"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"

AutoSharing Option
"ზესტაფონის" წარმომადგენლებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მოუსმინეს. პრობლემა ჯერაც აქტუალური, იმდენად ჩახლართული, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსეა, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისგან ამჯერად თავს შევიკავებთ.

საინტერესოა, როგორია ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული კონსულტაციებისა და აღმასკომზე დასწრების შემდეგ "ზესტაფონის" პოზიცია.

ამ კითხვით კლუბის მენეჯერ სერგო ფუტკარაძეს მივმართეთ...

ჩვენ ველოდით მის მხარდაჭერას
- "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ერთად პირადად დავესწარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომას სტუმრის სტატუსით. აღმასკომის წევრებმა მოისმინეს ჩვენი მოხსენება სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობის თაობაზე.

აღმასკომის სხდომას ესწრებოდა მისი ყველა წევრი, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან
ფიფიას
გარდა. ჩვენ ველოდით მის მხარდაჭერას მაშინ, როცა აღმასკომზე იხილებოდა კერძო კლუბის ყოფნა-არყოფნის საკითხი, თუმცა ბატონი რომანი იქ არ ყოფილა.

ეს ძალიან მტკივნეული გამოდგა
- ქართულ სპორტულ მედიაში ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნდა ლევან კობიაშვილის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, ის "ზესტაფონს" პრო ლიგა 2-ში თამაშს სთავაზობს.

Sportall.Geმას შემდეგ, რაც კლუბმა თანხმობა განაცხადა შეთავაზებაზე, უცნაურობათა მთელი ციკლი ვიხილეთ. ჩვენი თანხმობის შემდეგ ერთ საათში გამოქვეყნდა პრო ლიგა 2-ის კალენდარი.

როცა ჩვენ დავსვით შეკითხვა ამის შესახებ, მივიღეთ პასუხი, რომ კალენდარი უკვე არის, რომ ჩვენ არ გაგვივლია ლიცენზირების პროცესი და რომ საერთოდ პრო ლიგა 2, როგორც ლიგა, საერთოდ არ არსებობს.

მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ ქართულ ფეხბურთში ჩვენი კლუბის დაბრუნების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, არამედ აღმასკომს. ამის შესახებ მე პირდაპირ განვუცხადე აღმასკომის წევრებს.

დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არჩევნების წინ პირობა დადო, რომ პირველ ჯერზე განიხილავდა "ზესტაფონის" საკითხს და სამართლებრივ შეფასებას მისცემდა მას. ყველამ იცის, მაშინ ჩვენი კლუბი შეეწირა წინასაარჩევნოდ მოტივირებული ერთი ჯგუფის სურვილს, მოეშორებინათ თავიდან მათთვის საშიში ოპონენტი.

როგორც სფფ-ის პრეზიდენტისგან, ისე აღმასკომისგან ველოდით ჩემპიონატიდან ჩვენი მოკვეთის სამართლებრივ შეფასებას და ამ შეფასების არარსებობის გამო განვაცხადეთ უარი გარდამავალი ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობაზე, როცა იყო ასეთი შეთავაზება.

ჩვენს დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, არამედ აღმასკომმაც უნდა იტვირთოს.

ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ "ზესტაფონის" საკითხის განხილვისას ისინი აწყდებიან იურიდიულ სირთულეებს, რომ ჩვენმა კლუბმა თავად მისცა მათ წინამორბედებს ჩვენ მიმართ იურიდიული სადამსჯელო ღონისძიებების გატარების საშუალება...

ასევე, ჩვენი დაბრუნების დიდი სურვილის მიუხედავად, მათი აზრით, შეუძლებელია ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდიდან გამოყოფილი ფულის ხელახლა გადანაწილება. საერთოდ, იმის მიუხედავად, რომ ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმას, რომ ფინანსური საკითხი სულაც არაა გადამწყვეტი, უნდა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, ეს მომენტი ძალიან მტკივნეული გამოდგა.

აღმასკომის წევრთა უმრავლესობის, მათ შორის, კერძო კლუბების წარმომადგენლების პოზიცია იყო, რომ ჩვენი ჩართვა ამ პროცესში შეუძლებელია. თანაგრძნობა მხოლოდ "გაგრას" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძისა და ვეტერანი ფეხბურთელის, თენგიზ სულაქველიძის მხრიდან ვიგრძენით.

ესეც ბოლომდე არ არის გარკვეული...
- ჩვენ გვითხრეს, რომ შეიძლება განხილულ იქნას "ზესტაფონის" ასპარეზობის საკითხი მხოლოდ რეგიონულ, რანგით მეოთხე ლიგაში და ესეც ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, შესათანხმებელია.

მაშინ, როცა ვთქვი, რომ ჩემპიონატიდან ჩვენი მოხსნის მიზეზი ფედერაციის წინა მენეჯმენტის ოპონირება და დღევანდლის მხარდაჭერა იყო, აღმასკომის ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩემდა გასაკვირად, მომთხოვა ამის დამადასტურებელი საბუთი.

ვფიქრობ, საბუთის პოვნა ძნელი სულაც არ არის. ალბათ, ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა ნახა ფოტო, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დასრულების შემდეგ რამდენიმე წამშია გადაღებული. ამ ფოტოზე აღბეჭდილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი "ზესტაფონის" გულშემატკივრებთან ერთად. ამაზე უკეთესი საბუთი მე არ მომეპოვება.

კონკრეტული იურიდიული ნაბიჯები
- აღმასკომზე სტუმრობისას დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანებს სამართლიანი გადაწყვეტილების ნება არ აქვთ. ჩვენი წელიწადნახევრიანი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ პირობა პირობად დარჩებოდა და ჩვენთან დაკავშირებით აღდგებოდა სამართლიანობა, არ გამართლდა.

როგორც შექმნილმა ვითარებამ გვიჩვენა, ჩვენ მიერ კონკრეტული იურიდიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და კლუბში ამის თაობაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
სირცხვილი ფედერაციას მუჯირი აფერუმ სიტ
ყვის კაცი ყოფილხარ
merabi
21:46 15-02-2017
0
ზესტაფონელებო კობი კობის რომ ყვიროდით რა გეგონათ აგაყვავებდათ, მაგენიც ფულის საშოვნად არიან მოსულები როგორც ყველა, ფეხბურთი ერთ ადგილზდ კიდიათ
jimsher jimshiashvili
12:52 16-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული