შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...

AutoSharing Option
"ჩელე არენაზე" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონის გათვალისწინებითაც კი ძალიან უსახური მატჩი ვიხილეთ.

რა თქმა უნდა, ქობულეთის "შუქურასგან", მისი საკადრო პრობლემებისა და დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ძნელად თუ ველოდით რაიმე განსაკუთრებულს. აი, "დილას" კი აშკარად უკეთესი თამაში მართებდა.

მით უმეტეს, ზივ არიეს გაწვრთნილმა გუნდმა ძალიან კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა თბილისის "ლოკომოტივთან" წინა ტურის მატჩში. ამიტომ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ იმ საგოლე ფოიერვერკის შემდეგ გორელები უგოლოდ დატოვებდნენ ქობულეთს...

საბოლოო ჯამში, ფრე ლოგიკურ შედეგად უნდა ჩავთვალოთ, მაგრამ, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, "ჩელე არენაზე" დაფიქსირებული შედეგი
არც ერთ გუნდს არ აძლევდა ხელს.

ორი შანსი და ყოჩაღი სტურუა
ვინც თამაში ნახა, დაგვეთანხმება - თავისუფლად შეიძლებოდა, თამაში მოეგო "შუქურას", მასპინძელთა შორის აშკარად საუკეთესო ლევან კუტალიას ორი 100-პროცენტიანი შანსი რომ გამოეყენებინა.

თავის მხრივ, გარჯა არც გორელთა კარის დარაჯ მიხეილ მუჯრიშვილს უნდა დავუკარგოთ, რომელმაც რთულ სიტუაციაში დამაჯერებლად იმოქმედა. მან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ტრავმირებული აზამათ ჯიოევი შეცვალა და მშვენივრადაც გაართვა თავი ამოცანას.

მეტი რისკი
რა თქმა უნდა, კონტინგენტით "დილა" ძალიან საინტერესო და საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. რაც ჩანს, მწვრთნელიც არ უნდა იყოს ურიგო სპეციალისტი, მაგრამ ახალ შემადგენლობას, ჯერჯერობით, სტაბილურობაში უჭირს.

მწვრთნელიც ძიების პროცესშია. თამაში ისე არ გავა, არიემ რამდენჯერმე არ გადააწყოს ტაქტიკური სქემა და არ შეცვალოს შემადგენლობა. ფაქტია, გორელთა დამრიგებელი სათამაშო სტილს აყალიბებს. "დილას" ისეთი ფეხბურთის გათავისება სურს, რომელშიც მას ექნება უპირატესობა ბურთის ფლობაში და თუნდაც მეორე ტაიმში უკეთესი ფიზიკური მომზადების ფონზე მოუგებს მეტოქეს. ეგ არის, რაც გარედან ჩანს, "დილას" აკლია რისკი და ზედმეტად სქემატურია.

ფეხბურთელები არასანახაობრივი მატჩისათვის კი გავაკრიტიკეთ, მაგრამ სადაც სამართალია, ისიც უნდა დავწეროთ, რომ "ჩელე არენაზე" სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. გავრისკავთ და ვიტყვით, რომ იქ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება საერთოდ არ არის სასურველი.

სხვა მხრივ, არც ერთ ფეხბურთელს ბრძოლა და თავდადება არ დაუკლია. ეგ არის, არ იყო ის, რაც ფეხბურთს ამშვენებს - გადამწყვეტი, საგოლე პასები და გოლები...

გურული ბალაძემ შეცვალა
გია გურულის ნაცვლად, "შუქურას" ახალგაზრდა სპეციალისტი ირაკლი ბალაძე დაუნიშნეს მთავარ მწვრთნელად, გურულმა კი კონსულტანტის პოზიციაზე გადაინაცვლა...

მატჩის სტენოგრამა
2' - ლეანდროს დარტყმულს სტურუა ადგილზე დახვდა.
13' - ძარიას თავური ზემოდან გადასცდა ქობულეთელთა კარს.
19' - მახარაძემ ყვითელი ბარათის ფასად შეაჩერა გორელთა უაღრესად სახიფათო კონტრშეტევა.
37' - ართმელაძემ არაზუსტად დაარტყა.
39' - ჭეჭელაშვილის კარგი პასის შემდეგ საბაძემ გვერდი აუარა მიხეილ მუჯრიშვილს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმას სიზუსტე დააკლო. "დილა" აშკარად გადარჩა.
45' - ძარიას პასი და კირკიტაძის ჩაწოდება. "შუქურა" გადარჩა.
54' - კირკიტაძის პასის შემდეგ ფლავიომ სუსტად დაარტყა.
57' - ძარიას გოლი არბიტრმა ხელით თამაშის გამო გაუუქმა.
58' - საბაძეს მცველი ჩაუვარდა ფეხებში და ვითარება განმუხტა.
60' - წიქარიძის დარტყმას სტურუა ადგილზე დახვდა.
65' - კუტალიას დარტყმის შემდეგ "დილა" სასწაულებრივად გადარჩა.
66' - ისევ კუტალიას ვერ გააქვს ხელსაყრელი სიტუაციიდან.
90' - კლიმიაშვილის კუთხურის შემდეგ მახარაძემ შეუცვალა ბურთს მიმართულება, მაგრამ უშედეგოდ.

ეროვნული ლიგა. VIII ტური
21.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-დილა 0:0
შუქურა (4-5-1): სტურუა - ჩაჩუა, ბ. მახარაძე, კლეცკოვი, საბაძე (90. ჭანუყვაძე) - მამულაშვილი, კლიმიაშვილი, ჭეჭელაშვილი, ჟეფინიო, ართმელაძე - კუტალია (90. დაგარგულია).
სათადარიგოები: მოწყობილი, ცეცხლაძე, კალანდაძე, არქანია, ჯ. გოგიტიძე
მწვრთნელი: ირაკლი ბალაძე
დილა (4-3-3): მუჯრიშვილი - ეტუ, აბუბაქარი (74. კვახაძე), ქარქუზაშვილი, ფოფხაძე - კირკიტაძე, პაპავა, ძარია - მათიაშვილი (46. წიქარიძე), ფლავიო (67. ტარავალიე), ლეანდრო.
სათადარიგოები: ხაინდრავა, რაზმაძე, გაგოშიძე, მოდებაძე
მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: მახარაძე (19), ჭეჭელაშვილი (20), აბუბაქარი (53), ქარქუზაშვილი (74), ფოფხაძე (86)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
ნ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5

მომდევნო ტური
29 აპრილი, შაბათი
ლოკომოტივი-ჩიხურა
საბურთალო-შუქურა

30 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (ბთ)
დილა-სამტრედია
ტორპედო-დინამო (თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქობულეთის საფარზე ფეხბურთელის შეშვება დანაშაულია! სირცხვილიიააააა!!! ამით უნდათ დონის მომატება?!
დინამო
16:06 24-04-2017
0
აკრძალოს ფედერაციამ მაგ მოედანზე თამაში, რა სანახაობრივი და გამართული თამაში უნდა მოითხოვო მაგ საფარზე? დილას რაც შეეხება აუცილებლად დაიწყებს მოგებას და წარმატებები გუნდს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული