ნოდარ ქავთარაძე: რუსეთში გიორგი ჯიქიას სისწრაფეში ყოველთვის ვჩაგრავდი

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის მე-8 ტურისთვის ემზადება. გიორგი დევდარიანი წინა ტურში გორის "დილასთან" ბოლო წუთზე დაკარგულმა გამარჯვებამ ძალიან გაანაწყენა და ახლა გუნდს 22 აპრილს მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიასთან" "საომრად" ამზადებს...

წლეულს ამ გუნდში ერთ-ერთ მთავარ როლში ქართველი გულშემატკივრისთვის უცნობი მოთამაშე, სოხუმში დაბადებული და 16 წელიწადი მოსკოვში ნაცხოვრები, რუსეთის მოქალაქე ნოდარ ქავთარაძე მოგვევლინა. ის მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და რუსეთის მეორე და მესამე დივიზიონში ("ტიუმენი", ტვერის "ვოლგა", მაიკოპის "დრუჟბა") თამაშობდა.

24 წლის ნახევარმცველი თბილისური კლუბის წევრი იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გახდა.

"თითქმის ოთხი თვე გავიდა, რაც თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ვარ. პირველივე დღიდან ბიჭებმა მაგრძნობინეს, რომ გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ. ყველა თბილად დამხვდა და ამ პერიოდში მათთან უკვე ახლო ურთიერთობაც ჩამომიყალიბდა. ჩემპიონატთან შესაგუებლად კი საწყისი ტურებიც საკმარისი აღმოჩნდა.

ოჯახის წევრები მოსკოვში კი ცხოვრობენ, მაგრამ ნათესავები და ახლობლები თბილისშიც მყავს, მათ ხშირად ვნახულობ და ვცდილობთ, ერთად ბევრი დრო გავატაროთ", - თქვა ქავთარაძემ "ლოკომოტივის" ვებგვერდთან ინტერვიუში.

რკინიგზელთა ახალწვეულმა საქართველოს ჩემპიონატზე, მის პლუს-მინუსებზეც ილაპარაკა:

"ჩამოსვლამდე მქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში კარგი და, ამასთანავე, რთული ჩემპიონატი იქნებოდა, მაგრამ ზოგი საპირისპიროს მეუბნებოდა. რაც ვნახე და ვითამაშე, აღმოჩნდა, რომ დაძაბული და რთული ჩემპიონატია. გადამწყვეტი სტაბილურობაა და ვინც ამას მიაღწევს, ჩემპიონიც ის გახდება.

მთავარი პრობლემა და მინუსი ინფრასტრუქტურაა. ხელოვნურსაფარიან მოედნებზე რუსეთშიც ხშირად მითამაშია და ეს ბუნებრივიცაა - ყველგან ერთნაირი პირობები ვერ დაგხვდება. ფეხბურთელისთვის მთავარი კარგი ბაზა და მოედანია და როცა ეს ყველაფერი ცუდ მდგომარეობაშია, ხასიათი გიფუჭდება და მოტივაციაც გაკლდება.

"ლოკომოტივი" იმ მხრივაც მომწონს, რომ მშვენიერი ბაზა და ყველანაირი პირობა აქვს, მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად. ამასთან, გუნდის და სტაფის ყველა წევრი ცდილობს, ფეხბურთელებმა პროგრესს მიაღწიონ. განვითარებისთვის აქ შესანიშნავი გარემოა".

ქავთარაძემ ქართველ ფეხბურთელებზეც ილაპარაკა:

"მთავარი, რაც რუსეთის ჩემპიონატებში თამაშმა მომცა, ეს მოსკოვის "ლოკომოტივთან" გაფორმებული პირველი პროფესიული კონტრაქტი იყო. მეორე გუნდში ვთამაშობდი. სულ, რუსეთში 5 წელი ვითამაშე და ამ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. მთავარი შრომა და დისციპლინაა. ამის გარეშე, მაღალ დონეზე ვერ ითამაშებ - ეს გამორიცხულია!

ამას დავუმატოთ სისწრაფე, რომელიც ჩემი ერთ-ერთი პლუსია... ეს თვისებები სწორედ რუსეთში შევიძინე.

ქართველი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან. 18-19 წლის მოთამაშეებს ვუყურებ და მიკვირს, ისეთი ტექნიკა აქვთ, მაგრამ მხოლოდ ნიჭით ბევრს ვერ მიაღწევ. რუს ფეხბურთელებს შრომაში ბევრად ჩამოვრჩებით და თუ ამ ნაკლს გამოვასწორებთ, ბევრად მაღალ დონეზე ვითამაშებთ".

"ლოკომოტივივის" ახალწვეულმა გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანზეც ილაპარაკა:

"მასზე ინფორმაცია რუსეთში თამაშის დროსაც მქონდა. ვიცოდი, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი იყო და ამ გუნდებთან ერთად კარგ შედეგებს მიაღწია. ისიც ვიცოდი, რომ მის ხელში გაიზარდნენ გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, დავით ხოჭოლავა და კიდევ ბევრი ფეხბურთელი...

კარგია, რომ ასეთ მწვრთნელთან მუშაობის საშუალება მაქვს. სასიამოვნოა ისეთ გუნდში თამაში, რომელიც აქცენტს ბურთის კონტროლსა და შეტევაზე აკეთებს. რაც მთავარია, მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ, ფეხბურთელისთვის კი ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია".

რუსეთში თამაშის პერიოდში ქავთარაძე დაუმეგობრდა გიორგი ჯიქიას, რომელიც მოსკოვის "სპარტაკის" მოთამაშეა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ:

"რუსეთში ქართველებიდან ყველაზე მეტად გიორგი ჯიქიასთან ვიყავი ახლოს. ის მაღალ დონეზე თამაშობს და ამას შრომით მიაღწია. საკმაოდ კარგი იუმორიც აქვს, ძალიან პოზიტიური და თავდაჯერებული ადამიანია.

თავად კი ამბობს - ფეხბურთელი არ შემხვედრია, ვისაც მოვუტყუებივარო, მაგრამ კარგად იცის - არის ერთი ფეხბურთელი, ვინც მას ხშირად ატყუებდა თამაშის დროს და ეს მე ვიყავი. სისწრაფეში ყოველთვის ვჩაგრავდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
kolxa-ს. ესეც მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს. მოედანზე თამაშის დროს ყველაფერი მოსულა. სუპერ ვარსკვლავებიც ცდილობენ წამოაგონ მოწინაამღდეგე ანკესზე. თუნდაც რამოსის ქმედება გაიხსენე წლევანდელ ფინალში. ის კოლუმბიელი შავი ბიჭი რომ წამოაგო ანკესზე და მოისროლა მოედნიდან "ასეთივე" ქმედებით. ასე რომ....
გუკა
13:04 16-06-2017
0
წარმატებები.მაგრამ რაც ბუხაიდზეს გაუკეტე არარის კარგი აკიდე წიტელი ცალიტ
kolxa
11:27 22-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული