ბათუმში ფეხბურთი ბრუნდება - "დინამო" და "შუქურა" აჭარის მთავარ ქალაქში ითამაშებენ

AutoSharing Option
დიახ, მართლაც შეუძლებელია, ამ ამბავმა ფეხბურთის გულშემატკივრები არ გაახაროს - ბათუმის "დინამო" მშობლიურ ქალაქს უბრუნდება. ეს ამბავი კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ეროვნული ლიგის მეორე წრიდან, ბათუმის "დინამო" საშინაო მატჩებს სარაგბო სტადიონზე გამართავს. "დინამო" თბილისის "ლოკომოტივს" 5 მაისს უმასპინძლებს და ეს შეხვედრა 19 საათზე დაიწყება. ხელოვნურსაფარიანი მოედნის ტრიბუნა 500 მაყურებელზეა გათვლილი", - წერია განცხადებაში.

ბათუმელ მორაგბეებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით. მათ თანაქალაქელი ფეხბურთელების მძიმე მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანეს და მხარში დაუდგნენ - კაცმა რომ თქვას, მორაგბეებისგან ეს გასაკვირი არც იყო.

ბათუმელებმა დროულად
მოახერხეს ახალ არენაზე გადასვლა. საქმე ქობულეთის სტადიონს ეხება, რაზეც სასტუმრო "მოხალისეში" სპორტული ჟურნალისტების შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ილაპარაკა და თქვა, რომ შესაძლოა, "ჩელე არენაზე" თამაშების გამართვის უფლება აღარ დართონ. არადა, ამ სტადიონზე საშინაო მატჩებს ეროვნული ლიგის სამი გუნდი, "შუქურა", ფოთის "კოლხეთი" და ბათუმის "დინამო" ატარებენ.

"ინფრასტრუქტურის პრობლემები არის. ეს განსაკუთრებით, ქობულეთისა და სამტრედიის სტადიონებზე ითქმის. სავარაუდოდ, მეორე წრეში "ჩელე არენაზე" საფარი უნდა შეიცვალოს და ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი დაიგოს. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელმძღვანელობას ველაპარაკე. სხვაგვარად, იქ თამაშის ჩატარება გაძნელდება", - თქვა ლევან კობიაშვილმა.

რა სამუშაოები იგეგმება ქობულეთში, სადაც ხელოვნური საფარი საშინელ მდგომარეობაშია. ამაზე "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ მნიშვნელოვანი სიახლეები გაგვიმხილა:

"გადაწყვეტილი ამბავია, რომ ქობულეთში ჩემპიონატის მეორე წრეს ვეღარ ჩავატარებთ. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციიდან შესაბამისი შინაარსის წერილი უკვე მოგვივიდა, სადაც წერია - თუკი საფარი არ შეიცვლება, "ჩელე არენაზე" მესამე წრიდან თამაშები აღარ ჩატარდება".

მომხდარით ქობულეთელთა თავკაცი დამწუხრებული სულაც არ არის და მან ამის მიზეზიც გვითხრა:

"ფეხბურთის ფედერაციიდან მიღებული წერილის შემდეგ ქობულეთის გამგებელთან ვიყავი და ჩვენი სატკივარი ვუთხარი. მთხოვა, რომ გუნდმა საფარის დაგებაზე პროექტი სასწრაფოდ დავამუშაოთ და წარვუდგინოთ.

მას სურს, რომ ასევე სასწრაფოდ ჩატარდეს ტენდერი და პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდეს. ანუ წლის ბოლომდე "შუქურამ" სტადიონის ახალ საფარზე უნდა ითამაშოს.

იმედია, ასეც მოხდება და ქობულეთში ძალიან ლამაზი და კოხტა სტადიონი გვექნება".

მან კიდევ ერთი უცნობი ფაქტიც გაგვიმხილა - თურმე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ ქობულეთში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე განკარგულება გამოსცა:

"დიახ, ლაპარაკია აჭარასა და, კერძოდ, ქობულეთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რადიკალურ განახლებაზე, რათა აჭარაში სპორტული ტურიზმი განვითარდეს და ამით აჭარისა და მთლიანად, ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის წყარო გაჩნდეს. საამისოდ, ქობულეთში უახლოეს პერიოდში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო საფეხბურთო მოედნების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდოს".

ცხადია, დავინტერესდით, ქობულეთის სტადიონის რეკონსტრუქციის პერიოდში "შუქურა" რომელ სტადიონზე ითამაშებს:

"ბათუმელი მორაგბეები "დინამოსაც" გვერდში დაუდგნენ და როცა "შუქურასა" და ქობულეთის სტადიონის ამბავი გაიგეს, თამაშის უფლება ჩვენც დაგვრთეს. ჩვენი მორაგბეები ისედაც მიყვარდნენ და ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი ხალხია - მათ ნამდვილი ძმობა და გვერდში დგომა იციან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხელოვნუკრი კი არა ბალახი დააგეთ.ფეხბურთელები არ გეცოდებიან.ჩელე ფეხბურთელი მაინც არ იყო,ხო იცი როგორც არის საჭირო
კახა ქირია
21:48 03-05-2017
0
საქართველოში ხელოვნური საფარი საერთოდ უნდა აიკრძალოს, შეიძლება მხოლოდ სავარჯიშოდ გამოიყენონ!!!
გიორგი
12:50 04-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული