ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის დაწყებამდეც ვივარაუდეთ, რომ "ლოკომოტივსა" და "ტორპედოს" ახალ სეზონში ამბიციური მიზნები ექნებოდათ. ამავე აზრის დავრჩით შაბათის მატჩის შემდეგაც, როცა ორივე გუნდმა ყველაფერი იღონა მისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად, მაგრამ, საბოლოოდ, აშკარად არამშვიდობიანი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.

ბოლო წლებში "ლოკომოტივი" ვერაფრით ახერხებდა საშინაო მატჩებში "ტორპედოს" დამარცხებას. მასპინძლებმა ნავსი ვერც ახლა გატეხეს, თუმცა, ამისათვის მცდელობა არ დაუკლიათ. ძალიან დაინავსა მასპინძელთა 22 წლის ცენტრფორვარდი მამია გავაშელიშვილი, რომელსაც, სულ მცირე, დუბლის შესრულება შეეძლო ამ მართლაც საინტერესო და დინამიკურ მატჩში.

სანახაობრივი თვალსაზრისით, თამაშს ნამდვილად არაფერი დაეწუნებოდა
(განსაკუთრებით - პირველ ტაიმს). არადა, ორივე გუნდი აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: ტრავმების გამო სტუმრებს ორი გამორჩეული შემტევი - გრიგოლ დოლიძე და ბექა ტუღუში აკლდათ.

მასპინძელთა ძირითადში კი სხვადასხვა მიზეზის გამო რევაზ თევდორაძე, გიორგი რეხვიაშვილი და ირაკლი კომახიძე ვერ ვიხილეთ. თუმცა, მასპინძელთა საკადრო პრობლემები ამით არ ამოწურულა: მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო "ლოკომოტივის" ერთ-ერთმა ლიდერმა გეგა დიასამიძემ, მის ნაცვლად კი მოედანზე ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანი, 37 წლის ზურაბ მენთეშაშვილი გავიდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ისიც დაშავდა (კუნთი დაეჭიმა) და "ლოკომოტივის" თავკაც გიორგი დევდარიანს მეორედ მოუხდა ნაადრევი (გნებავთ - იძულებითი) ცვლილების გაკეთება.

არადა, ვიდრე მოედანზე იყო, მენთეშაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და მოედნის ცენტრშიც, ფაქტობრივად, არც ერთი ორთაბრძოლა არ წაუგია!

თუმცა, ეს კიდევ არაფერი: მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლებს გიორგი ხიდეშელიც დაუშავდათ, მაგრამ გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, ძლიერი ტკივილის მიუხედავად, მოედნიდან გასვლაზე უარი თქვა და თავისი გუნდი უმცირესობაში არ დატოვა...

ამ მატჩში არანაკლებ ინტერესს იწვევდა მწვრთნელების ტაქტიკური დუელიც: მით უფრო, რომ ორივე გუნდის თავკაცი თამამად შეგვიძლია დავასახელოთ "ახალი ტალღის" გამორჩეულ ქართველ მწვრთნელებში!

თანაც, კოლეგის მსგავსად, კახა ჩხეტიანიც მაქსიმალურად ითხოვდა თავისი შეგირდებისაგან უმკაცრეს პრესინგს და ბურთის რაც შეიძლება სწრაფად გადატანას მეტოქის ნახევარზე.

ისიც დადებით ფაქტორად უნდა შევაფასოთ, რომ ორივე მწვრთნელმა აქცენტი შემტევ ფეხბურთზე აიღო. მასპინძლები სულაც სამი ფორვარდით თამაშობდნენ.

ამას გარდა, ისიც თვალში საცემი იყო, რომ ამ მატჩში "ლოკომოტივს" ნომინალური მარცხენა ნახევარმცველი, ფაქტობრივად, არც ჰყოლია: მარცხენა მცველს, გუნდის კაპიტან დავით უბილავას ჰქონდა დავალებული მთელი ფლანგის კონტროლი; არანაკლებ აქტიური გახლდათ მასპინძელთა მარჯვენა მცველი თეიმურაზ ღონღაძეც.

იმავეს თქმა შეიძლება სტუმრებზეც, ასევე ძალიან ხშირად რომ ცდილობდნენ ფლანგების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას.

მოკლედ, მართლაც საინტერესო მატჩი გამოდგა და ორივე გოლიც ერთმანეთზე უკეთესი სანახავი იყო!

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველ ვაჟა ტაბატაძეს მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მამა გარდაეცვალა, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალს შეჰფერის, ტორპედოელი მოედანზე გავიდა და 90 წუთი ითამაშა!..

გამორჩეული
19 წლის გიორგი კიკნაძემ გამორჩეული მატჩი ჩაატარა და თავისი ზეაქტიური თამაშით უამრავი პრობლემა შეუქმნა მეტოქის უკანახაზელებს. გოლიც მშვენიერი გაიტანა, თანაც ეს საგოლე კომბინაცია მასპინძელთა... მეკარემ დაიწყო!

ყველაფერი კი ასე მოხდა: სტუმართა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ და ქართული საკლუბო ფეხბურთის კიდევ ერთმა დამსახურებულმა ვეტერანმა, 36 წლის შოთა ბაბუნაშვილმა "სტანდარტული" შეასრულა, რომლის აღებაც "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარეს, ბექა ქურდაძეს არ გასჭირვებია.

თუმცა, მასპინძელთა მეკარე არც დაფიქრებულა, ისე შეიტანა ბურთი თამაშში და მოედნის ცენტრთან სიახლოვეში მყოფი 19 წლის დავით სამურკასოვი (ამ შეხვედრის კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი) მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი უზუსტესი პასით გიორგი კიკნაძე გაიყვანა გარღვევაზე და ასე გაიხსნა კიდეც ანგარიში ამ სანახაობრივ მატჩში, რომელსაც თვალს ადევნებდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე.

ეროვნული ლიგა. IV ტური
01.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 კიკნაძე (24. სამურკასოვის პასით), 1:1 საბანაძე (25. ტაბატაძის პასით)
ლოკომოტივი (4-3-3): ბ. ქურდაძე - თ. ღონღაძე, ჭანტურია, ხიდეშელი, უბილავა - ნ. ქავთარაძე, სამურკასოვი, გ. დიასამიძე (20. მენთეშაშვილი, 48. ჩიტეიშვილი) - სიხარულიძე, მ. გავაშელიშვილი, კიკნაძე (78. არდაზიშვილი).
სათადარიგოები: გაბაძე, თომაშვილი, არველაძე, რ. თევდორაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
ტორპედო (4-2-3-1): რ. კვასხვაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გ. გურული, ქიმაძე - მამასახლისი, გიგაური - მახარობლიძე (86. ნ. კვასხვაძე), ბაბუნაშვილი (61. საღრიშვილი), კუხიანიძე - საბანაძე (79. თ. კაპანაძე).
სათადარიგოები: ადამაძე, ბურჯანაძე, ფურცხვანიძე, ქვილითაია
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: მამასახლისი (34), კიკნაძე (45), გავაშელიშვილი (49), ქიმაძე (63), სამურკასოვი (72)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

მატჩის სტენოგრამა
8' - "ლოკომოტივის" მრავალსვლიან კომბინაციაში თითქმის მთელი გუნდი მონაწილეობდა. საბოლოო დარტყმა კი დიასამიძემ შეასრულა. კვასხვაძემ პოზიცია სწორად შეაფასა და ბურთს ადგილზე დახვდა.
9' - კვასხვაძემ კიდევ ერთხელ იყოჩაღა, როცა წამით დაასწრო სტუმართა აქტიურ შემტევ კიკნაძეს.
24' - 1:0! მასპინძელთა სწრაფი და გააზრებული კონტრშეტევა გოლით დასრულდა: დავით სამურკასოვის ჭკვიანური პასის შემდეგ კიკნაძე მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და შორეულ კუთხეში აუღებელი დაარტყა.
25' - 1:1! მარჯვენა ფლანგიდან ტაბატაძემ მაღალი ბურთი ჩაჰკიდა მეტოქის საჯარიმოში, სადაც ნიკა საბანაძემ თავურით ყველას აჯობა.
42' - კიკნაძის ჩინებული პასით მამია გავაშელიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მშვენიერი მომენტი ვერ გამოიყენა.
43' - მამასახლისის მიერ ერთი შეხებით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.
64' - მამია გავაშელიშვილს სულ მცირე დააკლდა გოლის გასატანად.
71' - ცოტაც და, სამურკასოვი მეორე საგოლე გადაცემას მიითვლიდა, მაგრამ მისი ჩინებული პასის შემდეგ მამია გავაშელიშვილმა ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

ბომბარდირები
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 3
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2
ბ. არაბული (დინამო თბ) 2
გ. კოხრეიძე (საბურთალო) 2
გ. გაბედავა (ჩიხურა) 2

მომდევნო ტური
4 აპრილი
კოლხეთი-ლოკომოტივი
ტორპედო-დილა

5 აპრილი
დინამო (ბთ)-შუქურა
დინამო (თბ)-ჩიხურა
საბურთალო-სამტრედია

ეროვნული ლიგა 2
IV ტური
გაგრა-რუსთავი 1:0
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0
ზუგდიდი-გურია 2:3
მეშახტე-სამგურალი 0:1
მერანი-სიონი 1:0

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მერანი 4 3 1 0 9-1 10
2. სიონი 4 3 0 1 5-2 9
3. გაგრა 4 2 1 1 5-2 7
4. ვიტ ჯორჯია 4 2 0 2 6-5 6
5. გურია 4 2 0 1 6-7 6
6. სამგურალი 4 2 0 2 5-6 6
7. რუსთავი 4 1 1 2 6-7 4
8. ცხინვალი 4 1 1 2 5-7 4
9. მეშახტე 4 1 1 2 4-9 4
10. ზუგდიდი 4 0 1 3 3-8 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საბანაძეს არ უხდება ამხელა დიდი წვერები, ღვდელს გავს!
გოგი ქუთაისელი
16:51 03-04-2017
0
Tevdoradzes rame chirda?
Davit
13:26 03-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული