რატომ გაზარდა ფეხბურთის ფედერაციამ საწევრო გადასახადი? - კლუბების პოზიცია

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება, ჩემპიონატში მონაწილეობის საწევრო გადასახადის გაზრდაზე, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: პრო ლიგა 1-ის გუნდები 40 ათასი ლარის ნაცვლად, 80 ათას გადაიხდიან, პრო 2-ის ბინადრები - 60 ათას ლარს (30 ათასი იყო).

ამას გარდა, 15 და 17-წლამდელთა ჩემპიონატში საწევრო თანხა 5-5 ათასი ლარია, ხოლო 19-წლამდელთა გუნდებისთვის - 10 ათასი.

ამ საკითხზე კლუბების წარმომადგენლების აზრით დავინტერესდით, რამაც ქართული ფეხბურთის ფინანსურ "სამზარეულოში" შეგვახედა...

საწევრო ქალაქმა გაისტუმროს
რევაზ ჩელებაძე, ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტი:

- ფედერაციამ თანხები რომ მოიძია და მოგვცა, ძალიან კარგია. ასევე დადებითი იყო,
როდესაც ბურთებით და პროგრამით მომარაგება გადაწყვიტა. მაგრამ საბაზისო თანხა მთლიანად ჩვენ უნდა მოგვხმარებოდა. ამიტომ კლუბების საწევროს გაზრდის წინააღმდეგი ვარ. არც ეს და არც ფონდის დარიცხული ფულის ფედერაციისთვის მიცემა სასიამოვნო ფაქტი არ არის. ჩვენ უსპონსორო კლუბი ვართ და ამ დროს, კიდევ 100 ათასის დაკლება წელში გაგვტეხავს.

მე მხოლოდ "შუქურას" პრობლემიდან არ გამოვდივარ, ფედერაციის მდგომარეობაც მესმის. ეს 100 ათასი მას უნდა დაერიცხოს, მაგრამ არა კლუბების ბიუჯეტიდან.

- აბა, ეს სახსრები საიდან უნდა შეგროვდეს?
- კერძო კლუბებს, ან ვისაც სპონსორები ჰყავთ, 40 ათასი ლარი სერიოზულ პრობლემას ვერ შეუქმნის. ჩვენთვის კი ეს მძიმე დარტყმაა. ჩემი აზრია, რომ ქალაქები კლუბებს სტადიონების შენახვასა და საწევროების გადახდაში მაინც უნდა დაეხმარონ, რაც ახლა აკრძალულია. ანუ მთლიანი საწევროს თუ არა, დამატებული 40 ათასის გადახდის უფლება მაინც დართონ. სხვათა შორის, ქულაზე ასაღები თანხებიც შემცირდა. თავიდან ითქვა, რომ ქულაზე 11 ათას ლარს მივიღებდით ანუ მოგებაზე - 33 ათასი. ახლა კი მოგების პრემია 21 ათასამდე შემცირდა. ფეხბურთელებთანაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი და მათთვის ხელფასების ლამის განახევრება მოგვიხდა. ბიჭებს ვაიმედებ, რომ სპონსორი გამოჩნდება, ქულებისთვის თანხებს ავიღებთ და დანაკლისს ამით ავუნაზღაურებ. მაგრამ ათასი პრობლემა რომ გვაქვს, როგორ მოვაგვარო?

- სხვა რა პრობლემა შეგექმნათ?
- ნორმალურ ფორმასაც ვერ ვყიდულობდით და "ლიდერბეთის" ხელმძღვანელებმა გვიშველეს. კაცები არიან და მათი დახმარებით ერთი არასრული ეკიპირება შევიძინეთ. "ადიდასის" წარმომადგენელი გიორგი გოგოლაძე დაგვეხმარა და ფაქტობრივად, ფორმები ნახევარ ფასში გვაჩუქა. გულისტკივილზე ღიად ამიტომ ვლაპარაკობ. ამ ყველაფერზე ფედერაციას და სახელმწიფოს კი არ ვსაყვედურობ, მესმის, რომ ქართული ფეხბურთი განვითარება ყველას უნდა და რომ ქვეყანაში გაჭირვებაა. მაგრამ ეს დაფინანსება მწირი და არასაკმარისია და იმაზე ვდარდობ, გუნდი როგორ შევინარჩუნო და გავაძლიერო?

რეპორტაჟები 3 კამერით და ლიგის ბურთი
ოთარ ფედიჩკინი, ბათუმის "დინამოს" დირექტორი:

"IN-STAT-ის ერთწლიანი პროგრამა საკმაოდ ძვირადღირებულია და მასში საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოგვიწევდა - დაახლოებით 30 ათასი ლარი, 50 "ადიდასის" ბურთი კი - 10 ათას ლარამდე. ანუ ჯამში 40 ათასი კი გამოვიდა. ეს თანხა ისედაც უნდა გადაგვეხადა.

პროგრამას და ბურთს თავადაც შევიძენდით, მაგრამ ტენდერს დრო უნდა და შეიძლება, ასეთი ხარისხიანი ბურთის ნაცვლად დაბალფასიანს გაემარჯვა. მოკლედ, სახელმწიფო კლუბებში მსგავს პრობლემებს რა გამოლევს.

ამას გარდა, ტურებიც გაიზარდა და მსაჯების მომსახურების ხარჯიც. რეალური ჩვენი ხარჯი არ გაზრდილა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომლის დანერგვითაც თავად კლუბები ვართ დაინტერესებულები - ყველა შეხვედრის პირდაპირი ვიდეოტრანსლაციები იგეგმება და მატჩებს 3 კამერით გადაიღებენ. ცხადია, ესეც ხარჯია, მაგრამ ჩვენი ჩეპიონატისთვის აუცილებელია".

დავით ცაბაძე, "ცხინვალის" ტექნიკური დირექტორი:

"IN-STAT-ი სერიოზული პროგრამაა და კლუბმა დამოუკიდებლად რომ შეიძინოს, ამაში გაცილებით სერიოზული თანხის გადარიცხვა დაგვჭირდებოდა. მაგალითისთვის 2014 წლის ამბავს გავიხსენებ.

მაშინ "ცხინვალში" კახა კაჭარავა დაინიშნა და პროგრამის შეძენა მოითხოვა. 10 თამაშში 5 ათასი ევრო მოგვთხოვეს. ახლა ამის უზრუნველყოფას საკუთარ თავზე სფფ იღებს. ამას ემატება ხარისხიანი ბურთები. ერთი შეხედვით, საწევროს გაზრდით ბიუჯეტი შეგვიმცირდა, მაგრამ ფეხბურთის განვითარება თუ გვსურს, ეს სწორი ნაბიჯი იყო და რომ დავუკვირდეთ, ამად ნამდვილად გვიღირდა".

რევაზ პერტაია, "ზუგდიდის" დირექტორი:

"როგორც დავადგინეთ, ეს თანხები რეალურად ისევ ჩვენს საჭიროებას მოხმარდება, საწევროს გაზრდა ბურთებისა და გუნდისთვის საჭირო პროგრამის გადმოცემით შეგვიმსუბუქეს. გადასახადი პირველ ლიგაშიც გაიზარდა, მაგრამ თამაშები დაგვემატა და მსაჯობის თანხაც გასასტუმრებელია".

ელდარ ბაკურია, მარტვილის "მერანის" დირექტორი:

"ტყუილს ვიტყვი, თითქოს, ეს ამბავი გამიხარდა. მაგრამ საქმეს თუ წაადგება, ამაზეც თანახმა ვართ. ფედერაციის არგუმენტია, რომ უკეთეს მსაჯობას შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდება. წლეულს კი ტურები დაგვემატა და არბიტრების მომსახურების ხარჯიც გაიზარდა. IN-STAT-ის პროგრამის მნიშვნელობა კი ფეხბურთში ყველას მოეხსენება. ამას გარდა, ბურთები დღეს ჩამოვიტანე და მართლა ძალიან მომეწონა. თანაც ძველი კი არაა, ჩემპიონთა ლიგის ახლანდელი მოდელია.

ნორმალური ჩემპიონატის პრეტენზია რომ გვაქვს, მას ერთი ბურთით უნდა თამაშობდე - ესეც დიდი პლუსია. ამ კუთხით საწევროს გაზრდა არგუმენტირებულია. საერთოდ, ფეხბურთის განვითარების პროგრამა რომ არ ყოფილიყო, "მერანი" და ორიოდე კერძო კლუბიც დაიშლებოდა. კლუბების მეპატრონეებს ფეხბურთზე გული ამიტომ მოუბრუნდათ და მომხდარში პრობლემას ვერ ვხედავ".

რატომ შეხვდნენ ახალ სეზონს ვალით?
მიხეილ აფხაზავა, "გაგრა" აღმასრულებელი დირექტორი:

"სფფ-ის ვალდებულება მის ხელთ არსებული საშუალებების - თანამედროვე ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების და ფინანსების სწორი განკარგვაა, რათა მაღალი დონის ეროვნული ჩემპიონატი ჩაატაროს. ამდენად, მიმაჩნია, რომ მათ მიერ ქართული ფეხბურთის დონის ასამაღლებლად გადადგმული თითოეული ნაბიჯი - ეს ეხება საწევრო გადასახადის ზრდას, ბურთების თუ ინსტანტსკაუტის პროგრამის კლუბებისთვის შეძენას, მსაჯების გადამზადებას და ბევრ სხვა ქმედებას - მისასალმებელია და გვერდში უნდა დავუდგეთ.

სწორედ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნებამ და სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ამოქმედებამ შექმნა "გაგრაში" სტაბილური გარემო და კლუბის პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

რაც მთავარია, კარგმა მენეჯმენტმა, ფინანსების სწორად განკარგვამ საჭირო შედეგი მოგვცა. კლუბები მარტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული კონტრიბუციით არ უნდა დაკმაყოფილდნენ და ბიზნეს-სექტორის ჩართულობაზეც მაქსიმალურად უნდა იზრუნონ. დაუსვით ცალკეულ კლუბებს შეკითხვა - რატომ შეხვდნენ სეზონს უამრავი ვალით? გაარკვიეთ, რატომ დგანან ფინანსური პრობლემების წინაშე? ფონდის შექმნამ ფეხბურთში დაბანდებული თანხების გამჭირვალობა განაპირობა და ეს უკვე ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გიორგი გოგოლაძის *ქველმოქმედება *)))))))))))))))))))) ეს ისეთი უტოპიაა , როგორიც კომუნიზმი !!! მაგ ნახევარ ფასში მოცემული *ვითომადიდასით* სულს ამოგხდით და ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ , რა მდგომარეობაშიც ბათუმის დინამოს ბაზის მშენებლობის გაჩერებაა ( რომლის ფულის შეჭმაშიც ლომის წილი მაგისია ) არ გჯერავთ , მოიკითხეთტენდერის მასალები და ნახავთ ! გამაცინეთ - გიორგი გოგოლაძის ქველმოქმედება ! ეგ ის გოგოლაძეა , რომლის სკანდალიც - ყალბი , ულიცენზიო *ადიდასის* ფორმების დამზადებისთვის , რამის საერთაშორისო სკანდალად რომ იქცა და ძლივს რომ ჩაიფარცხა !
)))))))))))))))))
26 თებერვალი 2017 20:47
0
100OOO lari girs to burtebi, vis rat undat magati burtebi, federaziashi imas zdiloben raz sheizleba meti fuli ishovon, an mogebebze da freze rato sheamziren tanxa?
kai bichi
26 თებერვალი 2017 20:01
0
აქაც აქციზმა მოიმატა?
giorgi
26 თებერვალი 2017 17:48
0
ეს კარგია მათთვის ვისაც არ ემეტება გუნდის გაყიდვა ბიზნესმენებზე ,იხადოს ქალაქის გამგებლებმა ეხლა ეს თანხები,ხელს რომ უშლიან კერძო ინვესტორებს ,ეს ღორები.უფრო მეტი უნდა დაუდგინო ,რომ გუნდის თავიდან მოშორება ისურვონ.....
me da sxva
26 თებერვალი 2017 17:18
0
ჩელეს გარდა ყველა კმაყოფილია :) 5 მილიონი რომ მისცე მაინც იტყვის არაა საკმარისი, ამ თანხით რა გუნდი უნდა გავაკეთოო :)
dave
26 თებერვალი 2017 15:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული