გეგა დიასამიძე: ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ვიტყვი მთავარს...

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე 5 ამხანაგური მატჩი გამართა და აქედან 4 მოიგო. გიორგი დევდარიანის გუნდში თავი კარგად წარმოაჩინა ცენტრალურმა ნახევარმცველმა გეგა დიასამიძემ, ვინც ამ შეხვედრებში 3 გოლი გაიტანა - ყაზახეთის პრემიერლიგელ ყიზილორდას "ქაისარს" დუბლი შეუსრულა, მესამე (და გამარჯვების) კი მინსკის "დინამოს" კარში გაიტანა.

25 წლის ნახევარმცველს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა - მოსამზადებელ ეტაპზე, განახლებულ "ლოკომოტივზე", მის წარსულზე...

- ჯერ თურქულ შეკრებაზე ვილაპარაკოთ. საინტერესო მეტოქეები გყავდათ. ყველაზე მეტად რომელი მათგანი მოგეწონათ?
- იქ თითქმის ყველა გუნდი თანაბარი ძალის იყო. დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" ევროპის
ლიგის ყოფილი ფინალისტია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლა მინსკის "დინამოს" სჯობდა. ორივესთან კარგად და დამაჯერებლად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში ბელარუსებთან დიდი უპირატესობა გვქონდა და მეტიც უნდა გაგვეტანა.

ერთადერთი, ყაზახებთან წავაგეთ და ამასაც არ ვიმსახურებდით - ბავშვური შეცდომების გამო დავმარცხდით. მაგრამ "ქაისარი" ყველაზე მეტად მომეწონა. ფაქტია, ყაზახები ძალიან განვითარდნენ და საკმაოდ მაღალ დონეზე ათამაშდნენ და ეს ლეგიონერების დამსახურებაა - ბევრი მაღალი კლასის უცხოელი ჰყავთ.

- არა მარტო შეკრებაზე, გარდამავალ ჩემპიონატშიც გუნდის ბომბარდირი იყავი. "ლოკომოტივში" "მეორე სუნთქვა" გაგეხსნა?
- ნამდვილად ასეა, რადგან იმ გუნდში მოვხვდი, სადაც მენდობიან და მათამაშებენ. ჩემპიონატში ბომბარდირობა კი იმის დამსახურებაც არის, რომ ბოლო ტურებში თავდამსხმელები დაგვიშავდა და დევდარიანმა შეტევაში მათამაშა.

- წელს "ლოკომოტივის" შემადგენლობა საგრძნობლად განახლდა. თქვენი აზრით, გუნდი შარშანდელზე ძლიერი იქნება?
- ამაში დარწმუნებული ვარ. სხვათა შორის, გარდამავალი ჩემპიონატი კარგად კი დავიწყეთ, მაგრამ ცუდად დავასრულეთ. ბოლოს "შუქურასთან" ქულა რომ არ აგვეღო ლიგიდან გავვარდებოდით. ისე, მაშინ უცნაური ვითარება შეიქმნა - თან გავარდნის საფრთხე იყო და ამავე დროს, მოგებით ევროპის ლიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსიც გვქონდა...

გუნდი დევდარიანმა რომ ჩაიბარა, შემადგენლობა განახლდა და საკონტროლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ "ლოკომოტივი" გაძლიერდა.

- ამ შემადგენლობით ჩემპიონობისთვის იბრძოლებთ?
- რატომაც არა?! ჩემი აზრით, ეს გამორიცხული არ არის. ჩვენ ნებისმიერ შეხვედრაში მოსაგებად ვაპირებთ ბრძოლას. სამეულში მოხვედრაც მშვენიერი შედეგი იქნება.

- გიორგი დევდარიანი ამბიციური მწვრთნელია და, ცხადია, მაღალი შედეგებისთვის ბრძოლა სურს. საინტერესოა, გუნდში მისი მოსვლით რა შეიცვალა?
- ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მე მთავარს ვიტყვი - გუნდში ახლა ყველა ფეხბურთელმა იცის, ვის რა ევალება, რა უნდა ქნას და რომელი ზონა აკონტროლოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდმა შეთანხმებულად და აზრიანად რომ ითამაშოს. ამაზე ჯერ კიდევ თურქეთში გამგზავრებამდე, საგურამოში ვვარჯიშობდით და მიმაჩნია, რომ უცხოურ გუნდებთან წარმატებული დაპირისპირება ამის შედეგიც არის.

- ...და მერე ეს კარგი გუნდი ჩადის სამტრედიაში, ქუთაისში, გორში, საჩხერეში, ქობულეთში... იქ ყველა თქვენს მეტოქეს გულშემატკივარი ჰყავს, თბილისში კი "ლოკომოტივის" თამაშებზე ხალხი თითქმის არ დადის. არადა, გულშემატკივარი რეალურად მე-12 მოთამაშეა...
- ეს ყველას გვადარდებს. თბილისში ფეხბურთი უყვართ, მაგრამ არ დადიან. იმიტომ, რომ უკეთეს ფეხბურთს ელიან. მე მქონდა ბედნიერება, მეთამაშა დანიურ "ორჰუსში", სადაც სტადიონზე ბევრი ხალხი დადიოდა. მერე იმ გორის "დილაში" ჩავირიცხე, რომელსაც მინიმუმ 2-3 ათასი მაყურებელი ჰყავდა.

ხალხი სტადიონზე სხვა ატმოსფეროს ქმნის, ფეხბურთელიც კარგი განწყობით თამაშობს და მეტი სტიმული აქვს. აბა, უმაყურებლო ფეხბურთი ვარჯიშივითაა, ჩამქრალი ხარ, ემოციებიც არ არის... ახლა ჩვენი ოჯახის წევრები და 100-მდე მოყვარული თუ დადის, რაიმე გამორჩეული თამაში თუ არ არის. თანაც, "მიხეილ მესხი" დიდი სტადიონია და...

- მაყურებელს კარგი ფეხბურთი იზიდავს. დევდარიანს "თბილისი" რომ ჰყავდა, 4-5 ათასი ქომაგი მაინც დადიოდა მის სანახავად...
- ჩვენც იმავეს უნდა ვეცადოთ. სხვათა შორის, ამის გამო, ჩვენს ხელმძღვანელობას სურდა, "ლოკომოტივს" საგურამოს სტადიონზე ეთამაშა, სადაც 2000 მაყურებელი მაინც მოვიდოდა, მაგრამ გადაიფიქრეს.

- ძალიან ბევრ გუნდში გითამაშიათ. სულ რამდენი კლუბია გეგა დიასამიძის დოსიეში?
- (იცინის) ჰოო, ნამდვილად ბევრ გუნდში მითამაშია... 13 წლის ვიყავი, არველაძეების ფონდმა ამსტერდამის "აიაქსში" რომ წამიყვანა. მაგრამ არაევროკავშირელს რომ მეთამაშა, კლუბს 460 ათასი ევრო უნდა გადაეხადა და პატარა ბავშვში ამას ვინ გაიმეტებდა?

მერე პორტუგალიის მესამე ლიგის "ოდიაშის" დუბლებში ჩავირიცხე, საიდანაც მთავარ გუნდში გადამიყვანეს და 16 წლისამ პორტუგალიაში ვითამაშე. მერე იყო დანიური "ორჰუსი", საიდანაც წელის ტრავმის გამო წამოვედი და ლამის წელიწად-ნახევარი გამიცდა. მაგრამ თბილისის უკრაინულ კლინიკაში მიმკურნალეს და გორის "დილაში" მივედი. "ლოკომოტივში" კი 2015 წელს ჩავირიცხე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარე გეგა, უფალმა სულ წარმატებით გატაროს.
gizog
21:23 05-03-2017
0

სიახლეები პოპულარული