14:50 24-04-2017
დინამო(ბთ)-ტორპედო 1:3 - მცველი, როგორც... ფორვარდი [VIDEO]
AutoSharing Option
არადა, ეს მატჩი ბათუმელებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქედ ქუთაისის "ტორპედო" ჰყავდათ - ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაში რომაა. "დინამოს" ტრავმირებული დავით კვირკველია ვერ ეხმარებოდა, ხოლო ქუთაისელებს დისკვალიფიცირებული მერაბ გიგაური აკლდათ.
თამაში საკმაოდ დუნედ დაიწყო, თუმცა ბათუმელები პირველივე მწვავე შეტევით დაწინაურდნენ. ქუთაისელები არ მოდუნდნენ, წონასწორობა დროულად აღადგინეს და პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ კიდეც.
ამ შეხვედრის გმირი გიორგი გურული გახლდათ. ქუთაისელთა შედეგიანი ცენტრალური მცველის გოლებმა მეტოქეს არაერთხელ მიანიშნა, რომ "სტანდარტულების" დროს მეტოქის შემტევებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, მაგრამ ბათუმელებმა ეს არ გაითვალისწინეს და მკაცრად დაისაჯნენ.
მეორე ტაიმში მასპინძლები მოედანზე ათნი დარჩნენ - არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ჩათვალა, რომ გელა გოგიტიძემ სახიფათო შეტევისას ბურთი ხელით შეაჩერა და მოედნიდან გააძევა. არადა, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ბათუმელთა ცენტრალურმა მცველმა ბურთი მხრით შეაჩერა. ცხადია, ამან თამაშის შედეგზე გავლენა მოახდინა, ბათუმელები გატყდნენ და მესამე ბურთიც გაუშვეს.
"დინამო" ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა და მე-7 პოზიციაზე დაქვეითდა. ამ დროს კი, ქუთაისელები წინ მიიწევენ - ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ სამეულში დაწინაურდნენ. რაც მთავარია, კახა ჩხეტიანის გუნდი თამაშის ხარისხს ტურიდან ტურამდე აუმჯობესებს.
"ჩელე არენის" საფარი კი ყოველი ქობულეთური მატჩის მიმოხილვისას მისამღერივით გახდა. ჯერ აქამდე რა იყო და, ახლა უკვე, ეპიზოდებში, ფეხბურთელები ისე ეფლობოდნენ, როგორც ჭაობში. როგორც იტყვიან, აქ კომენტარი უკვე ზედმეტია.
მატჩის სტენოგრამა
19' - გოლი! პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა. ქავთარაძემ შონიასთან "კედელი" გაათამაშა და კარის წინ კვასოვი მოძებნა - 1:0.
30' - კიდევ გოლი! ტუღუშმა ჯარიმა შეასრულა, გურულმა მცველს დაასწრო და ეფექტური თავურით "ცხრიანი" შეარხია - 1:1.
45' - ბათუმელებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ დაწინაურება. შონიამ მარჯვენა ფლანგზე შეტევა ფარტენაძეს გაუგრძელა, რომელმაც ბურთი კარის წინ ჩააწოდა, სადაც თევდორაძემ მცველებს კი დაასწრო, მაგრამ უზუსტოდ დაარტყა და მშვენიერი შანსი გაუშვა ხელიდან.
45' - გოლი! ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა დუბლი შეასრულა! ტუღუშმა ჯარიმა ისევ იმ ადგილიდან შეასრულა, მაგრამ ამჯერად კარში დაარტყა. ტიმოფეევს ბურთი ხელიდან გაუვარდა და გურულმა დამატებაზე კარგი თავდამსხმელივით ითამაშა - 1:2!
51' - ბათუმელთა შანსი! ქუთაისელთა მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი შონიამ მოიპოვა, კარში დარტყმის ნაცვლად, გადაცემა გამოუვიდა, მაგრამ თევდორაძეს დავით ხურცილავა გადაეღობა და მწვავე მომენტი განმუხტა.
65' - საბანაძემ გადაცემა ჩაჭრა და გრძელი პასით მეკარესთან პირისპირ დოლიძის გაყვანა სურდა. გოგიტიძემ შეტევა შეაჩერა, არბიტრმა კი ჩათვალა, რომ ბათუმელმა ხელით ითამაშა და მოედნიდან გააძევა.
69' - თევდორაძის ჯარიმა. შონია "მეორე სართულზე" ორთაბრძოლას იგებს და ბურთს კარში ურტყამს, მაგრამ არაზუსტად.
85' - ტუღუშმა მარცხენა ფლანგზე ფარტენაძე ულამაზესი ფინტებით ჩამოიცილა და კარის წინ კაპანაძეს გადააწოდა, სადაც ბურთი შემთხვევით სუხიაშვილს მოხვდა და ავტოგოლს სულ ცოტა დააკლდა.
90' - ბათუმელებს მაინც შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა! კუთხური ჟოვინიომ შეასრულა და კარს თავურით მგელაძე დაემუქრა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.
90+1' - გოლი! კუხიანიძემ მარცხენა ფლანგზე შეტევა ტაბატაძეს გაუგრძელა, რომელმაც საჯარიმოში დოლიძე მოძებნა და ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:3.
ეროვნული ლიგა. VIII ტური
22.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო(ბთ)-ტორპედო 1:3
გოლები: 1:0 კვასოვი (19. ქავთარაძის პასით), 1:1 გურული (30. ტუღუშის პასით), 1:2 გურული (45), 1:3 დოლიძე (90+1. ტაბატაძის პასით)
დინამო (4-2-3-1): ტიმოფეევი - ფარტენაძე, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი - თარხნიშვილი, შონია - გ. ქავთარაძე, თევდორაძე (80. ტვილდიანი), ფონიავა (46. კვანტალიანი) - კვასოვი (66. ჟოვინიო).
სათადარიგოები: რ. ტაკიძე, უგოალა, ვარშანიძე, ქორიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
ტორპედო (4-2-3-1): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ადამაძე (78. ჭიჭინაძე), გურული, ქიმაძე - მამასახლისი, კუხიანიძე, - დოლიძე, ბაბუნაშვილი (73. კაპანაძე), ტუღუში - საბანაძე (88. ტაბატაძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, საღრიშვილი, ფურცხვანიძე, კუჭუხიძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაძევება: გოგიტიძე (65)
გაფრთხილებები: მგელაძე (30), თევდორაძე (30), ტუღუში (69), ადამაძე (73)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
ნ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5
მომდევნო ტური
29 აპრილი, შაბათი
ლოკომოტივი-ჩიხურა
საბურთალო-შუქურა
30 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (ბთ)
დილა-სამტრედია
ტორპედო-დინამო (თბ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
80 პროცენტს ტორპედოს ფეხბურთელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ თამაშის ბედი!
0
0
ვადაჭკორია შენს სინდისზზე იყოს ბატუმის დაჩაგვრა..
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული