სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ: დღეს ქართულ ფეხბურთში იმდენი პრობლემაა, მართლა ჭირს ერთის გამორჩევა. ეს დღეებია, სულ ამაზე ვფიქრობ და მაინც არის ერთი დიდი სატკივარი, რომელსაც აუცილებლად უნდა ვუშველოთ.
ერთ საინტერესო და მისასალმებელ ნოვაციასაც შევეხებით, რომლის თაობაზეც ამ ცოტა ხნის წინ "ჩიტმა" მოგვიტანა ამბავი და რომლის განხორციელებაც,
ვინ სად თამაშობს?
რა სჭირდება ფეხბურთელს იმისათვის, რომ მან ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები? რა თქმა უნდა, პირველ რიგში კარგი მინდორი და კომფორტული სტადიონი. ქართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა კი დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.ცხადია, ჩვენ სულაც არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ექნებათ თუ არა კარგი მინდვრები, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ოსტატობით ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს გაუტოლდებიან, მაგრამ მათი თამაშის ხარისხი რომ გაუმჯობესდება, პირადად ჩემში ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს რამდენიმე ჩვენი კლუბი საკუთარ არენაზე ვერ თამაშობს, ეს კი, თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციების გათვალისწინებით, აშკარა ანომალიაა. მეორე საკითხია ის, რომ ჩვენი კლუბების მოზრდილი ნაწილის სავარჯიშო პირობები, რბილად რომ ვთქვათ, შორსაა იდეალურისაგან. გადავხედოთ, რა მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის კუთხით საქართველოს პირველობაზე მოთამაშე გუნდებში.
დინამო (თბ).
საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. კლუბის განკარგულებაშია ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელი ბაზა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. გამართულად, შესანიშნავ პირობებში მუშაობს საკლუბო აკადემია. "დინამო არენა" კი არათუ ქართულ, ევროპულ სტანდარტებსაც ბოლომდე აკმაყოფილებს.
ლოკომოტივი.
გუნდს აქვს კარგი სტადიონი და საწვრთნელი ბაზა. ამადაცაა, "ლოკომოტივი" საქართველოს ჩემპიონატში წარმატებულ თამაშთან ერთად, ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდასა და მათ ევროპულ გზაზე დაყენებას რომ ახერხებს. ბოლო წლებში "ლოკომოტივი" ყველაზე გამართულად მუშაობს სატრანსფერო კუთხით. ამ გუნდის ბევრმა აღზრდილმა გაიკვალა გზა ევროპულ ფეხბურთში. საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ყველანაირი პირობაა ფეხბურთელის ზრდა-განვითარებისთვის.
საბურთალო.
გუნდი საშინაო მატჩებს ვაკეში ატარებს. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, "საბურთალოს" შეხვედრები მშობლიურ "ბენდელაზე" გაემართა, მაგრამ ქვეყანა არც ამით ინგრევა. ცალკე თემაა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. ამ კუთხით "საბურთალო" ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ეროვნულ, ახალგაზრდულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში მრავლად არიან ამ კლუბის აღზრდილი ფეხბურთელები. რამდენიმე მათგანი წარმატებით თამაშობს უცხოურ კლუბში.
ტორპედო.
კლუბს აქვს სტადიონი და საწვრთნელი ბაზა. ინფრასტრუქტურის მხრივ, ქართული რეალობის გათვალისწინებით, თითქმის ყველაფერი რიგზეა. ეგაა, სტადიონზე ცოტა უკეთეს მინდვრის საფარს ვისურვებდით, საღორიას საწვრთნელ ბაზაზე კი - ცოტა მეტ კომფორტს. და მაინც, ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქუთათურებს საწუწუნო არაფერი აქვთ.
ჩიხურა.
გუნდი საშინაო მატჩებს ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე" ატარებს და ხშირად იმავე არენაზე, ან "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობს. საწვრთნელი პროცესი მიდის თბილისშიც. ჩვენი აზრით, თუნდაც მიმდინარე ჩემპიონატში საჩხერულ კლუბს უკეთესი შედეგები ექნებოდა, საკუთარი კერა რომ ჰქონდეს. ამაზე კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად ფიქრობს და არცთუ შემთხვევით: "ჩიხურა" გრძელვადიანი პროექტია და საჩხერელები უარს არც ევროპულ წარმატებაზე იტყვიან, ამას კი შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა სჭირდება.
სამტრედია.
გუნდი მატჩებს საკუთარ "ეროსი მანჯგალაძეზე" მართავს. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო დროს ამ ხელოვნურსაფარიან არენას ძალიან დიდი დატვირთვა დააწვა - იქ მხოლოდ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი როდი აგორებს ბურთს. სამტრედიელებს არაერთხელ შეუშველებიათ ხელი შეჭირვებული ქართული კლუბებისთვის...
დინამო (ბთ).
მართლაც სირცხვილია, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ და წარმატებულ კლუბს საშინაო არენა რომ არ აქვს. ის კი არა, ზღვისპირელებს სავარჯიშოდ საკუთარი ქალაქიდან აყრა და ბოლო წლებში მშობლიურად ქცეულ "ჩელე არენაზე" გადაბარგება უწევდათ. თითქოს, ვითარება იცვლება, მაგრამ არცთუ - კარდინალურად. რა თქმა უნდა, ეს ბოლომდე აისახება კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ბათუმში სტადიონის აშენებას საშველი არა და არ დაადგა. ეს უკვე ის პრობლემაა, რომელზე წერა და ლაპარაკი მოსაბერზრებელიც კი ხდება.
დილა.
"თენგიზ ბურჯანაძეზე" მიმდინარე სამუშაოების გამო, "დილა" დროებით მოსწყდა საშინაო ასპარეზს. გორელებმა
ბოლოს ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე" უმასპინძლეს "კოლხეთს".
კოლხეთი.
ფოთელები საშინაო შეხვედრებს "ჩელე არენაზე", ქობულეთში მართავენ. ბუნებრივია, ეს ფაქტორი მათ სასარგებლოდ სულაც არ მოქმედებს. ფოთშიც არ დაადგა საშველი თანამედროვე სპორტული არენის აშენებას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მოწესრიგებას. არადა, ეს ხომ ის ქალაქია, სადაც პირველად დაირწა ქართული ფეხბურთის აკვანი.
შუქურა.
კიდევ ერთი გუნდი, რომელიც "ჩელე არენაზე" ატარებს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს. ეს სტადიონი ქობულეთელთა საშინაო ასპარეზია. ალბათ, თვითონ ქობულეთური კლუბის ხელმძღვანელებიც დაგვეთანხმებიან: სასურველია, ამ სტადიონზე საერთოდ არ ითამაშო ფეხბურთი. ან, უკიდურეს შემთხვევაში, მას დატვირთვა უნდა შეუმცირდეს.
...შეგნებულად არ შევასრულებთ მარტივ მათემატიკურ ოპერაციას და არ დავწერთ, რამდენი გუნდისთვისაა უდიდესი პრობლემა ის, რასაც ჩვენი წერილის პირველ ნაწილში შევეხეთ. რა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც მშვენივრად ხვდებიან პრობლემის არსსა და მასშტაბს, ფიქრობენ მის მოგვარებაზე...
უმნიშვნელოვანესი ინიციატივა
ცოტა შორიდან დავიწყოთ და ერთხელაც გავიმეოროთ ის, რაც აქამდე არაერთხელ დაგვიწერია. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ქართულ ფეხბურთს აქამდე არნახული სუბსიდია გამოუყო, ჩვენი კლუბების ხელმძღვანელთა უმრავლესობისთვის ცხოვრება გამარტივდა. ბევრი მათგანი თითქმის აღარ ხარჯავს ფულს, რადგან სახელმწიფოს მიერ შეშველებული თანხა, ასე თუ ისე, საკმარისია ფეხბურთელების ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.ეს ერთი მხარეა, მეორე კი ისაა, რომ ეს ფული, საკმაოდ სოლიდური თანხა, მხოლოდ იმას ხმარდება, რომ როგორმე დღევანდელობა გადავაგოროთ. ჩვენ საერთოდ აღარ თუ ვეღარ ვფიქრობთ პროგრესზე და თუ ეს ასე გაგრძელდა, გრძელვადიან პერსპექტივაში დახარჯული მილიონები ვერანაირ სარგებელს ვერ მოგვიტანს.
ამაზე საჯაროდ ჯერ არავის უსაუბრია, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან ფეხბურთის ფედერაცია გარკვეული სიახლის შეთავაზებას აპირებს ჩვენი კლუბებისთვის, რომელიც, შეიძლება, ბევრ ჩინოსანს არც ესიამოვნოს, მაგრამ ჩვენი აზრით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი და მისაღები გზაა.
იმთავითვე უნდა დავამშვიდოთ გულშემატკივარი: ფეხბურთის განვითარების პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება, ოღონდ, არცთუ მცირე კორექტივებით: ყველა ლიგაში მოასპარეზე თითოეულ კლუბს მკაცრად განესაზღვრება ის თანხა, რომელიც მან ფეხბურთელების ხელფასებს უნდა დაახარჯოს, და მთავარი - ყველამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის მოზრდილი წილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-შექმნაზე დაიხარჯება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენგან კრიტიკა არასოდეს აკლდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვით და, იმედია, მოვლენები სწორედ ისე განვითარდება, როგორც ჩვენმა წყარომ გვაცნობა.
მართლაც, ჩვენი კლუბების მეტი წილის მოქმედება იმას ჰგავს, სახლის შენება საძირკვლიდან კი არა, სახურავიდან რომ დაიწყო, ეს კი შედეგს ვერაფრით მოიტანს. ერთ დღესაც სახელმწიფო მიხვდება, რომ ამ მილიონებს წყალში ყრის და მერე... წერა კი არა, ფიქრიც არ მინდა იმაზე, რა შეიძლება მოხდეს...
ეს ინიციატივა, თუ ის ბოლომდე იქნება განხორციელებული, ალბათ საბოლოოდ მოსპობს ჩვენში ექვსთვიანი და ერთწლიანი გუნდების ავად სახსენებელ პრეცედენტებს, რადგან ის, ვინც მომავალს ჩაუყრის საფუძველს, არავითარ შემთხვევაში არ იფიქრებს მხოლოდ დღევანდელ დღეზე.
ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად მოსჩანს ეს ყველაფერი. ეგაა, ძალიან მეშინია, ისევ ჩვენეული გასაღები არ მოვარგოთ ამასაც, ისევ არ ვეძებოთ ხვრელები იქ, სადაც შესასვლელად ფართო კარია. ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ხალხის უმრავლესობას, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ამაში ბადალი არ ჰყავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"