"მესიმ თვეში მხოლოდ 1000 ლარი რომ მოითხოვოს, იმასაც ვერ ავიყვანთ"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში საინტერესო განცხადებები გააკეთა:

"სათასო მატჩების ჩათვლით, 9-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, 4 თამაში ზედიზედ მოვიგეთ, მათ შორის, ძალიან პრინციპული - "სამტრედიასთან" თასის მერვედფინალში. თამაშები ყოველ მეოთხე დღეს იმართებოდა. "სამტრედიასთან" სათასო პაექრობამ ძალიან დიდი ენერგია წაიღო, ვარჯიშებზეც იგრძნობოდა, რომ გუნდი გადაღლილი იყო და ბოლომდე აღდგენას ვერ შეძლებდა, მაგრამ რა უნდა გვექნა? ხომ უნდა გვეთამაშა?

ქუთაისელმა გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან უყვარს ფეხბურთი. სტადიონზე მაყურებელი მატჩიდან მატჩამდე მატულობდა. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის -
ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ კი ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ლამაზი თამაში ვაჩვენოთ", - ამბობს კახა ჩხეტიანი.

მისი თქმით, ცხრილში უკეთეს პოზიციაზე ყოფნაც შეიძლებოდა:

"...მაგრამ იყო ბევრი ხელისშემშლელი გარემოება - ტრავმები, საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი პროცენტი... ანალიზმა გვიჩვენა, რომ საგოლე მომენტების 50 პროცენტის გამოყენებას ვერ ვახერხებთ.

ტრავმირებულებს რაც შეეხებათ: ბიძინა მახარობლიძეს ოპერაცია ესაჭიროება და დაახლოებით 6 თვე გაუცდება. ის ჩვენთვის დიდი დანაკლისია.

პირველ წრეში 15 ქულა დავაგროვეთ, მეორეში მეტი უნდა შევძლოთ. თამაშის ხარისხთან ერთად, შედეგიანობაც უნდა გავაუმჯობესოთ".

ჩხეტიანმა სინანულით ილაპარაკა იმაზე, თუ რატომ ვეღარ აწინაურებენ ახალგაზრდა ქუთაისელ ფეხბურთელებს ძირითად შემადგენლობაში:

"დიდი სურვილი მაქვს, გუნდის ძირითადში ახალგაზრდები თამაშობდნენ, ოღონდ მათ ეს უნდა დაიმსახურონ, შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ და დაამტკიცონ, რომ უფროსებს კონკურენციას გაუწევენ. ჩვენი კარი ყველა ნიჭიერი მოთამაშისთვის ღიაა.

დედაქალაქურ გუნდებს - "დინამოს", "ლოკომოტივსა" და "საბურთალოს" საკუთარი აკადემიები აქვთ. მათ ეს საქმე 12-15 წლის წინათ დაიწყეს და ახლა შედეგსაც იმკიან. ისინი 80 პროცენტით უკვე საკუთარი აკადემიის ბიჭებით არიან დაკომპლექტებულები, მათ არასდროს ექნებათ ასაკობრივი წყვეტა, ყოველთვის ეყოლებათ ნიჭიერი თაობები... ამისთვის მუშაობენ სელექციონერები და თუ სადმე ნიჭიერი ბავშვია, თბილისში მიჰყავთ, მათ შორის - ქუთაისიდანაც.

აკადემიის არარსებობის გამო ჩვენგან ბევრი ნიჭიერი ბავშვი წავიდა. სათანადო პირობები ქუთაისშიც უნდა იყოს და ბავშვთა ფეხბურთს დიდი ყურადღება მიექცეს. კლუბი აუცილებლად უნდა განვითარდეს. მთავარი გუნდიც კი ისეთ მოედნებზე ვარჯიშობს, სადაც ძნელია ზოგიერთი ტაქტიკური ვარჯიშის ჩატარება.

რამდენადაც ვიცი, კლუბში ზაალ ჩაჩავას მოსვლა თითქმის გადაწყვეტილია. მოსაგვარებელია მხოლოდ იურიდიული საკითხები და ვფიქრობ, ამის შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება".

"ტორპედო" ზაფხულში ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჩხეტიანის თქმით, ახალწვეულების ასაყვანად კლუბს ფული არ აქვს:

"თუ ყველა კლუბს კერძო მეპატრონე ეყოლება, ეს გუნდების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ჩემპიონატის დაწყებამდე ძალიან გვინდოდა რამდენიმე ფეხბურთელის დამატება, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შევძელით. მადლობის ღირსი და დასაფასებელია ყველა ის პიროვნება, ვინც აქამდე აფინანსებდა კლუბებს და ახლაც აფინანსებს...

ეროვნულ ლიგაში ერთადერთი კლუბი "ტორპედოა", რომელსაც ლეგიონერი არ ჰყავს. ძალიან მომწონს, რომ ქართულ კლუბებში კარგი ლეგიონერები გამოჩნდნენ და გუნდები ნამდვილად გააძლიერეს.

მაგრამ ჩვენთან ახლა ისეთი ფინანსური მდგომარეობაა, მესიმ თვეში მხოლოდ 1000 ლარი რომ მოითხოვოს, იმასაც ვერ ავიყვანთ. მაშინაც კი, როცა კლუბს ზაალ ჩაჩავა ჩაიბარებს, ხელაღებით ლეგიონერის მოყვანა სარისკო იქნება. ჩვენ იმის დროც არ გვექნება, რომ მას შანსი მივცეთ.

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, თუ შესაძლებლობა მოგვეცა, 3-4 ქართველი ფეხბურთელით მაინც გავძლიერდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ დილით ევრონიუსმა გადმოსცა...მესის შემოუთვლია ჩხეტიანისთვის,თქვენ ოღონდ ამიყვანეთ და ხუთასზეც თანახმა ვარო...
ქუთაისი
15:22 09-05-2017
0
თქვენ აიყვანეთ და 1000 ლარს გულშემატკივრები შეუგროვებენ ყოველ თვე.....
zaza
16:06 09-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული