"კოლხეთის" სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ სამი აფრიკელი ფეხბურთელი ჩამოიყვანა. ცნობილია, რომ ფოთელებს ფინანსურად არ ულხინთ და ბევრმა ჩათვალა, რომ აფრიკელთა ტრანსფერები დიდ თანხებს უკავშირდებოდა. ამან ფოთში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია.
მაგრამ ჯაკობია კატეგორიულად უარყოფს, რომ "კოლხეთმა" ტრანსფერებში დიდი ფული გადაიხადა.
"მიმაჩნია, რომ ჩვენნაირი კლუბი ვალდებულია, იაფფასიან ბაზარზე გავიდეს და საინტერესო ლეგიონერები მოძებნოს. ჩემი ბელგიური და ფრანგული კავშირები საინტერესო ფეხბურთელების მოძიებაში მეხმარება. აფრიკელებიც მათ
მიმაჩნია, რომ ამ სამეულის დამატებით გავძლიერდებით. ლუის ტერა "ნიცას" დუბლშემადგენლობის ნახევარმცველი იყო, მარცხენა მცველი ერიკ უმა ოტიენო დღესაც კენიის ნაკრების წევრია და ბელგიური "გენტიც" დააინტერესა... გაიხსენეთ, ბოლო წლებში საქართველოში ნაკრების მოქმედი ფეხბურთელი როდის ჩამოიყვანეს?..
სენეგალელი დაფი მადრიდის "ატლეტიკო B"-ში სეგუნდა დივიზიონში თამაშობდა. მათი ჩამოყვანის შანსი გვქონდა და უარი რატომ უნდა გვეთქვა? პლუს, უკრაინელი კორობკა გვყავს, რომელიც გარდამავალ ჩემპიონატში ძალიან დაგვეხმარა", - ამბობს ჯაკობია.
ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზეც გველაპარაკა:
"საყვედური გავიგე, ფოთელები და, საერთოდ, ადგილობრივები რატომ არ აგყავთ გუნდშიო? ფოთში ბევრი ტალანტია, მაგრამ საუკეთესოები თბილისურ კლუბებს მიჰყავთ. ვინც საინტერესო ადგილობრივი იყო, ყველა მოვიწვიეთ, მაგრამ ბევრი მათგანი უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
ეს პრობლემა მაშინ მოგვარდება, როცა ფოთში საფეხბურთო სკოლა მთელი ძალით ამუშავდება".
ჯაკობიამ ტრანსფერის ფინანსური დეტალები გაგვიმხილა:
"ყურადღებას მეორე საკითხზეც გავამახვილებ: ქართველები "კოლხეთში" მოსასვლელად მინიმუმ 4-5 ათას ლარს ითხოვენ, მაშინ, როცა აფრიკელები ორჯერ ნაკლებზეც თანახმანი არიან. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს იაფად ჩამოყვანილი ფეხბურთელები კლასით და საქმისადმი მიდგომით ჩვენებს სჯობიან და მათზე უარი რატომ უნდა ვთქვათ?!
გაიხსენეთ, თუნდაც ელვინ ტერა და ვაგნერ გონსალვეში, რომლებიც "საბურთალოს" ჩამოვუყვანე - გუნდი ამ ფეხბურთელებით კმაყოფილია, ტერას კი ნატურალიზაციას უპირებენ.
აფრიკელთა ტრანსფერის სასარგებლოდ მესამე ფაქტორიც მეტყველებს - მათი გაყიდვის შემთხვევაში, იმედი მაქვს, კლუბის ბიუჯეტს მცირედი თანხით მაინც გავზრდით, ამ ტრანსფერის შემთხვევაში კი ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ერთი ამდენს დაგვიმატებენ.
და კიდევ - უკრაინაში იმ დროს წავედი, როცა ჩემპიონატის დონე საგრძნობლად იზრდებოდა. ეს ლეგიონერების ხარჯზე შეძლეს და არა - უკრაინელების. საქართველოს ჩემპიონატის დონის გაზრდა თუ გვინდა, ყველა გუნდს 2-3 კარგი ლეგიონერი მაინც უნდა ჰყავდეს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"