[კოტე გოგიშვილის აზრები] დაკარგული სამოთხე

AutoSharing Option
ბევრი კითხვა გაჩნდა მას შემდეგ, რაც "დინამოს" აკადემიაში "დარასელიას ტურნირი" დამთავრდა. ფერებს ნურავინ გავამუქებთ, მაგრამ რაკი ფეხბურთში ყველაფრის განმსაზღვრელი შედეგი და ტაბლოა...

აგერ, ბატონო - არ არის მთლად სახარბიელოდ საქმე.

ბუნებრივია, ერთი ცალკეული ტურნირი ყველაფრის განმსაზღვრელად ვერ გამოდგება, მაგრამ ერთ, უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ჩვენმა ფეხბურთმა დაკარგა საფუძველი! დაიკარგა ეზოს ფეხბურთის ფილოსოფია!

ნურავინ იჩქარებს და ნუ იფიქრებს, რომ ეზოს ფეხბურთი - ეს მხოლოდ კენჭებიანი მოედანი, ბონდო დოლაბერიძე და ხვედელიძეა, რომ თუკი ბავშვმა "ავანტიურისტი ქალის, მადამ დე პომპადურის" ამბავი
სათანადოდ ვერ ჩააჭიკჭიკა, მისგან აუცილებლად კარგი მეკარე დადგება.

არა, არც ეგრე სახუმაროდაა საქმე: ჩვენდა სამწუხაროდ, ფეხბურთი ბავშვებისთვის ვაქციეთ ერთგვარ სამსახურად - სადაც ისინი კვირაში ორჯერ ან სამჯერ დადიან და...

უყალიბდებათ ფილოსოფია და ფსიქოლოგია, რომლის საფუძველზეც ფეხბურთი მათთვის ემოცია, ხიბლი და სიამოვნების წყარო კი არა, მოსაბეზრებელი სამუშაოა, ფულის შოვნის საშუალება - გართობით კი შარდენზე, კაზინოში, სოციალურ ქსელებში ერთობიან.

ასეთი მენტალიტეტის ახალგაზრდა კაცი ვერასოდეს გაიგებს, თუ რატომ თქვეს უარი ათჯერ მეტ გასამრჯელოზე (მილიონებში რომ აისახება) NBA-ის მაგარმა ბიჭებმა - ზაზა ფაჩულიამ და დევიდ უესტმა - რათა მხოლოდ იმ გუნდში ეთამაშათ, სადაც სიამოვნებასაც მიიღებდნენ და გამარჯვებასთანაც ახლო იქნებოდნენ.

კიდევ უკეთესი, ქართველი მორაგბეების მიერ ირლანდიასთან ძალიან მაგრად ჩატარებული მატჩის შემდეგ, მავან ინგლისელს უთქვამს - თქვენებმა დაიჭირეს ის ემოცია, რომლის გარეშეც არსად არაფერი გამოდის და ყველაფერი ულამაზოაო...

არ შეიძლება, აქ გოგიტა გოგუას მაგალითი არ გაიხსენო კაცმა - როცა ერთი სეზონის მერე "თბილისიდან" იმხანად მომძლავრებულ შოტლანდიურ "ჰართსში" გადადიოდა და... დიდ რუსეთში გადავიდა - მისი არგუმენტი ბანალური იყო: ნათესავის ვალი ჰქონდა (როგორც "თბილისის" საშტაბოში ითქვა - 100 დოლარი) და "გაისამდე ვერ მოიცდიდა".

გახსოვთ სერ ალექსი და "იუნაიტედის" გასახდელში ნათქვამი ყველაზე მართალი საფეხბურთო სიტყვები? - "გადით მინდორზე და ისიამოვნეთ!"

მოკლედ, უამრავი მაგალითია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ფეხბურთში ვინც მუშაობს, ყველა ჭამს, მაგრამ იმარჯვებენ მხოლოდ ისინი, რომელთათვისაც ბურთის გორება სამუშაო კი არა, ჟინი და სიამოვნებაა.

და ახლა მთავარზეც:

ეზოს ფეხბურთის ფილოსოფია მარტივია და რაღაცით დარვინის კანონს მოგვაგონებს - აქ მიმდინარეობს ერთგვარი გადარჩევის პროცესი და მხოლოდ ძლიერები "გადარჩებიან".

საკმაოდ სახელგანთქმული ფეხბურთელებისგან გამიგია - გადმოგვიგდებდნენ ბურთს, გვათამაშებდნენ "ორ გოლს" და მიდიიი...

ასეთი პირობები რომ გვქონოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდაო...

არა, ბატონებო, არა!..

ზოგჯერ რაც მარტივია, გენიალურიც ის არის და სწორედ იმ "ორ გოლში" ჩნდება, ვინ ლიდერია და ვინ - შემცვლელი.
პატარა ბიჭებს უტყუარი ალღო აქვთ - ლიდერს შეუმცდარად გამოარჩევენ ხოლმე. დავატრიალოთ გონებაში წარსულის ფირი. ჩვენს ბავშვობაშიც ასე არ იყო?

ის, ვისაც ავტორიტეტად აღიარებდნენ, თითქმის ყველაფერი ეპატიებოდა, ვერც შეუყვირებდა ვინმე და პასსაც უმეტესად მას აძლევდნენ, შედარებით სუსტები და ნაკლებად ძლიერი ხასიათის მქონენი კი მინდვრის გარეთ ელოდებოდნენ თავის რიგს - ეგება, ვინმეს ფეხი გადაბრუნებოდა ან შინ მიეხმოთ...

"ეზოს ფეხბურთი" საუკეთესო საშუალება იყო პირადი პრობლემების მოსაგვარებლადაც - მოხერხებულად დადებული ფეხი, სწორად ჩადგმული კორპუსი, ან "შემთხვევით" მირტყმული ფეხი, არა მარტო ფარულად შენიღბული შურისძიება იყო, არამედ - საფეხბურთო აზროვნების ერთგვარი გამოვლინებაც.

და კიდევ: ეზოში ბურთის გორებისას, ყველა იყენებდა იმ უპირატესობას, რომლითაც ბუნებამ დააჯილდოვა - სისწრაფეს, ჯანს, კოორდინაციას, რეაქციას, ნახტომს, გრძელ კიდურებს...

ტყუილად არ დადიოდა სკოლა-სკოლა უფროსი მიხეილ მესხი, როცა "ავაზას" ქმნიდა და როგორც კი ნახავდა, მავანი ბიჭი ბურთს ხეირიანად, აზრიანად გამოიტანდა საჯარიმოდან (ოღონდ, არ მოიცილებდა), თავისთან იბარებდა.

ის დიდი ფეხბურთელი იყო, მანამდე კარგადაც ჭიდაობდა, სპორტის, შეჯიბრის არსი ესმოდა და კარგად იცოდა, რომ ბურთის მოცილება კი არა, სწორედ საჯარიმოდან ხეირიანად, აზრიანად გამოტანა იყო მაჩვენებელი იმ ალღოსი თუ ბუნებრივი მონაცემისა, რომლის გარეშეც ფეხბურთელებად ვერ ყალიბდებიან.

ახლა კი უცხოურ მიდგომას რაც შეეხება. ბავშვები ფეხბურთში სადღაც 8 წლისა შეჰყავთ და 12-13 წლამდე აცლიან - არ ამუშავებენ, ათამაშებენ ზემოხსენებულ "ორ გოლს" და აკვირდებიან, ეძებენ მათში სწორედ იმ ლიდერებს, რომლებიც მერე მარტო ბუნებრივი კი არა, შრომის ნიჭის საფუძველზე ვარსკვლავებად იქცევიან და კარიერის ბოლომდე ვერ "ძღებიან" ფეხბურთით.

ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გულისტკივილი გიორგი ქინქლაძეა - მან "სადღაც, რაღაც დააკლო" საქმეს...
მე კი მისი მხცოვანი მეზობლის მონაყოლი ვიცი - როგორ ვარჯიშობდა გიო ლამის მთელი დღეები ეზოში, კედელთან...

ფეხბურთში მზა რეცეპტი ამა თუ იმ ვარსკვლავის ჩამოსაყალიბებლად არ არსებობს. მაგრამ ფილოსოფია, აქ ეზოსი რომ დავარქვით, არ იცვლება.

ვაცადოთ, ჯერ ითამაშონ ბიჭებმა, ფეხბურთს, გამარჯვებას, ჟინს გემო გაუგონ, მოიწამლონ ფეხბურთით, გამოარჩიონ ერთმანეთში ლიდერები და აუტსაიდერები და მერე ვასწავლოთ ის ყველაფერი: ტაქტიკა, სტრატეგია, სქემა და ათასი სხვა რამ. ნუ ვუქცევთ ფეხბურთს სამუშაოდ - სულ სამი-ოთხი წელი ვაცადოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორედ ამ ტურნირის მიმდინარეიბისას ავღნიშნე,გავიხსენე იტალიის ტვ-ით იტალია-ხორვატიის მატჩის შემდეგ მიმოხილვაში იტალიელები შუკერთან დაინტერესდნენ ,რა არის მიზეზი,რომ პატარა ხორვატიაში მეტი ტალანტია,ვიდრე მოსახლეობით 15-ჯერ დიდ იტალიაში-შუკერმა უპასუხა,რომ ხორვატიაში ჯერ კიდევ თამაშობენ ეზოში ფეხბურთს
....კიდევ ერთს ავღნიშნავდი-იტალიის ,,ინტერის,,16 წლის ბიჭები- ,ყველა ლამის დონატელოს,,დავითის,,სკულპტურაა და თან პლასტიკაც საკმაოდ კარგი....ჩვენთან პრობლემა ყველას აქვს.ფიტნესი!....სისწრაფით ტრადიციულად გამოირჩეოდნენ კიევის დინამოელები...
ზაზა
12:16 07-05-2017
0
სტრატეგიას და ტაქტიკასაც თვითონ კარგათ გაიაზრებენ პატარები თუ აცლიან.ვეთანხმები ავტორს.და კიდო თუ 80% მწრთვნელებს მოაშორებენ ბავშვებს დაროგორც Гаи -ს რეფორმას გაიმეორებენ შედეგი მალე გვექნება.
გიორგი
13:04 07-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული