კლუბის პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ "დინამომ" ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი) "ინტერიდან" კენედი უგოალა ნვანგანგა დაიმატა. 26 წლის ნიგერიელმა ფლანგის შემტევმა ნახევარმცველმა (სიმაღლე 188 სმ) ზღვისპირელებთან ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე გააფორმა.
1990 წლის 15 აგვისტოს დაბადებულმა კენედი ნვანგანგამ საკლუბო კარიერა ნიგერიაში, 2007 წელს დაიწყო და აბუჯას "როკეტსში" ერთი წელი ითამაშა, მაგრამ მალე ტურკუს (ფინეთი) "ინტერში" მიიწვიეს და იქ სამი წელიწადი გაატარა:
2010 წელს ის ბელგიურმა "გენკმა" (60 მატჩი, 4 გოლი) მიიწვია, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ 2011/12 წლების სეზონში ბათუმელთა ახალწვეულმა "გენკის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ჩელსის" წინააღმდეგ (1:1) ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, "ლევერკუზენთან" (0:2) - შეცვლაზე, ხოლო "ვალენსიასთან" (0:0) - კვლავ სასტარტოში. სულ ნვანგანგამ ჩემპიონთა ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა, აქედან 5 - ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო 2012-13 წლებში, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, ბელგიელთა ფორმა 8 მატჩში მოირგო.
3 წლის შემდეგ კენედი "გენკიდან" იჯარით "ბეერსხოტში" (2013 - 7 მატჩი) გადავიდა, მერე კი "ვესტერლოში" (2014 - 12 მატჩი, 1 გოლი) ითამაშა. "გენკთან" კონტრაქტის დასრულების (2014-15) შემდეგ ნიგერიელი ასევე ბელგიურ "რუზელაარეში" (17 მატჩი, 4 გოლი) აღმოჩნდა და მხოლოდ შარშან დაუბრუნდა ფინურ "ინტერს", რომლის სახელითაც 28 შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა.
კენედი ნვანგანგა არის ფინეთის თასის მფლობელი (2009), ბელგიის ჩემპიონი (2011) და სუპერთასის (2014) გამარჯვებული. სხვათა შორის, 2010/11 წლების სეზონის საჩემპიონო შეხვედრაში "სტანდარდის" კარში მის მიერ გატანილი გოლი "გენკისთვის" ტრიუმფის მომტანი აღმოჩნდა.
დღესდღეობით "ტრანსფერმარკტი" მის ღირებულებად 150 ათას ევროს ასახელებს. არადა, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 800 ათასი იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"