ეროვნული ლიგა. X ტურის წინ: მაისის მარათონიც იწყება!

AutoSharing Option
ამ ტურით მეორე წრე იწყება და სწორედ მისი დასრულების (24 ივნისი) შემდეგ გამოცხადდება ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი პაუზა. მანამდე ეროვნული ლიგის მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და მსაჯებს კვლავაც შემჭიდროებულ ვადებში მოუწევთ ოფიციალური მატჩების ჩატარება: აპრილის მსგავსად, მაისშიც 6 ტურია დაგეგმილი!

მეორე წრის პირველი ტურის ეპიცენტრი დასავლეთ საქართველოშია, სადაც X ტურის 4 მატჩი უნდა გაიმართოს. ტური კი, როგორც უკვე ტრადიციად იქცა ამ სეზონში, ამჯერადაც ორ დღეზეა გაწერილი და, ასევე ტრადიციულად, სხვადასხვა დროს იწყება.

X ტური დღეს აიღებს სტარტს და მართლაც საინტერესოა, სადამდე გაგრძელდება ამ
მატჩის მონაწილე გუნდების კონტრასტული სერიები...

* * *
ეროვნულ ლიგაში პირველმა წრემ "უცნაურად მშვიდად" ჩაიარა: სეზონის დაწყებიდან დღემდე, სამწვრთნელო გადაადგილება მხოლოდ ერთ გუნდში განხორციელდა! ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ გუნდში უკვე ორჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და მეორე წრის საწყის ტურში, გათამაშების აუტსაიდერს "შუქურას" ახალი მწვრთნელი გამოიყვანს მოედანზე: 48 წლის გიორგი დარასელია.

ამ უკანასკნელს არ სჭირდება წარდგენა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრის წინაშე: წარსულში მართლაც ჩინებულმა პლეიმეიკერმა სამწვრთნელო კარიერაც არანაკლებ წარმატებულად გააგრძელა (წლების განმავლობაში მუშაობდა ისრაელში), გარკვეული პერიოდი რუსეთშიც მოღვაწეობდა, საქართველოში კი სხვადასხვა დროს "დილას", "ტორპედოსა" და "ზუგდიდს" წვრთნიდა...

განსაკუთრებით წარმატებულად კი გიორგი დარასელიამ "დილაში" იმუშავა: 2012/13 წლების სეზონი გორელთა გუნდმა არცთუ სახარბიელოდ დაიწყო და "დილას" გაძღოლაც გიორგი დარასელიას ანდეს. ეს იყო დარასელიასათვის სადებიუტო სეზონი საქართველოს ჩემპიონატში მწვრთნელის რანგში.

თანაც, სადებიუტო მატჩი თბილისის "დინამოსთან" ელოდა და 2012 წლის 15 სექტემბერს გიორგი დარასელიას დამოძღვრილმა "დილამ" შეძლო და ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ირაკლი მოდებაძისა და სანდრო გურულის გოლებით 2:0 დაამარცხა!

აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა "დილამ" თბილისის "დინამოს" მოუგო! ანუ გორელი ქომაგები ამ დღეს 23 წელიწადი ელოდნენ...

თუმცა, მხოლოდ ეს არ ყოფილა დასამახსოვრებელი ფაქტი: "დინამოსთან" მოგების შემდეგ "დილამ" ზედიზედ 10(!) შეხვედრაში გაიმარჯვა. ეს კი მართლაც სარეკორდო მაჩვენებელი იყო: გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ" ზედიზედ დაამარცხა უმაღლესი ლიგის დანარჩენი თერთმეტივე გუნდი.

თუმცა, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: იმდროინდელი "დილას" წარუმატებელი სტარტი საქართველოს ჩემპიონატში ხომ იმითაც იყო განპირობებული, რომ გუნდი პარალელურად (თანაც - წარმატებულად) ევროტურნირებზე ასპარეზობდა და პორტუგალიური "მარიტიმუს" ბარიერი რომ დაეძლია, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდებოდა.

დღევანდელი "შუქურა" კი პირველი წრის შემდეგ ერთადერთ გუნდად რჩება ეროვნულ ლიგაში, ჯერ არც ერთი მატჩი რომ არ მოუგია; თანაც, ქობულეთელთა გუნდში ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია და ახალ მწვრთნელსაც სერიოზული მუშაობა მოუწევს სიტუაციის გამოსასწორებლად.

აღარაფერს ვამბობთ მეტოქის ფაქტორზეც: მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" ნელ-ნელა უახლოვდება ლიდერთა ჯგუფს და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული ლიგის წლევანდელ გათამაშებაში გია ცეცაძის დამოძღვრილმა "სამტრედიამ" პირველ წრეში სტუმრად ჩატარებულ ოთხივე მატჩში გაიმარჯვა. მსგავსი 100-პროცენტიანი შედეგი კი საგარეო მატჩებში არც ერთ გუნდს არა აქვს...

ეროვნული ლიგა. X ტური
4 მაისი
ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00
შუქურა-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
7: +1 =2 -4, 7:13
დისკვალიფიკაცია: დავით რაჟამაშვილი (სამტრედია)
პირველი წრე 1:1

5 მაისი
ქობულეთი. "ჩელე არენა". 15:00
კოლხეთი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
56: +7 =11 -38, 40:124
პირველი წრე 0:1

ბათუმი. სარაგბო სტადიონი. 19:00
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
28: +7 =7 -15, 29:40
დისკვალიფიკაცია: ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი)
პირველი წრე 1:2

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 17:00
დილა-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
13: +6 =4 -3, 22:12
დისკვალიფიკაცია: გიორგი ფოფხაძე (დილა) - ნიკოლოზ გელაშვილი (ჩიხურა)
პირველი წრე 0:0

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00
ტორპედო-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 9:5
პირველი წრე 0:1

ბომბარდირები:
ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) 10
მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბაჩანა არაბული (დინამო თბ) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა სირთულეებიც ახლავს ბურთან ურთიერთობას პლაჟის ფეხბურთში,დაახლოებით იგივეა ქობულეთის სტადიონის საფარი.სირცოდვილია და დასჯადია მაქ თამაში
კახა ქირია
17:59 04-05-2017
0
დხეს სჰუკურამ აუცებლად უნდა მოუგოს სამტრედიას ....
otar
17:15 04-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული