ქუთაისის "ტორპედო": უეფას ლიცენზია და აუქციონზე ინფრასტრუქტურის გარეშე

AutoSharing Option
"უსანქციოდ და ყოველგვარი შენიშვნის გარეშე ჩვენს კლუბს უეფას ლიცენზია მიენიჭა", - ეს ინფორმაცია ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურმა გაავრცელა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, ამ ლიცენზიით კლუბმა 2017/18 წლების სეზონში უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად დაიმტკიცა...

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი არ არის ისეთი კლუბი, ლიცენზირების საერთაშორისო მოთხოვნებს რომ პასუხობდეს. უმრავლესობას ისიც კი აკმაყოფილებს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას რომ იღებს. არადა, სწორედ მინიმალისტური დამოკიდებულება არის ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რის გამოც ჩვენი კლუბები ვერ ვითარდებიან.

ქუთაისის "ტორპედო" კი ის გამონაკლისია, რომელიც მეორეობასა და
ადგილობრივ მასშტაბს არ კმაყოფილდება და მუდამ ევროპისკენ აქვს მზერა.

"ტორპედო" საქართველოს თასის მოქმედი მფლობელია და წლევანდელ სეზონში დიდი ამბიციები აქვს. ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გუნდი ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე" გამართავს. თუმცა მანამდე რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი. თუნდაც, მოედნის საფარი, რომელიც აუცილებლად გასაუმჯობესებელია.

"ლელო" ამ საკითხით დაინტერესდა, რადგან ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თქვა, რომ მოედნის საფარი მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი გამოსწორება მოითხოვა.

როგორც შევიტყვეთ, იყო ჩანაფიქრი, გაზონი იანვარში შეეცვალათ, რათა 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ახალი მოედანი ყოფილიყო. ვიდრე "ტორპედო" თურქულ შეკრებაზე იყო, საფარს აგრონომებმა უმკურნალეს და მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მის მთლიანად შეცვლას კი დიდი დრო სჭირდება. ამ შემთხვევაში, "ტორპედოს" საშინაო მატჩების ჩატარება სხვა ქალაქში მოუწევდა.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში კლუბი აუქციონზე უნდა გაიყიდოს, ხოლო სტადიონი ქუთაისის მერიას გადაეცეს, რომელიც საფარის შეცვლას სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს.

ტენდერზე ცალკე უნდა ვთქვათ: ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის "ტორპედოს" აქტივები შეაფასა - გავრცელებული ცნობით, აუქციონზე მის საწყის ფასად 600 ათასი ლარი გამოცხადდა. ზუსტი ციფრი ოდნავ ნაკლებია - 584 ათასი ლარი. ახლა ქუთაისის მერიამ აუქციონის დღე უნდა დანიშნოს. როგორც შევიტყვეთ, შესაძლოა, ეს შემდეგ კვირაშიც მოხდეს.

დავაზუსტოთ, რომ აუქციონზე გაიყიდება ქუთაისის "ტორპედოს" სახელი და არა კლუბის მიერ გამოყენებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა - რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საღორიის ბაზა ცალკე თემაა.

"ტორპედოს" სტადიონი, საღორიის ბაზა და ადმინისტრაციის შენობა კლუბის ყოფილმა მეპატრონემ, კომპანია "ვისოლმა", 7 მილიონ ლარად შეაფასა. თუმცა, საკითხი ექსპერტებმა თავიდან შეისწავლეს და უძრავ-მოძრავი ქონებით "ტორპედოს" ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ლარით განისაზღვრა.

რეალურად, კლუბის შესყიდვის მსურველ ზაალ ჩაჩავას ეს ზედმეტ ხარჯადაც დააწვება. ბევრად უფრო მდიდარ ევროპულ ქვეყნებში სტადიონებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ინახავენ და ჩვენს შემთხვევაშიც ეს უფრო ლოგიკური იქნება, რადგან დიდი არენების შენახვა დიდი ხარჯია. სხვა თემაა, ინფრასტრუქტურა კერძო ბიზნესს სიმბოლურ ფასში თუ გადაეცემა, მაგრამ ახლა ასე არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" შეძენას ბიზნესმენი ჩაჩავა აპირებს, რომელიც 2016 წლის 23 ივნისს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელად დაინიშნა, მაგრამ იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო, დეკემბერში "ტორპედო" დროებით დატოვა. ქუთაისის მერიამ კლუბის აუქციონზე გატანა სწორედ ამის მერე გადაწყვიტა.

საინტერესოა, რომ ჩაჩავა დღემდე პრეზიდენტად რჩება და "ტორპედოს" ფინასურად ეხმარება.

ახალგაზრდა ბიზნესმენს ქუთაისში უფასო აკადემიის აშენება და ყოველწლიურად "ტორპედოს" საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსება სურს. თუ კლუბი კერძო საკუთრებაში გადავა, ქუთაისის მერიას 2 მილიონი ლარი გამოუთავისუფლდება, რაც სახელმწიფო სტრუქტურას ხელს უნდა აძლევდეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
იმდენად უინტერესო ჩემპიონატი გვაქვს არც ვიცი რა ვთქვა
koka
06 მაისი 2017 13:14
0
investorebis rigi dgas stadionis hihkartan xo???
S.P
06 მაისი 2017 12:09
0
რა ვერ გაიგე?
ტორპედოს ბრენდი ღირს 6 მილიონი და არა 600 000.
აი მასეთ დაბალ ფასად რომ იყიდება იმიტომ გიკვირთ, 6 მილიონად კი კანონზომიერი იქნებოდა და არაფერიც გაგიკვირდებოდა.
შეეკითხე პროფესიონალ სპორტის ბრენდმასტერებს და პიარ ტექნოლოგებს თუ რა ღირს ტორპედოს ბრენდი და მერე ეს კითხვა არ გექნება,დღეს კი მისი გაჩუქება მიდის ფაქტიურად.
fsiuuu-s
06 მაისი 2017 11:24
0
fsiuuu ახალი გუნდი რომ შექმნას და სხვა სახელი დაარქვას ის გუნდი მესამე ლიგიდან დაიწყებს თამაშს და რამდენი ხანი უნდა ელოდოს უმაღლესში გადასასვლელად? ან რომელი ნორმალური ფეხბურთელი მოვა მესამე ლიგაში სათამაშოთ?
ზურა
06 მაისი 2017 11:06
0
კი გასაგებია რომ ტორპედო ბრენდია მაგრამ 600 ათასი მხოლოდ სახელში რა უბედურებაა,სტადიონის და ბაზის გარეშე დაარქვას თვითონ ჩაჩავამ რამე ნებისმეირი სახელი და მხოლოდ შპს-ს გადასახდელი მოუწევს თუ მასეა. ვერ ვხვდები რა ხდება საერთოდ.
fsiuuu
06 მაისი 2017 02:55
0
ვისოლმა 7 მილიონად შეაფასაო რომ წერია, ანუ სტადიონი და ბაზა ახლა ვისოლის საკუთრებაშია თუ მერიის ?
mainteresebs
05 მაისი 2017 21:49
0
tu gunds kidit stadionait bazit tavis ifrastukturit unda gaikidos daedos raluri fasi stadioni 2milioni baza 7 milioni sul 12milonshi gakidos da da chadebuli ines muxlshi 100clis mandilze gunds ar dashlis da stadions ar dagrevs,ise gakidvas ra azri aqvs goric gaikida ra azeriaqvs ustadinod gakidva arvici,arceti jkviani bizmesmeni fuls hEARSHI FULS AR GADAKRIS
ramazi
05 მაისი 2017 16:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული