საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობს და მათ შორის უნდა ვახსენოთ კიდეც ბოლო წლების ყველაზე სტაბილური გუნდის ასევე სტაბილური კაპიტანი შოთა კაშია!
შოთა კაშია თითქმის 10 წელიწადი გამოდიოდა თბილისის "დინამოში" და დიდი შრომისა და მონდომების ხარჯზე, ამ კლუბის მესამე გუნდიდან ძირითადი გუნდის კაპიტნობამდე გზაც უმოკლეს დროში გაიარა. 2004 წლიდან 2011 წლამდე, "დინამოში" არაერთხელ შეიცვალა კლუბის თუ გუნდის
თუმცა, უნივერსალიზმის ნიჭით დაჯილდოებული შოთა კაშიას როლი არაფრით იცვლებოდა: ყველა მწვრთნელი უდიდეს ნდობას უცხადებდა ფეხბურთელს, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეეძლო თამაში დაცვის ორივე ფლანგზე თუ დაცვის ცენტრში, საყრდენ ნახევარმცველად თუ გარემარბად!
ტიტულს ტიტული ემატებოდა: "დინამოსთან" ერთად შოთა კაშიამ ორჯერ მოიპვა საქართველოს ჩემპიონობა , ორჯერ-საქართველოს თასი, ერთხელ კი - სუპერთასი! კაშიამ მერეც გააგრძელა სხვა გუნდებში ტიტულების "შეგროვება", "დილას" შემადგენლობაში რომ გახდა საქართველოს თასის მფლობელი და მერე უკვე, "ჩიხურას" შემადგენლობაში რომ დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს.
თუმცა, ჩვენი აზრით, ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, სულ პირველი ტიტულია: 2004 წელს, თბილისის "დინამომ" თასის ფინალი რომ "შემოუტრიალა" ქუთაისის "ტორპედოს" , ანგარიში სწორედ შოთა კაშიამ გაათანაბრა, იმ დროისათვის 19 წლის ბიჭმა, რომელსაც უდიდესი ნდობა გამოუცხადა "დინამოს" იმდროინდელმა თავკაცმა გია გეგუჩაძემ.
არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო 2009 წლის 30 მაისის საღამო, როცა კახა კაჭარავას დამოძღვრილმა თბილისის "დინამომ" დრამატულ თასის ფინალში პენალტების სერიაში მოუგო რუსთავის "ოლიმპს" და გამარჯვებულთა გუნდში ხომ შოთა კაშიასთან ერთად, მისი უმცროსი ძმაც, გურამ კაშიაც გამოდიოდა, დღესდღეობით საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიური "ვიტესის" მართლაც შეუცვლელი ფეხბურთელი...
ისე მოხდა, რომ 2011/12 წლების სეზონის დასაწყისში, შოთა კაშიასა და თბილისის "დინამოს" გზები გაიყო; რასაც მოჰყვა წარმატებული პერიოდი "დილას" შემადგენლობაში და აი, უკვე მეხუთე წელიწადია, რაც შოთა კაშია "ჩიხურას" შეუცვლელი ფეხბურთელი გახლავთ.
სიტყვა "შეუცვლელი" კი შემთხვევით არ გვიხსენებია: შოთა კაშიას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საჩხერელთა გუნდის, ფაქტობრივად, არც ერთი ოფიციალური მატჩია არ გამოუტოვებია! ჰოდა, გაზეთ "ლელოსა" და კომპანია "ლიდერბეთის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ნომინაციაში "ყველაზე სტაბილური", სწორედ შოთა კაშია გახლდათ უკონკურენტო და "კუთვნილი" პრიზიც "ლელოს" რედაქციაში გადავეცით...
გაუთავებელი ტრავმები
- იმის მიუხედავად, რომ ყველა ტიტული მოგებული გაქვთ, ერთგვარად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებთ. რა არის ამის მიზეზი?- რა გითხრათ, ალბათ იმიტომ ხდება ასე, რომ თავმდაბალი ადამიანი ვარ. არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. ჩემი ძმა, გურამი რომ ავიღოთ, ის უკვე მიეჩვია წაგებული თუ მოგებული მატჩების შემდეგ ინტერვიუების მიცემას, მისთვის ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მე უფრო მორიდებული ვარ.
- უკვე 14 წელია, საქართველოს ჩემპიონატში თამაშობთ, თანაც, სტაბილურად და წარმატებულად. ამ დროის განმავლობაში უცხოეთში წასვლის შანსი არ გქონდათ?
- ისე მოხდა, რომ უცხოეთში საერთოდ არ მითამაშია. აგენტი არ მყოლია არასოდეს. ერთი პერიოდი, ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. კახა ცხადაძე რომ წვრთნიდა თბილისის "დინამოს", სწორედ იმ დროს. მერე დაიწყო გაუთავებელი ტრავმები. რომ შევაჯამოთ სულ, ექვსი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. დავიწყებდი თამაშს და მაშინვე ტრავმას ვიღებდი. დავიანგარიშე ამას წინათ და 28 თვე გამიცდა ტრავმების გამო. იყო თავის დროზე რუსეთის ვარიანტი, მაგრამ არ გამოვიდა.
- ტრავმები მართლაც გვარიანად გიტევდათ, მაგრამ მაშინ სულ რაღაც 22-23 წლის იყავით...
- როგორი ახალგაზრდაც უნდა იყო, ტრავმის მერე ცოტა არ იყოს, ჭირს ფორმაში შესვლა, აღდგენა. ალბათ, საწინააღმდეგო რომ დაამტკიცო, ძალიან ნიჭიერი უნდა იყო. ისეც მომხდარა ჩემს კარიერაში, სერიოზული ტრავმის შემდეგ დამიწყია თამაში და ეგრევე მიმიღია ისევ ტრავმა.
შირერის სურათებით სავსე...
- უნივერსალიო, თქვენზე ითქმის - მეკარისა და ცენტრფორვარდის გარდა, ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე გითამაშიათ...- მართალია, ყველა პოზიციაზე მაქვს ნათამაშები. სულ თავიდან თენგიზ სულაქველიძესთან დავიწყე ფეხბურთის თამაში, მუშთაიდის გვერდით ირომ საფეხბურთო სკოლა იყო, იქ. ძალიან მიყვარდა ფეხბურთი, წინ თამაში მინდოდა. ბატონმა თენგიზმა ოთხნომრიანი მაისურა ჩამაცვა და დაცვაში დამაყენა. მერე, დრო რომ გავიდა, "დინამო 3"-ში რამდენიმე ფეხბურთელი აგვიყვანეს ჩვენი სკოლიდან. ძალიან კარგმა კონტინგენტმა მოიყარა თავი. თამაშებზე "დინამო 2-საც" ვემატებოდით. ძალიან კარგი შემადგენლობა იყო თავმოყრილი გუნდში: ჯაბა დვალი, შოთა გრიგალაშვილი, ლადო დვალიშვილი, გიორგი ნავალოვსკი... თავიდან ოთარ კორღალიძე იყო მწვრთნელი, მერე გია გეგუჩაძე მოვიდა. პირველი თამაში თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდში ჩემთვის იყო "ლოკომოტივის" წინააღმდეგ. მერე ისე მოხდა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა გუნდი მალე დატოვა.
- ამის შემდეგ "დინამოში" გია გეგუჩაძე მოვიდა და იყო თასის ფინალი "ტორპედოსთან", რომელშიც გოლი გაიტანეთ...
- საერთოდ, იშვიათად გამაქვს გოლები. იმ შეხვედრაში ისე მოხდა, რომ გავიტანე. მეორე გოლი ლევან სილაგაძემ შეაგდო. ეს ჩემთვის პირველი ტიტული იყო! ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო...
- მერე იყო უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაში, სადაც იმავე "ნიუკასლთან" მოგიწიათ ძალების მოსინჯვამ...
- ეს მართლაც დაუვიწყარი მომენტი იყო. ჩემი ძმა ბავშვობიდან ინგლისის ფანი იყო. ჩემი საწოლი ოთახი სავსე იყო ალან შირერის სურათებით და უცებ მის წინააღმდეგ მომიწია მინდორზე გასვლამ. სტადიონზე არსებულ ატმოსფეროზე ხომ აღარაფერს ვამბობ...
თამაშის დაწყებას ათი წუთი აკლდა. შევედით გასახდელში, არ იყო სავსე სტადიონი. გამოვედით და უკვე სასწაული აურა დაგვხვდა.
ალან შირერზე რა უნდა ვთქვა... "ნიუკასლის" მეორე ლიდერი კრეიგ ბელამი უსწრაფეს ფეხბურთელად დასახელდა იმ წელს პრემიერლიგაში. ისე, "დინამოშიც" არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან ერთად მომიწია თამაშმა: გიორგი ანჩაბაძესთან, გიორგი ნემსაძესთან, ლევან მელქაძესთან, ნედ ზელიჩთან, მილოშ კრშკოსთან...
- ნედ ზელიჩზე ცალკე უნდა გკითხოთ...
- როცა ასეთი ფეხბურთელი გყავს გუნდში, მისგან იღებ მაგალითს როგორც მინდორზე, ისე ცხოვრებაში. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ზელიჩის მაგალითზე და მის გვერდით ასპარეზობამ, ჩემს ძმას, გურამს ძალიან ბევრი რამ ასწავლა.
- საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებში მიწვევა არასდროს მიგიღიათ...
- ალბათ, არ ვარ იმ დონის ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრებს რომ გამოვდგომოდი...
- ზემოთაც ვახსენეთ თქვენი უნივერსალობა და თვითონ რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
- იმ პოზიციაზე, რომელიც პირველი იყო ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში - ცენტრალურ მცველად. ფლანგელ მცველებს დღეს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ. დღეს, ხშირად სწორედ ისინი იგებენ თამაშს. ისე, მეკარისა და თავდამსხმელის გარდა ყველა პოზიციაზე მითამაშია.
დღესაც როგორ თამაშობს...
- თქვენ არაერთ კარგ მწვრთნელთან გიმუშავიათ...- ივო შუშაკთან, გია გეგუჩაძესთან, კახა ცხადაძესთან, დუშან უჰრინი-უფროსთან, კახა კაჭარავასთან... ყველას თავისი შეხედულება ჰქონდა. ამჟამად სოსო ფრუიძესთან მიწევს მუშაობა. მაღალი დონის სპეციალისტია და შემთხვევითი არ არის, ამდენი ხნის განმავლობაში "ჩიხურაში" რომ მუშაობს.
ასევე მინდა ვთქვა კახა კაჭარავას შესახებ. მას ძალიან კარგი ხედვა და ფეხბურთელის აღმოჩენის უნარი აქვს. რამდენ ახალგაზრდას გაუკვალა გზა დიდ ფეხბურთში...
- ფაქტია, ადრე უფრო მეტი მაღალი დონის გუნდი იყო საქართველოს ჩემპიონატში...
- გეთანხმებით. სულ მცირე, 5-6 კონკურენტუნარიანი და მაღალი მიზნებისათვის მებრძოლი გუნდი მუდამ იყო ხოლმე...
- ჩვენს ჩემპიონატში ისეთი ფეხბურთელებიც არიან, სოლიდურ ასაკშიც შესანიშნავად რომ გამოიყურებოდნენ, მაგალითად, ალეკო გოგობერიშვილი...
- დღესაც როგორ თამაშობს... ასეთ დროს წინა პლანზე გამოდის სწორი კვება, დროული დასვენება და ასე შემდეგ...
- თქვენ და რეჟიმი როგორ ხართ ერთმანეთთან?
- არ დამირღვევია არასოდეს! ტრავმებამდეც ვიცავდი რეჟიმს და ტრავმების შემდეგ ხომ საერთოდ...
- 2015/16 წლების სეზონში, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, თითქმის ყველა გამოკითხვის შედეგად, 38 წლის ალექსანდრე იაშვილი გახდა...
- აბსოლუტურად ვეთანხმები ამ არჩევანს: ის ხომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი იყო. თანაც, ვიდრე აქ დაბრუნდებოდა, რა დონეზე ჰქონდა ნათამაშები...
ძალიან ახლოს ვიყავით ჩემპიონობასთან...
- მოვიდა დრო და თქვენი და "დინამოს" გზები გაიყო...- არანაირი წყენა არ ყოფილა. გუნდში ახალი ხელმძღვანელობა და მწვრთნელი მოვიდა. ორჯერ დამჭირდა იმ პერიოდში მენისკის ოპერაციის გაკეთება და, ლამის ფეხზე დგომას თავიდან ვსწავლობდი. ამას გარდა, ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა თუ გეგმები აქვს. ასე მოხდა კიდეც "დინამოში", როცა მთავარ მწვრთნელად ალექს გარსია დაინიშნა...
ამის შემდეგ რეაბილიტაციისათვის ცხინვალის "სპარტაკში" ვითამაშე ექვსი თვე, მერე იყო "დილაში" გატარებული კარგი სეზონი, სადაც საქართველოს თასი მოვიგე. ამას მოჰყვა საჩხერის "ჩიხურა".
- როგორ მოხვდით "ჩიხურაში"?
- ჩემთვის მაშინაც და ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია ის სტაბილური გარემო, რომელიც გუნდში უნდა არსებობდეს. ამ მხრივ კი, მინდა გითხრათ, რომ "ჩიხურაში" მართლაც მშვენიერი სიტუაციაა. აღარაფერს ვამბობ არანაკლებ მნიშვნელოვან ნიუანსზე, რასაც მწვრთნელის ფაქტორი ჰქვია...
- ჩვენი ჩემპიონატის ისტორიაში, მართლაც, უიშვიათესი შემთხვევაა, როცა კონკრეტული მწვრთნელი ამდენი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდეს გუნდს: სოსო ფრუიძე ხომ უკვე მეცხრე წელიწადია, რაც "ჩიხურას" თავკაცობს...
- შედეგი, სტაბილურობა, ვარჯიშების და თამაშის ხარისხი - ეს ყველაფერი ბატონი სოსოს სასარგებლოდ მეტყველებს...
- წინა ჩემპიონატის საჩემპიონო პლეი ოფიც გავიხსენოთ...
- ძალიან ახლოს ვიყავით ჩემპიონობასთან. სამწუხაროდ, ეს შანსი ხელიდან გავუშვით და ჩვენ გარდა, ამას ვერავის დავაბრალებთ.
- საჩემპიონო პლეი ოფი ერთმატჩიანი რომ ყოფილიყო?
- ჩემი აზრით, სულ სხვა შინაარსის თამაში იქნებოდა.
- პირველ მატჩში "ჩიხურა" ცოტა შებოჭილი ჩანდა...
- ვერ ვითამაშეთ ჩვენი თამაში. ისე კი, მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა. ვერ ვიტყვი, რომ "სამტრედიამ" ძალიან დაგვჩაგრა.
- თქვენ მიერ მიღებული წითელი ბარათი არ გვახსენდება...
- არ მიმიღია წითელი ბარათი. რა ვიცი, ასე გამოვიდა. თუმცა, იმასაც ვერავინ იტყვის, რომ "ნაზი" მცველი ვარ.
უპირველეს ყოვლისა, ჩისკო!
- ვის დაასახელებდით საუკეთესო პარტნიორად?- ლევან სილაგაძეს, კარიერის დასაწყისში ვის გვერდითაც ვთამაშობდი თბილისის "დინამოში". ასევე ძალიან მიადვილდებოდა ნედ ზელიჩთან ერთად თამაში.
- საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდთაგან ვინ იყო თქვენთვის არასასურველი მეტოქე?
- უპირველეს ყოვლისა, ჩისკო! თქვენც კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენი გოლი გაჰქონდა ამ ჩინებულ ესპანელ შემტევს "ჩიხურას" კარში. თითქოს, "ამოჩემებულივით" ვყავდით...
- ქართველი თავდამსხმელებიდან ვის გამოარჩევთ?
- ძალიან რთულია ჯაბა დვალის წინააღმდეგ თამაში. იმავეს ვიტყოდი, ახალგაზრდა ფორვარდებზე: ნიკა კაჭარავაზე, ბუდუ ზივზივაძეზე, ბაჩანა არაბულზე, გიორგი ქვილითაიაზე...
- საკლუბო დონეზე ყველა აქაური ტიტული გაქვთ მოგებული და კიდევ რა მოტივაცია დაგრჩათ?
- მოკლედ გიპასუხებთ: ძალიან მინდა, რომ "ჩიხურასთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გავხდე და თასი მოვიპოვო!
- ჩვენი ინტერვიუ ძმები კაშიების თემით გვინდა დავასრულოთ: უკვე 7 წელია, რაც გურამ კაშია "ვიტესში" გამოდის და ამ გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახლავთ...
- ფაქტობრივად, ვერც ვიხსენებ შემთხვევას, "ვიტესის" მატჩი ტელევიიზიის ან კომპიუტერის საშუალებით რომ არ მენახოს. ამას გარდა, ყოველ ორშაბათს ჰოლანდიის ჩემპიონატის ტურის მიმოხილვაა ხოლმე და იმასაც სისტემატურად თვალს ვადევნებ...
გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"