენი იყო, რომელიც მოლაპარაკებებს ლევან გულორდავასთან აწარმოებდა და შეთანხმდნენ, რომ კლუბს ერთად გავაძლიერებდით, მე კი მიმიწვიეს, როგორც გამოცდილი ადამიანი.

ადრე, ბოლოადგილოსანი "ზორია" ჩავიბარეთ და ევროპალიგაზე გავიყვანეთ. შეძლებ იმავეს გაკეთებასო? - მკითხეს. კი-მეთქი, ვუპასუხე და შევთანხმდით.

2 თვე ვიყავი და არც ფული იყო კლუბში და არც - სასიკეთო ძვრები. რისთვის გავჩერებულიყავი? ვუთხარი - ვიმუშავებ მხოლოდ მაშინ, როცა თავად იქნებით მზად და ის პირობები იქნება, რომლებზეც ვილაპარაკეთ-მეთქი.

ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ ექნება თანხა, რომლითაც საჭმელს იყიდის. უნდა იცოდეს, რომ მოგებისთვის გარკვეულ ბონუსს მიიღებს. ის სწორედ ასეთ შემთხვევაში მოინდომებს", - ამბობს სიროტა.

Sportall.Ge

საინტერესოა, რა მოტივაცია ჰქონდა უკრაინელ ბიზნესმენს ქართული კლუბში?

"კლუბს 50%-ით სახელმწიფო აფინანსებს. მერიის ხარჯზე ახალი, უმაღლესი დონის სტადიონი შენდება. ანუ მომავალში "ზუგდიდს" შესანიშნავი ინფრასტრუქტურა ექნება. დღეს კი სათამაშო მოედანი არ აქვს და უმაღლესი ლიგიდანაც გავარდა. ესაა შესაფერისი დრო ინვესტირებისთვის და იმ პროდუქტის შექმნისთვის, რომელიც ევროპაში გაიდგამდა ფეხს არა როგორც გრანდი, არამედ, როგორც, ვთქვათ, "ლუდოგორეცი"...

უკრაინელ ინვესტორს "ზუგდიდის" ევროპალიგაზე გაყვანა სურდა და ორ წელიწადში გაცილებით მეტის მიღება შეიძლებოდა, მაგრამ...

სამწუხაროდ, ვერც მან განახორციელა ინვესტიცია და ვერც - ადგილობრივმა ხელისუფლებამ. 31 დეკემბრამდე 250 ათასი დოლარი უნდა ჩაედო, მომდევნო წელს სახელმწიფო 500 ათასს აძლევდა, ამდენივეს - თავად გეგმავდა.

გიორგი დემეტრაძეს ფეხბურთის ფედერაციასთან აქვს ურთიერთობა და დამხმარედ მსურდა მისი მოყვანა. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ მერმა მითხრა - დემეტრაძე წინა ხელისუფლების დროს ციხეში იჯდა, ცუდი იმიჯი აქვს და კლუბში მისი ყოფნა არ მსურსო. ჩემთვის ეს გაუგებარია. არადა, დემეტრაძეს კარგი ურთიერთობა აქვს კახა კალაძესთან და ძალიან კარგი ადამიანიცაა.

რატომ არ უყვართ? იმიტომ, რომ ქარიზმატულია. მისთვის სულერთია, ვის ელაპარაკება, სიმართლეს პირში ეტყვის. თუკი მართალი არ არის, ბოდიშს მოუხდის და დაეთანხმება. ასეთები მიყვარს და ამიტომაც ვეკონტაქტებოდი".

სიროტამ საქართველოს ჩემპიონატზეც ილაპარაკა:

"საქართველოში შეუძლებელი არაფერია. თუ გარიგებულ მატჩებში არ მონაწილეობ და ქმნი გუნდს, რომელიც მხოლოდ სპორტულ პრინციპზეა ორიენტირებული, მაშინ ევროპალიგაზე მოხვედრა შესაძლებელია...

სანამ იქ ჩავიდოდი, მეგონა, საქართველოს ჩემპიონატი ჩვენსას ჰგავდა, რეალურად კი, ასე არ არის. უკრაინაში მუდმივი ბრძოლაა, მაგრამ მოლდოვასა და საქართველოში ეს ვერ ვნახე. საქართველოში თავდამსხმელებს ბურთის მიღებას აცლიან, პრესინგი არ იციან, ტემპი დაბალია, უფრო მეტად ინდივიდუალურად თამაშობენ, კომბინაციებში უჭირთ, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ტექნიკურები არიან.

სახელმწიფო ყველა კლუბს აფინანსებს. ხელფასებზე თანხის 50% უნდა დაიხარჯოს, 30% ინფრასტრუქტურას მოხმარდეს, 20% კი - ბავშვთა ფეხბურთს... არადა, კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში, მაშინ, როცა არც მოედნები აქვთ, არც ფორმები... 12-დღიან შეკრებაზე 4 დღე დაისვენეს, რადგან ნისლი იყო...

ჩვენს საზოგადოებაში, ისევე, როგორც საქართველოში, კონტროლი არ არსებობს, უპასუხისმგებლო ხალხი მუშაობს და არც ისჯებიან"...

"ლელო" შეეცდება, რომ სიროტას ინტერვიუზე უახლოეს დღეებში კომენტარი "ზუგდიდის" წარმომადგენლებს ჩამოართვას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი სრული სიმართლე ქართული ფეხბურთის შესახებ.
Vep1963
04:16 25-01-2017
0
მერედა ვინ არის ის დირექტორი,ვინც გუნდი დააქცია,და გაბელიას ძალით წააყვანინეს გუნდი შეკრებაზე ისიც სადღაც დასაკარგავში.გუნდს ნორმალურად ერთი თამაში არ ჩაუტარებია,ხან ნისლი,ხან კიდევ კოკისპირული წვიმები.მაგრამ გოგოხია ინალიშვილს აქ ყავდათ თავიანთი ხალხი საიდანაც 35000 ევრო ჩაიჯიბეს,ეს მარტო ამ შეკრებიდან,და ასეთი მაქინაციები კიდევ რამდენი აქვთ გაკეთეებული ვინ იცის,და შედეგიც ყველამ ვიცით,გუნდი ჩაძირეს ბოლომდე.მერე ასეთ ხალხთან რომელი ინვესტორი დაიკავებდა საქმეს.და ყველაზე გასაკვირი ისაა რომ ინალიშვილი ისევ გუნდშია და ისევ აფათურებს ხელებს გუნდის საქმიანობაში.
სოსო
14:37 25-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული