"ზესტაფონი" VS სფფ - მზად ვართ, პრო ლიგა 2-ში ვითამაშოთ!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ სპორტულ გამოცემებში გამოქვეყნდა რამდენიმე პუბლიკაცია, რომლებშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელთათვის ეროვნული ჩემპიონატის პრო ლიგა 2-ში ასპარეზობის შესახებ გაკეთებულ შეთავაზებაზე და ამ წინადადებაზე ზესტაფონელთა მხრიდან გაჟღერებულ უარზე ლაპარაკობს...

ზემოთქმულთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური უფლებამოსილია, განაცხადოს შემდეგი:

"2016 წლის ზაფხულში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჩვენს კლუბს შესთავაზა იმჟამინდელ პირველ ლიგაში ასპარეზობა და მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალი ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველიდან უმაღლეს ლიგაში არავინ გადადიოდა, სპორტული პრინციპით (?!) - უმაღლესში გადასვლა...

რაც შეეხება
პრო ლიგა 2-ს (რომელიც შარშან არ ჩატარებულა და პირველად წელს გაიმართება), რომელზეც თავის ინტერვიუებში ხაზგასმით საუბრობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, მასში მონაწილეობის მიღების შეთავაზებით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისთვის" (არც ოფიციალურად და არც სიტყვიერად) დღემდე არავის მოუმართავს".

* * *
ასეთი განცხადება გამოქვეყნდა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე. "ლელომ" კომენტარისთვის მიმართა კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელ სერგო ფუტკარაძეს.

"ჩვენ მიერ ამ განცხადების გავრცელება ერთმა მნიშვნელოვანმა მომენტმა განაპირობა. ქართულ სპორტულ მედიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა იმის თაობაზე, რომ "ზესტაფონს" შესთავაზა პრო ლიგა 2-ში თამაში.

სიმართლე გითხრათ, ეს რომ წავიკითხე, ძალიან დავიბენი. ისიც კი ვიფიქრე, რამე ხომ არ გამომეპარა-მეთქი?! გადავამოწმე კლუბში და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი შეთავაზება პრო ლიგა 2-ში ასპარეზობის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არ ყოფილა.

თავად ვიყავი შარშან იმ პროცესის მონაწილე, როცა გარდამავალი ჩემპიონატის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ სიტყვიერი შეთავაზება პირველ ლიგაში მონაწილეობის თაობაზე. მაშინ არანაირი პრო ლიგა 2 არ არსებობდა...

იმ ეტაპზე ჩვენ უარი ვთქვით პირველ ლიგაში თამაშზე და ეს აიხსნება იმით, რომ ველოდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან იმ ყველასთვის ცნობილი მოვლენების შეფასებას, რომელიც ბოლო დროს განვითარდა ჩვენი კლუბის გარშემო. სამწუხაროდ, შეფასება დღემდე არ მომხდარა. არადა, ლევან კობიაშვილმა, სანამ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, სწორედ ამის პირობა დადო. არადა, ჩვენი კლუბის მიმართ სამართლიანობა დღემდე არ არის აღდგენილი.

რაც შეეხება სადღეისო ვითარებას, კლუბი ახლაც ფუნქციონირებს. ჩვენი 17-წლამდელთა გუნდი შესაბამის ტურნირში მონაწილეობისთვის უკვე ემზადება. მთავარ გუნდთან დაკავშირებით კი დღემდე ვერ მივიღეთ ფედერაციიდან პასუხი, სად არის ჩვენი ადგილი.

მოგეხსენებათ, კლუბი არის ერთი მთლიანი იურიდიული ორგანიზმი. ჩვენს კლუბს წლების განმავლობაში ჰყავდა ინვესტორი და ის დღესაც მზადაა, სოლიდური თანხით დააფინანსოს კლუბი იმ შემთხვევაში, თუ "ზესტაფონი" ითამაშებს პრო ლიგა 1-ში. თუ ჩვენ არ ვიქნებით იქ, მაშინ ინვესტორისთვის კლუბი აღარ იქნება მიმზიდველი.

ამასთან ერთად, ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ "ზესტაფონის" ინვესტორი დღეს სრულიად უგულებელყოფილია და ეს მაშინ, როცა ჩვენს ფეხბურთში ძალიან ბევრი შემთხვევითი სუბიექტი ტრიალებს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს...

შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს. თქვენს გაზეთთან ამას ექსკლუზიურად ვამბობ: განვიხილეთ არსებული ვითარება და "ზესტაფონი" მზადაა, იასპარეზოს პრო ლიგა 2-ში. სახელმწიფო დაფინანსებისა და, პარალელურად, კერძო ინვესტიციის ძიების ფონზე. აქვე ერთხელაც ვიტყვი, რომ არანაირი ოფიციალური შეთავაზება კლუბს ფეხბურთის ფედერაციისგან პრო ლიგა 2-ში ასპარეზობის თაობაზე არ მიუღია.

რამდენიმე დღის წინ პირადად ვესაუბრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს. მან გამოხატა მზაობა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებს, ჩვენი კლუბის წარმომადგენლებსა და ქომაგებს შორის შედგეს შეხვედრა. იმედი გვაქვს, ამ შეხვედრაზე მაინც მივიღებთ კითხვას ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

მინდა, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ჩანაფიქრი გაგანდოთ, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. ჩვენი კლუბის გულშემატკივრებს აქვთ იდეა, რომ ჩამოყალიბდეს მმართველი ბორდი, რომელიც კლუბის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კლუბის მმართველობაში. ბორდში იქნებიან ის გულშემატკივრები, რომელთაც ყველა იცნობს და დიდ პატივს სცემს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იდეაა.

ბოლოს ერთსაც ვიტყვი: სწორედ "ზესტაფონის" იდეა იყო, როგორც სახელმწიფოს მხრიდან კლუბების თანაბრად დაფინანსება, ასევე საქართველოს ორ წამყვან ლიგაში მათი რაოდენობის ათამდე შემცირება. ვფიქრობთ, ვიმსახურებთ იმას, რომ "ზესტაფონმა" ითამაშოს ეროვნულ ჩემპიონატში", - გვითხრა ფუტკარაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
გვიანია. აღიარეთ რომ ყველაფერი თქვენი ბრალი იყო და 0-დან დაიწყეთ.
vaime
12:45 08-02-2017
0
მადლობა ლელოს რედაქციას და ბატონ ალეკოს. იმედია სფფ-ის პრეზიდენტის პასუხსაც შემოგვთავაზებთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული