ლადო ბურდული: ფავორიტი "სამტრედიაა", "დინამოს" ჩამოწერაც არ შეიძლება

AutoSharing Option
სულ ცოტაც და დაიწყება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ფაქტია, გულშემატკივარი წინაზე უკეთეს პირველობას ელის. მოლოდინი დიდია თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ერთხმად ვითხოვდით 10-გუნდიანი პირველობის ჩატარებას და, როგორც იქნა, ის მივიღეთ.

ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს მონაწილეობა მიუღია საქართველოს არაერთ ჩემპიონატში. უთამაშია დასამახსოვრებელი მატჩები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ბოლო წლებში სწორედ ის იყო ბოლნისის "სიონის" სათავეში, ახალ ჩემპიონატს კი, ყოველ შემთხვევაში, მის დასაწყისს, ექსპერტის თვალით შეხედავს, რადგან "სიონიდან" წასვლის შემდეგ, ჯერჯერობით, ფეხბურთისგან განზე დგას.

ლადო ბურდულის აზრი იმადაცაა საინტერესო, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ
მუშაობა მოასწრო როგორც მწვრთნელად, ისე კლუბის ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

მოკლედ, დროა, გადავიდეთ ინტერვიუზე...

- თავდაპირველად, ზოგადი კითხვა - რას ელით კარს მომდგარი ჩემპიონატისგან?
- პირველ რიგში, იმას, რომ ჩემპიონატი დაძაბული იქნება. ეს ეხება როგორც რანგით პირველ, ისე რანგით მეორე ლიგას. ამას განაპირობებს ჩემპიონატის ფორმატი. ყველა მოპოვებულ ქულას ექნება ძალიან დიდი, მე ვიტყოდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა. დაძაბული ბრძოლა იქნება როგორც ევროტურნირებზე მოხვედრისა და ჩემპიონობისთვის, ისე უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. არ გვეყოლებიან მოტივაციას მოკლებული გუნდები ჯერ სატურნირო ამოცანების გამო და მერე იმიტომაც, რომ შემუშავდა ბონუსსისტემა, რომელიც თითოეულ მოპოვებულ ქულას ძალიან ძვირად აფასებს.

ამასთან ერთად, ძალიან დაძაბულ ბრძოლას ველოდები რანგით მეორე ლიგაშიც. ნახეთ, როგორმა ამბიციურმა გუნდებმა მოიყარეს იქ თავი. აქაც ბოლომდე იქნება ბრძოლა!..

მოკლედ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დაძაბულობა აუცილებლად გვექნება. სხვა საქმეა თამაშის ხარისხი. ზოგადად, არ მივეკუთვნები სკეპტიკოსებს და მიმაჩნია, რომ თუ საქმეს სწორად მივუდგებით, ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება. უბრალოდ, ამისთვის ყველამ სწორად უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

ერთი ის არ მომწონს, რომ ოთხჯერ უწევთ გუნდებს ერთმანეთთთან შეხვედრა... არის სხვა პრობლემებიც. თუნდაც, ინფრასტრუქტურული ხასიათის. მათ თანდათან უნდა მიეხედოს. დანარჩენს ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც ჩემპიონატი დაიწყება. რანგით მეორე ლიგის მნიშვნელობას ხაზი ტყუილად როდი გავუსვი. აუცილებელია, რომ ეს იყოს ძლიერი, კონკურენტუნარიანი ლიგა და ეს მხოლოდ წაადგება ქართულ ფეხბურთს.

- ინფრასტრუქტურა ახსენეთ და, რამდენად მნიშვნელოვანია ის ფეხბურთის განვითარებისთვის, სათამაშო დონის ამაღლებისთვის?
- ეს არის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი გუნდი თამაშობს დღეს ბუნებრივსაფარიან მინდორზე? თან ამ საფარის ხარისხსაც ხომ გააჩნია?! მაგალითად, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ქობულეთში ხალიჩა გამოსაცვლელია. გეხსომებათ, თუნდაც ჩვენი ფეხბურთელები როგორ დაშავდნენ იქ...

მე მესმის, რომ სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი კლუბები პრობლემებს აწყდებიან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, მაგრამ კერძო კლუბებს შეუძლიათ, ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯები გადადგან. რასაც ხარჯავ, ის ახალი მოდელის მიხედვით გინაზღაურდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მე მივესალმები მარტვილის "მერანის" ხელმძღვანელობის ძალისხმევას, ეტაპობრივად, მაგრამ სისტემატურად რაღაც შემატონ სტადიონს. ასევე მჯერა, რომ სხვა კლუბების ხელმძღვანელებიც ამავე გზით ივლიან. ფეხბურთელს ბუნებრივ საფარზე თამაში რომ ურჩევნია ხელოვნურს, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს.

ზოგადად, როცა ფეხბურთელი კარგ მინდორზე გადის, უფრო სიამოვნებს თამაში, უფრო უადვილდება ტექნიკური და სანახაობრივი ფეხბურთის დემონსტრირება. თავადაც ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რომ ეს ასეა.

- წეღან ბონუსსისტემა ახსენეთ...
- ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე კარგი და აუცილებელი რამ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერში ვეთანხმები ფონდს. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებზეც ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ეს არის თემა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პროგრესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

დავიწყოთ იმით, რომ თუ გუნდი კონკრეტულ მომენტში სატურნირო ამოცანას არ წყვეტს, უმოტივაციოდ მაინც არ იქნება. ვის აქვს დღეს საქართველოში ზედმეტი ფული? ან ვის აწყენს ეს ბონუსები? ჩემპიონატში ჩვენს გუნდებს 36 მატჩის ჩატარება უწევთ და ამბიციურმა გუნდმა 20 მატჩის მოგებაზე ხომ მაინც უნდა იფიქროს? გავამრავლოთ მოგებული თამაშისთვის სარგო ბონუსი ამ თანხაზე და საკმაოდ შთამბეჭდავ ციფრს მივიღებთ. ეს პირდაპირი მესიჯია გუნდებისადმი, რომ იყვნენ ამბიციურები. მე ბოლომდე მივესალმები ამ წამოწყებას.

- თავის დროზე ცნობილი ფეხბურთელი იყავით. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ფეხბურთელისთვის ის, რომ მისი თამაში კარგად გაშუქდეს?
- უმნიშვნელოვანეს თემას შეეხეთ. რისთვის თამაშობს ფეხბურთელი? მისთვის მთავარი არის მაყურებელი, მისი რეაქცია, ტაში... რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ კარგად გაშუქდეს საქართველოს ჩემპიონატი. ამის გარეშე ჩვენ პროგრესზე ვერ ვიფიქრებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაყურებელი შეიძლება ამ გზითაც მოვიყვანოთ სტადიონზე. შეხედავს ტელეეკრანზე, რომ კარგი თამაშია და გაუწევს გული სტადიონისკენ. ბოლოს და ბოლოს, ყველა ვერ მიდის სტადიონზე. უფროს თაობას, ჩვენს ბაბუებს და მამებს ხომ უნდათ ფეხბურთის ყურება?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე, თუნდაც გასულ სეზონში, შესაძლებელი იყო მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ნახვა. ეს ძალიან კარგი წამოწყებაა და კარგის მეტი ვინ რა უნდა თქვას, მაგრამ აუცილებელია ტელერეპორტაჟების ორგანიზება. კი, აჭარის ტელევიზია აშუქებს ბათუმის "დინამოს" საშინაო მატჩებს, "რიონი" - "ტორპედოსას", მაგრამ ისინი გუნდის გასვლით თამაშებს ხომ ვერ აშუქებენ?

მარტვილში სუპერთასი რომ გაიმართა, თავიდან, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი - არ მეგონა, "TV პირველი" თუ აჩვენებდა პირდაპირ რეპორტაჟს. არადა, სუპერთასი იმხელა მოვლენაა ნებისმიერ საფეხბურთო რეალობაში, რომ მისი პირდაპირი რეპორტაჟი აუცილებლად უნდა იყოს...

- რას იტყვით ფავორიტებზე?..
- უკვე გითხარით, დაძაბულ ჩემპიონატს ველოდები-მეთქი. რა არის გუნდის წარმატებისათვის მთავარი? "სიონში" მუშაობის დროს დავრწმუნდი, რომ ეს არის ის, რომ შენ გარკვეული დროის განმავლობაში ახერხებ ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას, რაც გუნდის შეთამაშებას განაპირობებს. დამეთანხმებით, თუნდაც ბოლო სეზონში სახელების მიხედვით ჩვენ ბოლნისში ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ დადგა ის შედეგი, რომელიც დადგა და ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გუნდი ახლად შეკრებილი იყო. ჩემპიონატის ბოლოს, როცა შეთამაშება მოვიდა, კი მოვუმატეთ, მაგრამ...

თუ ერთი ფავორიტი უნდა დავასახელო, მაშინ ვიტყოდი "სამტრედიას". გია ცეცაძე ჩემი მეგობარი რომაა, ამას ამიტომ არ ვამბობ. ის შესანიშნავი მწვრთნელია და ძალიან კარგად იცის, როგორ მიიყვანოს გუნდი კონკრეტულ მიზნამდე.

ჩემი აზრით, ძალიან ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება ქუთაისის "ტორპედო", რომელსაც კარგი შემადგენლობა და ასევე ძალიან კარგი, ახალგაზრდა, მოაზროვნე და პროგრესირებადი მწვრთნელი ჰყავს კახა ჩხეტიანის სახით.

მინდა, წარმატება ვუსურვო თბილისის "დინამოში" კახა კაჭარავას. "დინამო" ნებისმიერ შემთხვევაში "დინამოა" და მისი ჩამოწერა როგორ შეიძლება?! დარწმუნებული ვარ, კაჭარავა ბრძოლისუნარიან ახალგაზრდულ გუნდს ჩამოაყალიბებს.

ყველა გუნდი გაძლიერდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერაფრით ჩამოვწერთ "საბურთალოს" და "ჩიხურას". ასევე ძალიან საინტერესო გუნდია გორის "დილა", ამბიციები აქვს თბილისის "ლოკომოტივს"...

საერთოდ, თანაბარი ჩემპიონატი გვექნება. გუნდები ისეთნაირად არიან დაკომპლექტებულნი, ვერავინ ვერავისთან "გაისეირნებს". ეს იქნება ამ ჩემპიონატის ლაიტმოტივი.

- თქვენ უპირველეს ფავორიტად "სამტრედია" დაასახელეთ. არადა, გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა...
- მესმის, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ გია ცეცაძე შეძლებს ამ დანაკლისის შევსებას. გარდა ამისა, "სამტრედიაში" დარჩნენ კვალიფიციური ფეხბურთელები. კარგი მოთამაშეები, უკვე კარგა ხანია, გუნდის ძირითადი ბირთვი ერთად მოდის. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც "სამტრედიის" სასარგებლოდ მეტყველებს.

- დაბოლოს, თქვენს მომავალზეც: ლადო ბურდული უფეხბურთოდ წარმოუდგენელია. "სიონიდან" წასვლის შემდეგ რაიმე სიახლე ხომ არ არის თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?
- არის რაღაც წინადადებები და ახლა ამ წინადადებების დამუშავების, ანუ, როგორც იტყვიან ხოლმე, მოლოდინის რეჟიმში ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ რო კომენტარს გააკეთებ
badri
16:41 04-03-2017
0
ტორპედო ბევრ სიურპრიზებს შემოგთავაზებთ, მიუხედავათ იმისა რომ სპონსორს იგნორირებას უკეთებენ,პარალელი რომ გავავლოდ აძლევენ ექიმებს, მაგრამ საავადმყოფოს და მიმდებარე ტერიტორიას არა!
გოგი ქუთაისელი
17:46 02-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული